გადაწყვეტილება №20499/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20499/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-----" (ს/ნ "-----")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-----"-ის 7.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20499/2/2023).
დავის საგანი:
1. საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის მართლზომიერება;
2. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15878 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 093,75 ლარი.
პროცედურული გარემოებები
საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების არსებობის გამო, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2093,5 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.06.2023 წლის №19946/2/2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მომჩივანმა იგივე მოთხოვნით კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №"-----" საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით დეკლარირებული საქონლის კლასიფიცირების კანონიერებასთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.07.2023 წლის №15878 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სასაქონლო სეს ესნ კოდის განსაზღვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
31.05.2023 წელს, მომჩივანმა №"-----"განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა № "-----" საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული სეს ესნ-ის კოდის (7113) შესწორება, საფუძვლად მიუთითა №"-----"ინვოისში მითითებული სეს ესნ-ის კოდი (7114).
საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №"------" წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ ვინაიდან, დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს ყელსაბამს, მისი მახასიათებლები არ შეესაბამება 7114 სასაქონლო პოზიციაში აღწერილ საქონელს და კლასიფიცირდა 7113 სასაქონლო პოზიციაში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 30-ე მუხლის მე2 პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე- 3 მუხლი პირველი პუნქტზე, ამავე მუხლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესებზე, ამავე ბრძანების 71-ე ჯგუფის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტზე და მიაჩნია, რომ ლითონისგან (ოქროსგან) დამზადებული ყელსაბამი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად კლასიფიცირდება 7113 პოზიციაში. შესაბამისად, დეკლარირებული საქონლის კლასიფიცირება განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანის არგუმენტაცია
გამოწერილი ნივთის განბაჟებისას და შესაბამისად საბაჟო გადასახდელი გაანგარიშებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეცდომებს, რამაც გამოიწვია როგორც გადასახდელი თანხის ასევე დარიცხული ჯარიმის მნიშვნელოვანი ცვლილება.
კერძოდ, როგორც საჩივარზე თანდართული ნივთის ინვოისით ჩანს, გამოგზავნილი ნივთის სასაქონლო კოდი 71141900000, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში ყოველგვარი საფუძვლის ან მტკიცებულების გარეშე მოხდა კოდის შეცვლა და მითითებულ იქნა 711319 00000.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის თანახმად, 71141900000 კოდი ენიჭება შემდეგ საქონელს: ოქროზე და ვერცხლზე მომუშავე ოსტატების ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისგან _ _ დანარჩენი ძვირფასი ლითონებისგან, გალვანური დაფარვით ან დაუფარავად, ძვირფასი ლითონით მიტკეცილი ან მიუტკეცავი, ხოლო 71131900000 კოდი ენიჭება შემდეგ საქონელს: საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისგან _ _ დანარჩენი ძვირფასი ლითონებისაგან, გალვანული დაფარვით ან დაუფარავად, ძვირფასი ლითონით მიტკეცილი ან მიუტკეცავი.
ორივე კოდს აქვს აბსოლუტურად იდენტური საქონლის ჩამონათვალი. საიუველირო ნაკეთობა ზოგადად შესაძლებელია დამზადებული იყოს ოქროსა და ვერცხლზე მომუშავე ოსტატის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლასიფიცირება დამოკიდებულია მწარმოებელზე ანუ ნივთის შემქმნელის სტატუსზე (არის ეს ნივთი ხელნაკეთი ოქროსა ვერცხლზე მომუშავე ოსტატის მიერ თუ არა).
აღნიშნულის დადგენის გარეშე საბაჟო დეპარტამენტს არ ჰქონდა ნივთის სასაქონლო კოდის თვითნებურად შეცვლის უფლება.
დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზნით განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, რომ მომხდარიყო საბაჟო დეკლარაციის კორექტირება რაზეც, შემოსავლების სამსახურის 2.06.2023 წლის წერილით განემარტა 7114 სასაქონლო პოზიციაში „ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი“ ნიშნავს მოსართავებს, ჭურჭელს, ტუალეტის საკუთნოებს, მოსაწევ საკუთნოებს და სხვა საოჯახო ან დაწესებულებებში სახმარ ნივთებს ან რელიგიური დანიშნულების საგნებს. ვინაიდან მიღებული საქონელი წარმოადგენს ყელსაბამს კლასიფიცირდება 7113 სასაქონლო პოზიციაში „საიუველირო ნაწარმი“.
ყოველგვარი ექსპერტიზის ან სხვა მტკიცებულების (კომპანია CHOPARTD-ს აქვს წარმომადგენლობა საქართველოში სადაც შეიძლებოდა კოდის გადამოწმება, აღნიშნული კომპანია მსოფლიო მასშტაბით სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, სასაქონლო ნომენკლატურის კოდებს ინვოისებში უთითებს უმაღლესი სანდოობით და მომჩივნის ან სხვა მომხმარებლის მიზეზით არ ჩადის სიყალბეს) გარეშე საბაჟო ორგანოს უფლება არ ჰქონდა შეეცვალა სასაქონლო კოდი სრულიად გაურკვეველი წარმოშობის მოსაზრების საფუძველზე და ითხოვს დაევალოს მათ მოახდინონ ინვოისში მითითებული სასაქონლო კოდის მიხედვით მოახდინონ დეკლარაციის კორექტირება.
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15878 ბრძანება და დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მოახდინოს საბაჟო დეკლარაციის კორექტირება ინვოისში მითითებული სასაქონლო კოდის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. 3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 30-ე მუხლის მე-2 პინქტის მიხედვით, საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ავსებს გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას.
ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, გადამზიდველს უფლება აქვს, განახორციელოს საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში ან/და ნუსხა №4-ში ცვლილების შეტანა საბაჟო ორგანოს მიერ მისი დამუშავების (შემოწმება, შეფასება) დაწყებამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საგარეოეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესებს.
ამავე ინსტრუქციის 71-ე ჯგუფის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის თანახმად:
- 7113 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი ,,საიუველირო ნაწარმი’’ ნიშნავს ნებისმიერ წვრილმან პირად სამკაულს (ძვირფასი ქვებითა ან მათ გარეშე) (მაგალითად, ბეჭდებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს, გულსაბნევებს, ქინძისთავებს, საყურეებს, საათის ძეწკვებს, ბრელოკებს, კულონებს, ჰალსტუხის ქინძისთავებს, საკინძებს, რელიგიურ ან სხვა მედლებსა და ნიშნებს).
- 7114 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი ,,ოქროსა და ვერცხლის ოსტატთა ნაკეთობანი’’ ნიშნავს მოსართავებს, ჭურჭელს, ტუალეტის საკუთნოებს, მოსაწევ საკუთნოებს და სხვა საოჯახო ან დაწესებულებებში სახმარ ნივთებს ან რელიგიური დანიშნულების საგნებს.
დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №"------" წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მის მიერ იმპორტირებულ ყელსაბამზე სასაქონლო ნომენკლატურული კოდის შესწორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის განმარტებით, ორივე კოდს აქვს აბსოლუტურად იდენტური საქონლის ჩამონათვალი. საიუველირო ნაკეთობა ზოგადად შესაძლებელია დამზადებული იყოს ოქროსა და ვერცხლზე მომუშავე ოსტატის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლასიფიცირება დამოკიდებულია მწარმოებელზე ანუ ნივთის შემქმნელის სტატუსზე (არის ეს ნივთი ხელნაკეთი ოქროსა ვერცხლზე მომუშავე ოსტატის მიერ თუ არა). აღნიშნულის დადგენის გარეშე საბაჟო დეპარტამენტს არ ჰქონდა ნივთის სასაქონლო კოდის თვითნებურად შეცვლის უფლება.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ძვირფასი ლითონისგან (ოქროსგან) დამზადებული ყელსაბამი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად კლასიფიცირდება 7113 პოზიციაში.
საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ 3.05.2023 წლის №"-----" საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით დეკლარირებული საქონლის კლასიფიცირება განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება
ფაქტების აღწერა
23.04.2023 წელს სს „------ - ის“ (ს/ნ"-----") მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"-----"საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 68 აშშ დოლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 68 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. მებაჟე-ოფიცრის მიერ №"-----" ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 68 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ყელსაბამი) ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 2 583 აშშ დოლარი.
აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 2 093.75 ლარის ოდენობით, რაზეც, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 093.75 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 68 აშშ დოლარად და ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება. აღნიშნული ქმედება არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
4.04.2023 წელს გამოიწერა ნივთი (დაბადების დღის საჩუქარი მეუღლისგან 4.05.2023 წლისთვის, მწარმოებელი კომპანია CHOPARD) FARFETCH-დან. მეორე დღეს ნახა მეილზე მიწერილი შეკვეთის გაუქმების შესახებ ბარათის უსაფრთხოების მიზეზით. წერილს მეილითვე უპასუხა განაწყენების შესახებ. შემდგომ აღმოჩნდა, რომ სააღდგომო დღესასწაულების დროს აღნიშნული შეკვეთა გამოაგზავნეს, ხოლო თანხა ბლოკში დატოვეს, რაც უყურადღებობით გამორჩა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე.
პარალელურად სხვა ნივთიც ჰქონდა გამოწერილი რომლის ღირებულებაც შეადგენდა 68 აშშ დოლარს. გადამზიდავ კომპანიას USA2GEORGIA-ს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, არ უჩანდა ამანათი, რომლის ჩამოსვლის რეისიც ვერაფრით დაადგინა. ხოლო როცა დაუკავშირდნენ შეცდომით მიიჩნია, რომ ეს სწორედ ამ 68 დოლარიან ღირებულების ნივთს ეხებოდა.
აღიარებს, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა, მაგრამ უკვე 13 წელია სარგებლობს სხვადასხვა საიტიდან პირადი ნივთების გამოწერის სერვისით და არასდროს მსგავსი შეფერხება და დამაბნეველი სიტუაცია არ ჰქონია, ყოველთვის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შექმნილმა ალტერნატიულმა გარემოებამ და უყურადღებობამ გამოიწვია უნებლიე შეცდომა და მიაჩნია, რომ აღნიშნულის გათვალიწინებით კანონის მთელი სიმკაცრით არ უნდა დასჯილიყო.
მიუთითებს, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც ფიზიკურ პირს, რომელიც სრულად იყო მინდობილი სახელმწიფო სტრუქტურების და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენელთა გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებაზე, რომელსაც მანამდე მსგავს არასტანდარტულ სიტუაციაში ქმედების განხორციელების გამოცდილება არ ჰქონია, (მოსალოდნელი 465 აშშ დოლარის ნაცვლად, სულ გადასახდელმა განბაჟების დღგ-ს, იმპორტის გადასახადისა და ჯარიმის თანხამ ჯამში შეადგინა 4 245,75 ლ), ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების არსებობის გამო, მომჩივანის მიმართ შედგენილი, საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.06.2023 წლის №19946/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის ("-----") მიმართ იმავე დავის საგანზე (შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო) მიერ მიღებული, 28.06.2023 წლის №19946/2/2023 გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გამოწერილი ნივთის განბაჟებისას და შესაბამისად საბაჟო გადასახდელი გაანგარიშებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეცდომებს, რამაც გამოიწვია როგორც გადასახდელი თანხის ასევე დარიცხული ჯარიმის მნიშვნელოვანი ცვლილება.ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15878 ბრძანება და დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მოახდინოს საბაჟო დეკლარაციის კორექტირება ინვოისში მითითებული სასაქონლო კოდის შესაბამისად.
2.მოჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11361 ბრძანება და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების არსებობის გამო, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №EL207661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
2.გადამხდელის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 68 აშშ დოლარი.ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 68 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 2 583 აშშ დოლარი.მომჩივანს, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით დეკლარირებული საქონლის კლასიფიცირება განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო,კოდექსის შემდეგ ნორმებს :
35,167(1).