გადაწყვეტილება №26043/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26043/2/2025
12 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 18.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26043/2/2025).
დავის საგანი:
1. საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირზე „მომსახურების საფასური/ღირებულება“ დანიშნულებით გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. გაწეული ხარჯების გათვალისწინება სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას;
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №007-132 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21177 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 332 945.20 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 768 978.72
დღგ - 237 917.72
საშემოსავლო გადასახადი - 531 061
ჯარიმა - 384 490
საურავი - 179 476.48
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა შენობების და სამრეწველო ობიექტების დასუფთავება/სანიტარული მომსახურება, რომელიც ასევე მოიცავს სამეურნეო მომსახურებასაც. კერძოდ: ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, ტურნიკეტების, მეტალო დეტექტორების, კონდიცირების სისტემების, დიზელ-გენერატორების და სხვა ინვენტარის მოვლა-ზედამხედველობას და შეცვლაშეკეთებას საკუთარი ხარჯებით; დასუფთავების და ჰიგიენისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალებების მიწოდებას, როგორიცაა: ავეჯის, იატაკის, ხალიჩების საწმენდი საშუალებების, საშრობი და ჰაერის გამწმენდი ხელსაწყოებით, საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები, ხელის საშრობებით და სხვა ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11468 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №14395 ბრძანება და №007-132 საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 332 945.20 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 29 სექტემბრის №21177 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს, ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან (საბჭოში სადავო პირველი და მე-2 საკითხები) დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21177 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირზე „მომსახურების საფასური/ღირებულება“ დანიშნულებით გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს თანხები, დანიშნულებით „ხელფასი“ და „მომსახურების ღირებულება“. აღნიშნული განაცემები გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 81-ე, მე-100, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ პირებთან, რომლებზეც საბანკო ამონაწერში ფიქსირდება გადარიცხვა შინაარსით „მომსახურების საფასური/ღირებულება“, კომპანიას გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება. ამასთან, ეს ფიზიკური პირები წარმოადგენენ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. შესაბამისად, თავად ახდენენ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ბიუჯეტის მიმართ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
იმ ფიზიკურ პირებთან, რომლებზეც საბანკო ამონაწერში ფიქსირდება გადარიცხვა შინაარსით „მომსახურების საფასური/ღირებულება“, კომპანიას გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება. ამასთან, ეს ფიზიკური პირები წარმოადგენენ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. შესაბამისად, თავად ახდენენ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ბიუჯეტის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში აქტის შედეგად დამატებით დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს. მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საკითხი შეისწავლოს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად და მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს თანხები, დანიშნულებით „ხელფასი“ და „მომსახურების ღირებულება“. აღნიშნული განაცემები გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ იმ ფიზიკურ პირებთან, რომლებზეც საბანკო ამონაწერში ფიქსირდება გადარიცხვა შინაარსით „მომსახურების საფასური/ღირებულება“, კომპანიას გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება. ამასთან, ეს ფიზიკური პირები წარმოადგენენ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. შესაბამისად, თავად ახდენენ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ბიუჯეტის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს.
მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გაწეული ხარჯების გათვალისწინება სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. თავისუფალი ფულადი სახსრები, რომლებიც დარჩა აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი ითხოვს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებას. იმის გამო, რომ კომპანიის მხრიდან სწრაფად განხორციელებულიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მომსახურების დროული და ხარისხიანი გაწევა, რათა არ შეფერხებულიყო მათი მუშაობა, საწარმოს არ ჰქონდა იმის დრო და საშულება, რომ ყველა საჭირო მასალა შეეძინა საბუთით რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლობისგან. კომპანიას უწევდა სამეურნეო და ჰიგიენური საშუალებების უსაბუთოდ შეძენა და ასევე მომსახურე პერსონალის ტაქსის საშუალებით გადაყვანა, რამაც ბუნებრივია გამოიწვია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. კომპანიის მხრიდან სამეურნეო საშულებების შეძენა ხდებოდა ბაზრობებზე, დახლებზე და ასევე, ფიზიკური პირებისგან. მათგან ფაქტობრივად შეუძლებელი იყო რაიმე სახის დოკუმენტის გამოწერა, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად. ასევე, მათთან ვერ ხერხდებოდა შესყიდვის აქტის გაფორმება, ვინაიდან არ სურდათ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმეტეს რეალურად შეძენილ სამეურნეო საშუალებებზე კომპანიას არ გააჩნია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. თუმცა, საწარმოს მხრიდან ჯეროვნად და სრულად ხდებოდა ხელშეკრულებების შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც დასტურდება მომსახურების მიმღებ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შედეგად. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთი უნდა შემცირდეს შუშების წმენდის მომსახურებისთვის ქვეკონტრაქტორზე გადახდილი თანხებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ძირითადად მომსახურებას უწევს საჯარო დაწესებულებებს, კერძოდ: სამინისტროებს, მათ სტრუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. სატენდერო დოკუმენტაციაში, მომსახურების ხელშეკრულებებში და ასევე მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტებში ნათლად და მკაფიოდ ჩანს თუ რა სახის მომსახურების გაწევას ახორციელებდა საწარმო. კომპანია მთლიანად საქმიანობს ელექტრონული ტენდერების დახმარებით. შესაბამისად, ყველა სახის დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე.
აქედან გამომდინარე, შემმოწმებლისთვის შესაძლებელი იყო შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოძიება. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ტენდერების გამოცხადება ხდება ელექტრონულად, რომელიც არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, სადაც ასევე დეტალურად არის გაწერილი გასაწევი მომსახურების სახე და შინაარსი. მომსახურების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საჯარო დაწესებულებებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ხოლო ტექნიკურ დავალებებში გაწერილია დეტალურად შესასრულებელი მომსახურების სახე.
ასევე, ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს მხარეებს შორის დგება გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები, რაც მოწმდება და დასტურდება ხელმძღვანელების და სამეურნეო სამსახურის თანამშრომლების ხელმოწერით, საიდანაც ასევე მარტივად შესაძლებელია იდენტიფიცირება გაწეული მომსახურების და გახარჯული სამეურნეო საშუალებების შესახებ. როგორც უკვე აღნიშნა, თითოეული მომსახურება მოიცავს როგორც დასუფთავებას, ასევე სათადარიგო ნაწილებით, სამეურნეო და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას. იმის გამო, რომ კომპანიის მხრიდან მომხდარიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მომსახურების დროული და ხარისხიანი გაწევა, რათა არ შეფერხებულიყო მათი მუშაობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, საწარმოს არ ქონდა იმის დრო და საშულება, რომ ყველა საჭირო მასალა შეეძინა საბუთით, რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლობისგან. კომპანიას უწევდა სამეურნეო და ჰიგიენური საშუალებების უსაბუთოდ შეძენა და ასევე მომსახურე პერსონალის ტაქსის საშულებით გადაყვანა, რამაც ბუნებრივია გამოიწვია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. კომპანიის მხრიდან სამეურნეო საშულებების შეძენა ხდებოდა ბაზრობებზე, დახლებზე და ასევე ფიზიკური პირებისგან. მათგან ფაქტობრივად შეუძლებელი იყო რაიმე სახის დოკუმენტის გამოწერა, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად. ასევე, მათთან ვერ ხერხდებოდა შესყიდვის აქტის გაფორმება, ვინაიდან არ სურდათ პირადი ინფომრაციის გამჟღავნება და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმეტეს რეალურად შეძენილ სამეურნეო საშუალებებზე კომპანიას არ გააჩნია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. თუმცა, საწარმოს მხრიდან ჯეროვნად და სრულად ხდებოდა ხელშეკრულებების შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც დასტურდება მომსახურების მიმღებ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შედეგად.
ასევე, თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა გარე ფასადის შუშის წმენდას, ასეთ შემთხვევაში კომპანია იყენებდა ქვეკონტრაქტორის მომსახურებას, ვინაიდან საწარმოს თავად არ შეეძლო სიმაღლეზე შუშების წმენდის სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორზე ხდებოდა შუშების წმენდის ღირებულების ანაზღაურება. ანაზღაურება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების მიმდინარეობისას ქვეკონტრაქტორის მიერ კომპანიის მიმართ არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ქვეკონტრაქტორის განმარტებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მათი მხრიდან გამოწერა არ ხდებოდა, ვინაიდან კომპანიის მხრიდან არ ყოფილა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის მოთხოვნა. საწარმომ მოახდინა ქვეკონტრაქტორისთვის შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის მოთხოვნა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორის მიერ მოხდება შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურების გამოწერა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება „სალაროს არაგონივრული ნაშთის“ შემცირების მიზნით, ვინაიდან რეალურად დასტურდება, რომ კომპანიამ ეს ხარჯები გასწია და საწარმოს თანხები არ წაუღია დირექტორს პირადი მიზნებისთვის, როგორც ეს დაკვალიფიცირდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ასევე, სალაროს არაგონივრული ნაშთის შემცირება უნდა განხორციელდეს შუშების წმენდის მომსახურებისთვის ქვეკონტრაქტორზე გადახდილი თანხებით. მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საკითხი შეისწავლოს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად და მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრები, ხოლო თავისუფალი ფულადი სახსრები, რომლებიც დარჩა აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ „სალაროს არაგონივრული ნაშთის“ შემცირების მიზნით, უნდა მოხდეს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გათვალისწინება, ვინაიდან რეალურად დასტურდება, რომ კომპანიამ ეს ხარჯები გასწია და საწარმოს თანხები არ წაუღია დირექტორს პირადი მიზნებისთვის. ასევე, სალაროს არაგონივრული ნაშთის შემცირება უნდა განხორციელდეს შუშების წმენდის მომსახურებისთვის ქვეკონტრაქტორზე გადახდილი თანხებით. მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №007-132 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 332 945.20 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 768 978.72 ლარი, ჯარიმა - 384 490 ლარი და საურავი - 179 476.48 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირზე „მომსახურების საფასური/ღირებულება“ დანიშნულებით გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. გაწეული ხარჯების გათვალისწინება სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას;
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს თანხები, დანიშნულებით „ხელფასი“. აღნიშნული განაცემები გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრები, ხოლო თავისუფალი ფულადი სახსრები, რომლებიც დარჩა აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს თანხები, დანიშნულებით „მომსახურების ღირებულება“, რომლებიც გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154 (1); 73 (4,9); 101 (1); 105 (2); 269 (7).