ბრძანება N 4053

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 4053
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4053

10 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 11 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმები: №8, №19) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -----) №93616/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-588 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ, შპს „--------“ და შპს „--------“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიკაციას და მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ გარიგება დადებული იყო ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის, თუმცა ოპერაციის განხორციელებამდე წილები შეფასდა საბაზრო ფასად და ნასყიდობის ღირებულება გადახდილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. მიუთითებს, რომ ნების გამოვლენის ნაკლი, ეკონომიკური რეალობის, შინაარსისა და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობა სახეზე არ ყოფილა.

მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არ უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებული ოპერაციების შემოწმება. აგრეთვე, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის N20231 ბრძანებით დამტკიცებული „კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული ძალაში შევიდა 2022 წლის პირველ აგვისტოს, ხოლო წილის ნასყიდობის ოპერაციები განხორციელდა 2020 წლის 25 ნოემბერს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 დეკემბრის №25571 და 18 დეკემბრის №26621 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27594 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-588 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 137 656 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 76 752 ლარი, ჯარიმა 38 376 ლარი და საურავი 22 528 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები. კომპანიის დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები: ------ (პ/ნ ------) 50%-იანი წილით და ------ (პ/ნ -------) 50%-იანი წილით, ხოლო დირექტორი - ფ/პ ------- (პ/ნ -------)). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „------“ (ს/ნ -------) 2020 წლის 27 ოქტომბერს დამფუძნებლებისგან შეძენილი აქვს შპს „------“ (ს/ნ -------) მათი კუთვნილი 25%-იანი და 75%-იანი წილები სრულად. წილის ღირებულება განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კერძოდ ექსპერტიზის დადგენილებით, 2020 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, 100%-იანი წილის ღირებულებამ შეადგინა 925 375 აშშ დოლარი ((სულ 2 845 252 ლარი), მ.შ. ფ/პ -------- 25%-იანი წილის ღირებულება 231 343 დოლარი და ფ/პ ------- 75%-იანი წილს ღირებულება 694 031 დოლარი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „-------“ დამფუძნებლებს 2014 წლის 2 მაისს 12.5% და 12.5%-იანი წილით დაფუძნებული აქვთ შპს „------“ ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ფ/პ ------- (პ/ნ -------) ერთად. წილების თანაფარდობაა 12.5%/12.5%/50%/25%, ხოლო დირექტორი ფ/პ ------ (პ/ნ -------). შპს „-------“ ძირითად საქმიანობას ასევე წარმოადგენდა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები. შპს „-------“ დაფუძნების დღიდან, დირექტორი და დამფუძნებლები პერიოდულად იცვლებოდა და 2020 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დირექტორი გახლდათ ფ/პ --------, ხოლო დამფუძნებლები ფ/პ ------- 25%-იანი წილით და ფ/პ ------- 75%-იანი წილით. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციების შესწავლით დადგინდა, რომ შპს „--------“ 2020 წლის 25 ნოემბერს ერთ-ერთი დამფუძნებელი ფ/პ ------- შპს „-“ (ს/ნ -------)--------- შეძენილი აქვს მისი კუთვნილი 25%-იანი წილი 620 633 აშშ დოლარად. აღნიშნული წილის ღირებულება განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კერძოდ, ექსპერტიზის დადგენილებით, შპს „--------“ 100% წილის ღირებულება 2020 წლის 12 აგვისტოს შეადგენდა 2 482 533 აშშ დოლარს (7 633 044 ლარი), აქედან გამომდინარე, ფ/პ ------- წილობრივი მონაწილეობა შპს „--------“ შეფასდა 620 633 აშშ დოლარად (25% წილის პროპორციულად). აღსანიშნავია, რომ შპს „-------“ ძირითად საქმიანობასაც ასევე წარმოადგენდა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები. თავის მხრივ, დაფუძნების მომენტში შპს „-------“ საწარმოს დირექტორი იყო ფ/პ --------, ხოლო დამფუძნებლები 50%-50% წილით ფ/პ ------- და ფ/პ ------- (პ/ნ ------). საწარმოს რეგისტრაციის დღიდან შპს „-------“ დამფუძნებლები პერიოდულად იცვლებოდნენ, ხოლო შპს „-------“ მიერ წილის შესყიდვის მომენტში 2020 წლის 25 ნოემბერს შპს „ახალი ჯგუფის“ დამფუძნებლები გახლდათ ფ/პ -------, ფ/პ -------- და ფ/პ -------- (წილების თანაფარდობაა 25%/50%/25%).

აღსანიშნავია, რომ შპს „-------“ შპს „-------“ და შპს „-------“ იღებდა დივიდენდებს. თავის მხრივ, შპს „--------“ შეძენილი წილის ღირებულებებს იხდიდა ძირითადად იურიდიული პირებისგან მიღებული დივიდენდებიდან და დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ჩათვლით დამფუძნებლებზე საბანკო გადარიცხვით გადახდილი აქვს შეძენილი წილის ღირებულება 333 516 ლარის ოდენობით, აქედან შესამოწმებელ პერიოდში გადახდილია 321 961, მ.შ. ფ/პ --------- 114 747 ლარი და ფ/პ --------- - 207 213 ლარი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შპს „--------“ მიერ ფ/პ -------- და ფ/პ ------- შპს „-------“ და ფ/პ --------შპს „----------“ წილების შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად, რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს და ჰყავდათ საერთო დამფუძნებლები. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-19 და 73-ე მუხლების და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ ------- და ფ/პ ------- წილის შეძენაზე გადახდილი თანხა 321 961 ლარი ჩაითვალა დივიდენდის გაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის, 130-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. აგრეთვე, კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);

ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები ედიშერ და მამუკა მამალაძეები 50%-50%-იანი წილებით. შპს „-------“ 2020 წლის 27 ოქტომბერს თავისი დამფუძნებლებისგან შპს „--------“ შეიძინა მათი კუთვნილი 25%-იანი და 75%-იანი წილები სრულად, სულ 925 375 აშშ დოლარად. აგრეთვე, შპს „-------“ 2020 წლის 25 ნოემბერს ერთ-ერთი დამფუძნებლის ფ/პ --------- შპს „-------“ შეიძინა მისი კუთვნილი 25%-იანი წილი 620 633 აშშ დოლარად. წილების ღირებულება განსაზღვრული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ შპს „--------“ შპს „--------“ და შპს ---------“ იღებდა დივიდენდებს და თავის მხრივ, შეძენილი წილის ღირებულებებს იხდიდა ძირითადად იურიდიული პირებისგან მიღებული დივიდენდებიდან, შესამოწმებელ პერიოდში გადახდილია სულ 321 961 ლარი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შპს „---------“ მიერ ფ/პ -------- და ფ/პ -------- შპს „-------“ და ფ/პ ------- შპს „--------ის“ წილების შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავდათ საერთო დამფუძნებლები და მფლობელთა ცვლილება არ ცვლიდა საერთო სურათს. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა კომპანიიდან ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია განხორციელდა ხანდაზმულ პერიოდში, შესაბამისი ვალდებულების დასაფარად თანხების ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის და 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, აღნიშნული გავლენას ახდენდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების დადგენაზე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, შესამოწმებელ პერიოდში გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიკაციას და მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები. კომპანიის დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები 50%-50%-იანი წილებით. შპს-მ 2020 წლის 27 ოქტომბერს თავისი დამფუძნებლებისგან სხვა შპს-სგან შეიძინა მათი კუთვნილი 25%-იანი და 75%-იანი წილები. აგრეთვე, შპს-მ 2020 წლის 25 ნოემბერს ერთ-ერთი დამფუძნებლის ფ/პ სხვა შპს-ში შეიძინა მისი კუთვნილი 25%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ შპს, ამ სხვა ორი შპს-დან იღებდა დივიდენდებს და თავის მხრივ, შეძენილი წილის ღირებულებებს იხდიდა ძირითადად იურიდიული პირებისგან მიღებული დივიდენდებიდან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შპს-ს წილების შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავდათ საერთო დამფუძნებლები და მფლობელთა ცვლილება არ ცვლიდა საერთო სურათს. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა კომპანიიდან ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9,6,);19(1);8(12);130(1);