გადაწყვეტილება №18511/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18511/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18511/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 21.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18511/2/2022).

 

დავის საგანი:

სესხისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გაცემული თანხებზე პროცენტის სახით მიღებული სარგებლის დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №045-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30097 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 18 357,39 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 11 335,5

ჯარიმა - 4 654

საურავი - 2 367,89

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილისა და დადგენილების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელი სესხისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გასცემდა თანხებს პროცენტის დარიცხვით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს წარდგენილი არ აქვს 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით,გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საჯარო რეესტრში არსებული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით. კერძოდ, შესწავლილ იქნა სესხის გაცემისა და დაბრუნების (შეწყვეტის) პერიოდები, გასესხებული და დაბრუნებული თანხების ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციები გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში პროცენტის სახით მიღებული სარგებელი სულ შეადგენს 48 380 ლარს, საიდანაც 2019 წელს მიღებულია 5 175 ლარი, 2020 წელს 21 090 ლარი, 2021 წელს 20 274 ლარი და 2022 წელს 1 841 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 81-ე, მე-100, 102-ე, 136-ე და 138-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №045-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30097 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 136-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 138-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება, რომ პროცენტის სახით მიღებული სარგებელი შეადგენს 48 380 ლარს, საიდანაც 2019 წელს მომჩივანს მიღებული აქვს 5 175 ლარი, 2020 წელს 21 090 ლარი, 2021 წელს 20 274 ლარი და 2022 წელს 1 841 ლარი. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. თუ მოხდებოდა სწორად დაანგარიშება და მოწმეების ჩვენებების გადახედვა ნათელია, რომ მოწმე (რომელიც სისხლის სამართლის საქმეზეა დაკითხული) "------- - თან " გაფორმებული 4.07.2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად რომც ჩათვალოთ რომ იყო პროცენტიანი გაცემული თანხის 33 511 ლარიდან 27 დღეში ვერანაირად ვერ მოხდებოდა 5 940 ლარის გადახდა, ვინაიდან ხელშეკრულება გაუქმდა 31.08.2020 წელს. 27 დღეზე 904 ლარია. (33 511 * 3%). არასწორი ციფრების მითითებით გაიზარდა საგადასახადო ვალდებულება 5 940 ლარით, რაც არასწორია და უნდა გასწორდეს. ასევე შესაძლებელია სხვა მოწმეებთან მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი სესხისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გასცემდა თანხებს პროცენტის დარიცხვით. ხოლო, მის მიერ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები წარდგენილი არ არის. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საჯარო რეესტრში არსებული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების და გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.