გადაწყვეტილება №25962/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25962/2/2025
18 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------ი“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 4.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25962/2/2025).
დავის საგანი:
1. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2025 წლის №024-29 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2025 წლის №20078 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 235 495,8 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 136 010,68
დღგ - 97 290,20
მოგების გადასახადი - 21 362,23
საშემოსავლო გადასახადი - 17 358,25
ჯარიმა - 67 552
საურავი - 31 933,12
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საათებით და ძვირფასეულობით ვაჭრობა სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.03.2017 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 1.09.2020 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 6.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე 9.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11920 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 10.06.2025 წლის №024-29 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.09.2025 წლის №20078 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პირველად დოკუმენტაციასა (საბანკო ამონაწერები, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილი, შესყიდვის აქტები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტების საფუძველზე ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდში ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორზე გაცემულ დივიდენდად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში საზოგადოების მიერ წარდგენილ იქნა ფულის ნაშთის გაანგარიშების ცხრილი და მასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემმოწმებლის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. ასევე წარადგინეს ახსნა-განმარტება, რომლითაც ითხოვდნენ გამოვლენილი ფულის ნაშთის განხილვას როგორც დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდს, თუმცა არ ეთანხმებიან ფულის ნაშთის შემოწმებით დადგენილ ოდენობას. ვინაიდან ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით კვლავ მოხდა გაანგარიშება, მიღებული ოდენობა განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ოდენობისგან. ასევე, მათ მიერ აქტიურად მიმდინარეობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებით მოძიება.
მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება აღნიშნული საკითხი შეისწავლონ შემმოწმებელთან ერთად, წარუდგინონ დაზუსტებული გაანგარიშების ცხრილი და დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ითხოვენ დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას შესაბამის გადასახადებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდში ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის №----21-14 წერილი საიდანაც ირკვევა შემდეგი:
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილ პირველადი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილი, შესყიდვის აქტები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება) და შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 115 000 ლარი (გადასახადის გარეშე). შემოწმების შედეგად საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტების საფუძველზე ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი 115 000 ლარი (გადასახადის გარეშე) განხილული იქნა შესაბამისი პერიოდის საწარმოს ერთპიროვნულ დამფუძნებელზე და დირექტორზე --------ზე (პ/ნ --------) გაცემულ დივიდენდად. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 1 651 405 ლარს. შემოწმების შედეგად საკონტროლო-სალარო აპარატების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების (მათ შორის საბანკო ტერმინალით ჩარიცხული თანხა) და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) შესაბამისად გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც შეადგინა 2 191 834 ლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი იყო შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი, რომლის მონაცემები იდენტური იყო შემოწმებით გაანგარიშებული შედეგების). დეკლარირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემთა შორის არსებული სხვაობაზე პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული განაცემის გარდა გაცემული ჰქონდა ხელფასი, როგორც ნაღდი (15 700 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით (23 750 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ასევე გადახდილი ჰქონდა ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისთვის 5 771 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე. შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ხელფასის და სხვა განაცემების თანხა დამატებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების პროცესში სადავო საკითხებთან დაკავშირებული გაანგარიშების ცხრილები გავლილია გადასახადის გადამხდელთან, ასევე სრულად შესწავლილია შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც გათვალისწინებულია ხარჯებში.
მომჩივნის განმარტებით, არსებობს იმგვარი დოკუმენტების დამატებით წარდგენის შესაძლებლობა, რომელიც შემოწმების პროცესში არ გააჩნდათ. აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად შესაძლებელია შემცირდეს სალაროში ფულის ნაშთის ოდენობა და საგადასახადო ვალდებულებები.
მითითებული დოკუმენტები მომჩივანს არ წარუდგენია შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე. მსგავსი დოკუმენტები არ ახლავს არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილ საჩივარს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო ვალდებულებების შემცირებისთვის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები ასევე დაერიცხა საურავი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან არასდროს ჰქონიათ განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, ასევე ცდილობდნენ მაქსიმალურად გამჭვირვალე ჰქონოდათ შემოსავლები და ხარჯები, მაგრამ მიუხედავად ამისა დეკლარაციების შევსებისას დაშვებული იქნა უხეში შეცდომები, ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11920 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №024-29 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20078 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია .
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 97(1 „ა“); 981(1); 130(1(1); 154(1 „ზ“); 269(7);