ბრძანება N 10888
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10888
16.05.2023
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ----------- (პასპ/ნ ---------)
(მის.: ---------------)
2023 წლის 20 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა ----------- (პასპ/ნ --------) №655344 (№80481/1/2023) საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 აპრილის №EL206375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ წონებს შორის განსხვავება გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების ავზში განთავსებული საწვავის გამო.
ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერეციის მხრიდან შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე -------- (--------, პასპ. №--------) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით (თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით ----------). თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ყაზახეთიდან თურქეთის დანიშნულებით გადაიზიდებოდა 22 030 კგ. ხორბლის ფქვილი (400 ტომარა).
ავტოსატრანსპორტო საშუალება წონის კონტროლის მიზნით, გაშვებულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში არსებულ სასწორზე. აწონვის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების და ტვირთის საერთო წონამ შეადგინა 37 100 კგ. დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდებოდა 879 კგ. არადეკლარირებული ტვირთი (37100 – 5740 - 8451 – 22030 = 879) .
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირი ------------ მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (ხორბლის ფქვილი) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 აპრილს შედგენილ იქნა №EL206375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (879 კგ. არადეკლარირებული ტვირთი - ხორბლის ფქვილი) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად მიეთითება მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი.
დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) არის ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით. ამდენად, საქონლის წონის გამოთვლისას, საქონლით დატვირთული მანქანის წონას დააკლდება დაუტვირთავი მასა (საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---------- (პასპ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ წონებს შორის განსხვავება გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების ავზში განთავსებული საწვავის გამო.
ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით. თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ყაზახეთიდან თურქეთის დანიშნულებით გადაიზიდებოდა 22 030 კგ. ხორბლის ფქვილი (400 ტომარა). აწონვის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების და ტვირთის საერთო წონამ შეადგინა 37 100 კგ. დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდებოდა 879 კგ. არადეკლარირებული ტვირთი.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (ხორბლის ფქვილი) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 27(1), 70(1), 163(1), 168(4).