ბრძანება N 4353

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.02.2026
№ დოკუმენტი 4353
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4353

25 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2026 წლის 30 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №100491/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №001-325 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების რეალიზაცის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები და სპეც. დანიშნულების ტექნიკა. KAMAZ 6520 მარკის სატვირთო ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ------- საწარმოს მიერ რეალიზებულია ფ/პ ------- და შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრ თანხად, დღგ-ის გარეშე ნაცვლად 15 400 ლარისა განსაზღვრულია 57 119 ლარი. აცხადევს, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირთან კომპანიას გაფორმებული აქვს სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის აქტი, რომლის შესაბამისადაც, მხარეთა შეთანხმებით, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 15 400 ლარი. ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზაც გაანგარიშებულია 57 119 ლარიდან. აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული და ორმხრივად ხელმოწერილი ნასყიდობის აქტი, რომელიც წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმებამ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნულ დოკუმენტში ასახული თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხსენებული ოპერაციის ფარგლებში დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება შემცირებას, ნასყიდობის ფასის გათვალისწინებით.

შემოწმებით ასევე დაბეგრილ იქნა ფ/პ ------- 15 000 ლარად რეალიზებული FORD RANGER მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -------. აღნიშნული წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს და შესაბამისად, არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე და 173-ე მუხლებზე და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ რეალიზებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებულ მსუბუქ ავტომობილის და გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებით კომპანიის ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები. შპს „-------“ წარმოადგენს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო ავტომობილები, სპეც. სამშენებლო ტექნიკა, მსუბუქი ავტომობილები და სხვა) ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით დამკვეთებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა. კომპანიის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს შესყიდვის გზით დასაკუთრებულს, გარკვეული ნაწილი კი, მიუხედავად იმისა, რომ ბალანსზე ძირითად საშუალებად არის აღრიცხული, არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, ლიზინგით არის მესამე პირისგან მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, როგორც წესი ლიზინგით მიღებული აქტივები ექვემდებარება ძირითად საშუალებად აღიარებას მიმღებთან და შესაბამისად, მოცემული ნორმის მიხედვით წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, რეზიდენტი პირისაგან ლიზინგით მიღებული ქონება არ ექვემდებარება დაბეგვრას, ვინაიდან მასზე ლიზინგის მიმღებისთვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი. აცხადებს, რომ ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაბეგრილია კომპანიის მიერ რეზიდენტი პირისგან ლიზინგით მიღებული სატრანსპორტო საშუალებებიც. ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ კომპანიის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული, რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული, სატრანსპორტო საშუალებები არ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას.

. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შენობა-ნაგებობების იჯარის მომსახურების უსასყიდლო მომსახურებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შპს „-------“ საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო ავტომობილები, სპეც. სამშენებლო ტექნიკა, მსუბუქი ავტომობილები და სხვა) ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით დამკვეთებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა. ------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არ იყო თავიდანვე გათვალისწინებული კომპანიის ძირითადი საოპერაციო საქმიანობის ფარგლებში გამოსაყენებლად, ვინაიდან შენობა - ნაგებობი წარმოდგენდნენ სპეციფიკური დანიშნულებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოსაყენებლ აქტივებს. ------- და შპს „-------“ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ წარმოადგენდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოს და შესაბამისად, საქმიანობის დაწყების საწყის პერიოდში მისი მხრიდან ადგილი ვერ ექნებოდა ხსენებული შენობა-ნაგებობების სრულად გამოყენებას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით განისაზღვრა საწყისი ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“, 2022 წლის 1 ივლისამდე, რომელიც შემდგომში მხარეთა შეთანხმებით დამატებით გახანგძლივდა 2023 წლამდე. ხსენებული შეთანხმებით, შპს „-------“ ვალდებულებას იღებდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გასვლის შემდგომ მინიმუმ 5 წლის ვადით გაეფორმებინა სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულება ან ამავე ვადაში შეესყიდა აღნიშნული შენობანაგებობები ------- წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „-------“ წარმოეშვებოდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ კუთვნილი საიჯარო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. შპს „-------“ და შპს „-------“ ნამდვილად წარმოადგენენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შპს „-------“ 50%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს გარეშე მესამე პირი და შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულების არსებობის პირობებშიც კი ვერ მიიღება ერთპიროვნულად გადაწყვეტილება ერთი მხარის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის არსებობს ურთიერთდამოკიდებულება უპირობოდ არ მიანიშნებს, რომ მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობამ გავლენა მოახდინა გარიგების შინაარსზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების არსი შესაბამისობაშია არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დადებული გარიგების პრინციპებთან.

აცხადებს, რომ დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მხოლოდ მაშინ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, როდესაც ის ხორციელდება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით და შესაბამისად, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას. შპს „-------“ და შპს „-------“ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, განისაზღვრა საწყისი ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“, თუმცა მეორეს მხრივ ხსენებული შეთანხმებით, შპს „-------“ ვალდებულებას იღებდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გასვლის შემდგომ მინიმუმ 5 წლის ვადით გაეფორმებინა სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულება ან ამავე ვადაში შეესყიდა აღნიშნული შენობა-ნაგებობები -------. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „-------“ წარმოეშვებოდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ კუთვნილი საიჯარო თანხის ანაზღაურების ვალდებულება.ზემოთხსენებული გარიგების შინაარსი ნათლად მიუთითებს, რომ ------- მიზანს წარმოადგენდა მომავალში ფასიანი საიჯარო კონსტრაქტის ან/და ნასყიდობის შეთანხმების გაფორმება, რაც უზრუნველყოფდა დამატებითი შემოსავლის მიღებას. ამასთან, მხარეთა შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებული იყო ------- მიერ შემოსავლის მიღების გარანტიები იმ შემთხვევაში თუ ადგილი აღარ ექნებოდა შპს „-------“ მიერ საკომპენსაციო თანხის გადახდის პირობით კონტრაქტის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მონაკვეთში, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე ადგილი ჰქონდა ------- მიერ შენობა-ნაგებობების სარგებლობაში გადაცემას, მის მიზანს წარმოადგენდა მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღება, რაც დასტურდება 2025 წელს მხარეთა შორის აღნიშნული შენობანაგებობის მიწოდების ოპერაციის განხორციელებით.

მიაჩნია, რომ ე.წ. „შეღავათიანი“ პერიოდი არ უნდა იქნეს შეფასებული და განხილული როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია და მისი შეფასება უნდა განხორციელდეს ერთიანი გარიგების ჭრილში, მხარეთა შორის შემდგომში გაფორმებული საიჯარო მომსახურების და შენობა-ნაგებობის მიწოდების ოპერაციებთან ერთად. ყოველივე ზემოთ ხსნებეულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შპს „-------“ მიერ შპს „-------“ შენობა-ნაგებობების ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემა განხორციელდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, საქმიანობისგან განსხვავებულ მიზანს არ ემსახურებოდა. შესაბამისად. აღნიშნული ოპერაცია არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ნოემბრის №26214 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 4 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 31 დეკემბერს გამოსცა №29055 ბრძანება და ამავე თარიღის №001-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 360 911 ლარი, მათ შორის, გადასახადი 165 967 ლარი, ჯარიმა 82 170 ლარი და საურავი 112 774 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები და სპეც. დანიშნულების ტექნიკა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი ტექნიკის და ტრანსპორტის ნაწილი არ არის აღრიცხული და დეკლარირებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხები დაემატა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. ამასთან, აღნიშნულის შედეგად მიღებული/მისაღები თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2020 წელს, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კონტრაქტორის მეშვეობით აშენებულია შენობა-ნაგებობები, საერთო ღირებულებით 2 730 000 ლარი, რაც დადასტურებულია შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2021 წლიდან შეძენილია შპს „-------“ მიერ. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და შესაბამისი ქონების გადასახადის დეკლარაციები. შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობები არ არის ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში ძირითად საშუალებებად, შესაბამისად, არ ირიცხება საწარმოს ბალანსზე. ამასთანავე, მათი ღირებულება არ არის ასახული ქონების გადასახადის შესაბამის დეკლარაციებში. აღნიშნული ქონება ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია იჯარით. შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით ბალანსზე ასახული ძირითადი საშუალებების ღირებულებების დასაბეგრი ბაზა აღემატება ქონების გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზას.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხება ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2020 წელს, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კონტრაქტორის მეშვეობით აშენებულია შენობა-ნაგებობები, საერთო ღირებულებით 2 730 000 ლარი, რაც დასტურდება შესაბამისი ელექტრონული ანგარიშფაქტურით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2021 წლიდან შეძენილია შპს „-------“ მიერ. შემოწმებით დადგინდა, რომ 2023 წლის პირველ ივლისს შპს „-------“ და შპს „-------“ (ს/ნ -------) შორის გაფორმებულია კომერციული საქმიანობის მიზნით უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნულ ოპერაციებზე ყოველთვიურად გამოიწერებოდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, დადგინდა, რომ 2025 წლის აპრილიდან აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულია შპს „-------“. მიუხედავად ამისა, იჯარისა და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ფაქტობრივი ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შპს „-------“ და შპს „-------“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით. შპს „-------“ რეგისტრირებულია და ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2021 წლის აპრილიდან, ხოლო ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის საქმიანობას.

შემოწმებით, შპს „-------“ მიერ გაცემული იჯარა, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის ნაცვლად, საგადასახადო მიზნებისთვის ჩათვლილია 2022 წლიდან გაცემულად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების გათვალისწინებით დარიცხულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 173- ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები და სპეც. დანიშნულების ტექნიკა. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, რომლითაც დგინდება, რომ რეალიზებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი ტექნიკის და ტრანსპორტის ნაწილი არ არის აღრიცხული და დეკლარირებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხები დაემატა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, ხოლო აღნიშნულის შედეგად მიღებული/მისაღები თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ KAMAZ 6520 მარკის სატვირთო ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ------- რეალიზებულია ფ/პ -------, რომელთანაც კომპანიას გაფორმებული აქვს სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის აქტი. მხარეთა შეთანხმებით სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასია 15 400 ლარი. ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული და ორმხრივად ხელმოწერილი ნასყიდობის აქტი წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს, აცხადებს, რომ შემოწმებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნულ დოკუმენტში ასახული თანხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, ამ ოპერაციის ფარგლებში დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ფასის გათვალისწინებით.

ასევე, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით დაბეგრილ იქნა ფ/პ ------- რეალიზებული FORD RANGER მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -------, რომელიც წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ტანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე კოდექსის 206-ე მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები. ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს შესყიდვის გზით დასაკუთრებულს, გარკვეული ნაწილი კი, მიუხედავად იმისა, რომ ბალანსზე ძირითად საშუალებად არის აღრიცხული, არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, ლიზინგით არის მიღებული მესამე პირისგან. შესაბამისად, არ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ 2020 წელს, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კონტრაქტორის მეშვეობით აშენებული აქვს შენობა-ნაგებობები, საერთო ღირებულებით 2 730 000 ლარი, რაც დასტურდება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2021 წლიდან შეძენილია შპს „-------“ მიერ. 2023 წლის პირველ ივლისს შპს „-------“ და შპს „-------“ შორის გაფორმებულია კომერციული საქმიანობის მიზნით უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნულ ოპერაციებზე ყოველთვიურად გამოიწერებოდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, 2025 წლის აპრილიდან აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულია შპს „-------“. მიუხედავად ამისა, იჯარისა და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ფაქტობრივი ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. შპს „-------“ და შპს „-------“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შპს „-------“ რეგისტრირებულია და ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2021 წლის აპრილიდან და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის საქმიანობას. შემოწმებით, შპს „-------“ მიერ გაცემული იჯარა, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის ნაცვლად, საგადასახადო მიზნებისთვის ჩაითვალა 2022 წლიდან გაცემულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შპს „-------“ მიერ შპს „-------“ შენობა-ნაგებობების ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ უძრავი ქონების იჯარით გაცემასთან და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე მხარეებს შორის ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. ამასთან, 2021 წლის აპრილიდან შპს „-------“ ეკონომიკურ საქმიანობას (სოფლის მეურნეობის საქმიანობას) ახორციელებს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით, შპს „-------“ მიერ გაცემული იჯარა, საგადასახადო მიზნებისთვის, მართლზომიერად ჩაითვალა, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, 2022 წლიდან გაცემულად, რის საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.