ბრძანება N 11623

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 11623
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11623

27 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2026 წლის 3 აპრილის, 6 აპრილის და 8 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილის (ოქმი №32) და 21 მაისის (ოქმი №41) სხდომებზე განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2026 წლის 3 აპრილის №CA00412606108937 (რეგ. №55101/21), 6 აპრილის №CA00412606248942 (რეგ. №56595/21), და 8 მაისის №CA00412608204532 (რეგ. №76730/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5292 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5292 ბრძანების აღსრულებას, ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგების ხელახალ, სრულყოფილ და ობიექტურ გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ სრულად უნდა იქნეს შესწავლილი და გათვალისწინებული რეალური, ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, რომლებიც ასახულია ფორმა 2-ში, ხარჯთაღრიცხვაში, სამშენებლო მასალების ჩამონათვალში, გადახდის დოკუმენტებში, ქვითრებში, საბანკო ოპერაციებში, საჯარო რეესტრისა და სხვა მასალებში. განმარტავს, რომ მრავალბინიანი სახლის მშენებლობა ობიექტურად მოითხოვდა მნიშვნელოვანი მოცულობის სამშენებლო, საინჟინრო, ტექნიკური, სარემონტო და ადმინისტრაციული ხარჯების გაწევას, შესაბამისად, დაუშვებელია ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრა აღნიშნული ხარჯების ასახვის გარეშე.

გადასახადის გადამხდელი ასევე, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შემოწმება არ გაიზიარებს ან სრულად ვერ მიიჩნევს ყველა რეალურ ხარჯს, ალტერნატიულად ითხოვს სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული 75%-იანი ხარჯის მიდგომის გამოყენებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ შპს „----------“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების რეალიზაცია ცალკე უნდა შეფასდეს და არ უნდა ჩაერთოს ინდივიდუალური მეწარმის ერთობლივ შემოსავალში.

გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა შემოწმებისას დაფიქსირებულია სხვა ხარვეზებიც, რომელთან დაკავშირებითაც მზად არის ეთანამშრომლოს შემოწმებას და წარუდგინოს შესაბამისი არგუმენტაცია და დოკუმენტაცია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16662 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №32009 ბრძანება და ამავე თარიღის №002–230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 743 224 ლარი, მათ შორის გადასახადი 434 209 ლარი, ჯარიმა 149 598 ლარი და საურავი 159 417 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 იანვარს წარდგენილ იქნა საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5292 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

„1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5292 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5292 ბრძანების აღსრულება

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5292 ბრძანების აღსრულება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.