გადაწყვეტილება №18860/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18860/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18860/2/2023

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 13.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18860/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის (სალაროს ნაშთის დანაკლისის) დირექტორზე სახელფასო განაცემად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №001-500 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16738 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 489 206 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 263 935

დღგ - 137 606

საშემოსავლო გადასახადი - 126 329

ჯარიმა - 131 968

საურავი - 93 303

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ცხოველების საკვებით და სხვა საქონლით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 24.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის №41735 ბრძანება და ამავე თარიღის №001-500 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 27.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.11.2022 წლის №17211/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №001-500 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანია აღრიცხვას ყოველდღიურად აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში, კერძოდ საქონლის ჩამოწერა ხდება რეალიზაციის ყოველ ოპერაციაზე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე. კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით, რასაც არ ეთანხმება, რადგან არ სრულდება აღნიშნული მუხლის არცერთი მოთხოვნა. იგივე საფუძვლით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის დანაკლისი ჩაითვალა დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა არასწორად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. 29.03.2021 წ. მთავარ აუდიტორს გაეგზავნა მეილზე პროგრამა ორისის ასლი. 12.04.2021 წელს კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, 9.12.2021 წელს 2018-2021 წლების პროგრამის ასლი ხელმეორედ გაეგზავნათ აუდიტორებს. ამავე წლის 10 დეკემბერს გამოუგზავნეს „ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვის ფორმები“ (ფორმა №16), რომელიც წარადგინა 22.12.2021 წელს და ხელი მოაწერინეს 27 დეკემბერს. უთხრეს, რომ მეორე დღეს გადააგზავნიდნენ შემმოწმებლებთან. შესაბამისად წლის ბოლომდე ვერ მოხერხდებოდა საფუძვლიანად დოკუმენტაციის რევიზია, ანუ ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა 4 წლის მასალის ორ დღეში შესწავლა. ითხოვს საჩივრის განხილვისას ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებას და საგადასახადო აქტით დარიცხული თანხის კორექტირებას.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 29.12.2021 წლის №41735 ბრძანება, ამავე თარიღის №001-500 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16738 ბრძანება 19.07.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.11.2022 წლის №17211/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნულ სადავო საგადასახადო მოთხოვნაზე არსებობს დავების განხილვის საბჭოს 17.11.2022 წლის №17211/2/2022 გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.