გადაწყვეტილება №20235/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20235/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20235/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20235/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის №081-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14907 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 207 635,19 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 895

დღგ - 16 411

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 587

მოგების გადასახადი - 26 201

საშემოსავლო გადასახადი - 63 696

ჯარიმა - 52 787,1

საურავი - 47 953,09

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოება, ------ს რეგიონსა და ----- საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №081-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი, კერძოდ: აღნიშნულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

- შპს -----ზე გაყინული კარტოფილი ფრის მანქანა-დანადგარის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით:

- სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით. გადასახადის გადამხდელს არანაირი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული კაპიტალის რეალურობის დადგენა და ამ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ------თან გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ დანადგარი საბოლოოდ მიწოდებულად ჩაითვლება მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კერძოდ როდესაც აღნიშნული დანადგარით მოხდება პროდუქციის წარმოება. შემოწმების მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და დადგინდა, რომ შპს ------ს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოებული პროდუქცია, შესაბამისად დანადგარი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში ანალიზისათვის შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.02.2023 წლის №081-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა ხელფასად განხილული სალაროდან გატანილი კაპიტალის რეალურობის დადგენა. შესაბამისად გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე, ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე 3 მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

რაც შეეხება, შპს ------ზე გაყინული კარტოფილი ფრის მანქანა-დანადგარის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების გათვალისწინებით, განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1.01.2019 წლის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ირიცხებოდა 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანგარიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგებების საწესდებო კაპიტალში გადატანის გზით, რასაც ადასტურებს თავად შემმოწმებელი აქტის პირველ საკითხში, კერძოდ აქტში პირველ საკითხში აღნიშნულია, რომ საწარმოს მიერ 2018 წელში მიღებული მოგება გადატანილი აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე ისე, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელში დივიდენდის დეკლარირება არ მოუხდენია, ხოლო შემოწმების აქტის მე-8 საკითხში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს შპს-დან გატანილი აქვს დივიდენდი, თუმცა აღნიშნულის დეკლარირება არ მოუხდენია. აღნიშნული ფინანსური ოპერაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. ასე რომ გაუგებარია თუ დამატებით რა არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა აუდიტორი.

როგორც შემმოწმებელი შემოწმების აქტის პირველ საკითხში აღნიშნავს, საწარმოს მიერ 2018 წელში მიღებული მოგება გადატანილი აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე ისე, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელში დივიდენდის დეკლარირება არ მოუხდენია, ხოლო შემოწმების აქტის მე-8 საკითხში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს შპს-დან გატანილი აქვს დივიდენდი, თუმცა აღნიშნულის დეკლარირება არ მოუხდენია, რითაც ფაქტობრივად შემმოწმებელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს გადამხდელმა არ დაადეკლარირა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი გატანილ დივიდენდთან დაკავშირებით, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით აუდიტორმა აღნიშნული დივიდენდი გადმოიტანა არახანდაზმულ პერიოდში და დაბეგრა დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით.

ზემოთ აღნიშნული საკითხი შემმოწმებელს შესწავლილი აქვს, რაც მკაფიოდ ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის ფაქტების აღწერასა და აუდიტორის შეფასებაში და არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. აქედან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეამციროს შემოწმების აქტის პირველი საკითხის შესაბამისად დამატებით დარიცხული თანხები.

ფაქტობრივად შემმოწმებელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს გადამხდელმა არ დაადეკლარირა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი გატანილ დივიდენდთან დაკავშირებით და ვინაიდან კომპანიას ხანდაზმულ პერიოდში უფიქსირდება დივიდენდის გატანა, რომლის დეკლარირებაც არ განუხორციელებია, შესაბამისად ხანდაზმული პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი, რომლის ჩათვლის უფლებაც აქვს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, ეკუთვნის აღნიშნულ საანგარიშო პერიოდს, თუმცა ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა არ დაადეკლარირა აღნიშნული მოგება, შესაბამისად ვერ მიიღებდა ჩათვლას.

შემოწმების აქტის ამ საკითხშიც, შემმოწმებელი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილს იყენებს იმ მიზნით, რომ ხანდაზმულ პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება გადმოიტანოს არახანდაზმულ პერიოდში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებთან:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ აუდიტორმა შემოწმების პროცესში იხელმძღვანელა ხანდაზმულ პერიოდში მომხდარი ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. კერძოდ, ხანდაზმულ პერიოდში დაუბეგრავი მოგების გადასახადი ჩათვალა დაბეგრილად, ხოლო ასევე, ჩაუთვლელი ხანდაზმულ პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი ჩათვალა ჩათვლილად და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით არახანდაზმულ პერიოდში შეამცირა 2019 წლის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში კანონიერად ჩათვლილი 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე პერიოდის ჩასათვლელი მოგების გადასახადი.

ზემოთ აღნიშნული საკითხი შემმოწმებელს შესწავლილი აქვს, რაც მკაფიოდ ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის ფაქტების აღწერასა და აუდიტორის შეფასებაში და არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. აქედან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს შემოწმების აქტის მე-8 საკითხის შესაბამისად დამატებით დარიცხული თანხების შემცირება.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევები გამოწვეული გამოუცდელობისა და არცოდნის გამო (პირველი შემთხვევაა და დღემდე შემოწმება არ ჩატარებულა) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად უნდა მოეხსნას კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების თანახმად:

92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი, კერძოდ: აღნიშნულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით. გადასახადის გადამხდელს არანაირი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული კაპიტალის რეალურობის დადგენა და ამ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ ანალიზისათვის შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14907 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოება, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №081-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.02.2023 წლის №081-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა"), 309(92)(93).