ბრძანება N 9164
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9164
19 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ ------------)
(მის.: ---------------------------)
2024 წლის 22 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ------------) №49419/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4463 შპს „-----“-თვის (ს/ნ ------------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო აქტში აღნიშნულია, რომ რიგ პოზიციებზე არასწორად იქნა განსაზღვრული სეს ესნ კოდი, რამაც გამოიწვია იმპორტის შემცირება. ინვოისში მომწოდებელს არ ჰქონდა მითითებული სეს ესნ კოდები. დეკლარაციაში სეს ესნ კოდები მიეთითა შემოსავლების სამსახურის მიერ და მიაჩნია, რომ სასაქონლო კოდის არასწორი განსაზღვრისთვის კომპანია არ არის პასუხისმეგებლი. მომჩივნის მითითებით, კომპანია არ არის ვალდებული იცოდეს, თუ რომელი სასაქონლო კოდი შეესაბამება ამა თუ იმ საქონელს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მებაჟე-ოფიცერი კომპანიას ედავებოდა მისი შეცდომაში შეყვანის გამო, კერძოდ თითქოს კომპანიამ ინვოისში განზრახ არ მიუთითა, რომ ხერხის პირის მუშა ნაწილი იყო ალმასის. თუ საქონელი ხერხის პირის სეს ესნ კოდი განისაზღვრება მისი მუშა ნაწილის მიხედვით, მებაჟეს უნდა ეკითხა, ხომ არ იყო ეს ხერხის პირი ალმასის ზედაპირით, რადგან თარგმანში საერთოდ არ იყო მოხსენებული მასალა. მებაჟეს ასევე ჰქონდა პრეტენზია ინვოისის №39-41 პოზიციების საქონელზეც, რადგან თვლიდა, რომ აღნიშნული პოზიციებიც დასაბეგრი საქონელი იყო, თუმცა დარწმუნდა, რომ განცხადებაში თარგმანი საჭრელი დისკით იყო წარმოდგენილი და განმარტა, რომ ეს დეკლარაციის ხარვეზი იყო და თავად გაასწორებდნენ, თუმცა დეკლარაციაში სასაქონლო კოდი არ შეცვლილა და იგივე დარჩა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ შეფარდებული სანქცია არ არის სამართლიანი, ვინაიდან კომპანიის მიერ არ ყოფილა მოწოდებული რაიმე არასწორი ინფორმაცია. სადავო პროდუქცია მართლაც არის ხერხის პირი. დეკლარანტის მხრიდან პროდუქციის დაზუსტების მხრივ შეკითხვა არ ყოფილა. თუ კომპანიის მიერ მოწოდებულ თარგმანში ეწერა „ხერხის პირი“ და დაჯარიმების შემდგომაც დეკლარაციაში წერია „ხერხის პირი“, ანუ დასახელება პროდუქციას არ შეცვლილა და შეიცვალა მხოლოდ სასაქონლო კოდი. ასევე მიუთითებს, რომ კომპანია ვერ იქნებოდა დაზღვეული არასწორი დეკლარირებისაგან.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული პროცედურა გაიწელა საკმაოდ დიდხანს, რაც კომპანიას გარდა დაკისრებული ჯარიმისა (4700 ლარი) კონტეინერის მოცდენისთვის ხარჯის გადახდაც მოუწია. აგრეთვე საკონტეინერო ხაზის მიერ გამოეწერა 520 და 455 usd ინვოისები, რამაც ფინასსურად ძალიან დააზარალა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 იანვარს შპს „-----“-ის (ს/ნ ------------) მიერ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის (საბაჟო ღირებულება – 177456,62 ლარი, საერთო წონა – 22100კგ) წინასწარი დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №-----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით. დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ გავლით, რა დროსაც მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms”-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შეირჩა „წითელი დერეფანი“.
2024 წლის 27 იანვარს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----ში“ №-----/---- საქონლის საბაჟო დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარაციის მე-7 პოზიციით დეკლარირებულ – ალმასით აგლომირებულ საჭრელ პირსა და საჭრელ დისკზე (№---------- (31/10/2023) ინვოისის 31-ე – 34-ე, 57-ე – 67-ე და 36-ე პოზიციები) სეს ესნ-ის კოდი – 8202 99 800 00 არასწორი იყო.
დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2024 წლის 1 თებერვლის №-----/2024 დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნული საქონლის სეს ესნ-ის კოდია – 6804 21 000 00.
სეს ესნ-ის 8202 99 800 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციისაგან განსხვავებით, სეს ესნ-ის 6804 21 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, იბეგრება როგორც დღგ-ით, ასევე იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, შპს „-----“-ის (ს/ნ ------------) მიერ №----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანით, 28600,23 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე იმპორტის გადასახდელი შემცირებულ იქნა 4049,76 ლარით (მათ შორის: იმპორტის გადასახადი – 3432 ლარი და დღგ – 617,76 ლარი).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის №---/-----; 06/02/2024).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2024 წლის 21 თებერვლის №-----/15- 04- 02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს „-----“-ის (ს/ნ ------------) მიერ დეკლარირებულ საქონელზე წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება და საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ შპს „-----“-ის (ს/ნ ------------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას. რადგანაც პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4463 ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის, შეეფარდა ჯარიმა 2024 წლის 10 იანვრის №------/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 4049,76 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით და, თუ ამ ტექსტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ამავე პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილი დებულებების შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-13 მუხლის შესაბამისად, საქონლის საბაჟო დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტისთვის თხოვნით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან შესაბამისი განცხადებისა და საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენით. მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 10 იანვარს შპს „-----”-ის (ს/ნ --------) მიერ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის წინასწარი დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №-----/----საქონლის საბაჟო დეკლარაციით. საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება განხორციელდა მომჩივნის განცხადებისა და საბაჟო პროცედურისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომჩივნის მიერ წარდგენით (ID:-----, შტრიხკოდი: ---- 10.01.2024 წ.). ამდენად, №----/C--- საქონლის საბაჟო დეკლარაცაში მიეთითა მომჩივნის მიერ მიწოდებული დოკუმენტებით წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისი მონაცემები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო აქტში აღნიშნულია, რომ რიგ პოზიციებზე არასწორად იქნა განსაზღვრული სეს ესნ კოდი, რამაც გამოიწვია იმპორტის შემცირება.მომჩივანს მიაჩნია, რომ შეფარდებული სანქცია არ არის სამართლიანი, ვინაიდან კომპანიის მიერ არ ყოფილა მოწოდებული რაიმე არასწორი ინფორმაცია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 იანვარს მომჩივანის მიერ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის წინასწარი დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის საბაჟო დეკლარაციით. დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, რა დროსაც მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შეირჩა „წითელი დერეფანი“.
საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.რადგანაც პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4463 ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის, შეეფარდა ჯარიმა 2024 წლის 10 იანვრის საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 4049,76 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1);