ბრძანება N 22381

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 22381
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 22381

16 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2024 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------“-ის (ს/ნ "------") 2024 წლის 23 მაისის №85029/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. არ არის გათვალისწინებული პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათები, კერძოდ ფიზიკურ პირებზე 1 500 ლარამდე დარიცხული ხელფასის შემთხვევაში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი თითოეულ ფიზიკურ პირზე 150 ლარის ოდენობით.

2. სრულყოფილად არ არის ასახული და გათვალისწინებული მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები (6 000 ლარამდე), ფაქტობრივად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აღნიშნული კატეგორიის ფიზიკურ პირებზე სულ გაცემულია 35 700 ლარი, გადაანგარიშებაში გათვალისწინებულია მხოლოდ 22 500 ლარი, დარჩენილი 13 200 ლარი ექვემდებარება დამატებით გათვალისწინებას.

3. ხელფასების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გასაცემი ხელფასები ბანკიდან მიღებულ თანხებთან ერთად გამოყენებულია კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემმოწმებლის მიერ არ არის შემცირებული 37 258 ლარი სალაროს ნაშთის გამოთვლისას, კერძოდ, სალაროში არსებული ნაღდი ფული, რომელიც გამოყენებული იქნა ხელფასების გაცემაზე. შედეგად აღნიშნული თანხა ზედმეტად მოხვდა ანგარიშვალდებულ პირზე არსებული თანხების ნაშთში შემოწმების ბოლოსათვის და შესაბამისად არამართლზომიერად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

4. შემმოწმებელმა არამართლზომიერად არ გაითვალისწინა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი.

5. არ არის გათვალისწინებული შპს „N1-ზე“ 2020 წლის 4 მარტს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 6 600 ლარი.

6. არ არის გათვალისწინებული დამფუძნებლის მიერ 2018-2019 წლებში კომპანიის საბრუნავი საშუალებების შესავსებად განხორციელებული დროებითი შენატანები 11 670 ლარის ოდენობით, რომლებიც დამფუძნებლის მიერ აღნიშნულ პერიოდებში შეტანილია უშუალოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე და მათ შესახებ საბანკო ამონაწერები წარდგენილია შემოწმებისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „-------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 28 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 259 ლარი და ჯარიმა 9 712 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 მაისის №12637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 25 სექტემბრის №23326/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12637 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 სექტემბრის №23326/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

მომჩივანი საჩივარში უთითებს მთელ რიგ საკითხებს, რომელიც გადაანგარიშების ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ დაუსწრებლად განიხილა საჩივარი და მხოლოდ ცალმხრივად აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით, ისე რომ არ მოუსმენია მისი განმარტებები, არ უმსჯელია იმ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე რომელიც საჩივართან ერთად ჰქონდა წარდგენილი, შესაბამისად საბჭომ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. წარმოდგენილია როგორც ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტები, ასევე დამატებით გაანგარიშებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლისას, წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას (მონტაჟი), რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. ასევე, საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლისას, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასების ნაწილის სალაროდან გაცემულად ჩათვლა. შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით წარმოდგენილი მასალები შესწავლიალია გადამხდელთან ერთად და შემცირდა დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ:

პირველ და მე-2 არგუმენტთან დაკავშირებით, პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათები გათვალისწინებულია. ხოლო, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ნაწილში, 2020 და 2021 წლებში საწარმოს არ შეუსრულებია სამუშაოები მაღალმთან დასახლებაში, ხოლო ის ფაქტი, რომ დაქირავებული პირი არის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები, არ არის საკმარისი პირობა საშემოსავლო გადასახადისგან გასათავისუფლებლად. აღნიშნულის მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი.

მე-3 არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების მიმდინარეობისას, შპს ,,------“-ის ნაღდი ფულის ნაშთის დადგენის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადამხდელის განცხადებით, ნაღდი ფულის შესანახი სალარო არ გააჩნია. შესაბამისად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ვერ იქნებოდა.

მე-4 არგუმენტთან დაკავშირებით, შეძენილი ბორდიურები გათვალისწინებულია ნაღდ ფულის გაანგარიშებაში, რომელიც შემოწმების პროცესში გადაგზავნილია გადამხდელთან არაერთხელ. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირებისგან შეძენილ მეტალო-პლასტმასის მასალებს, გადამხდელის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის გათვალისწინების შემთხვევაში, მოხდება მისი გადახარჯვა, რაც გამოიწვევს დამატებით რეალიზაციას და დამატებით დარიცხვას. შესაბამისად წარმოდგენილი არგუმენტები არამართლზომიერია.

მე-5 არგუმენტთან დაკავშირებით გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაში კი არ არის წარმოდგენილი შპს „N1-ს“ მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც გადამხდელის განმარტებით დაიფარა შესამოწმებელ პერიოდში (პროდუქცია მიღებულია შესამოწმებელ პერიოდამდე) და ექვემდებარება ნაღდი ფულის გაანგარიშებაში გათვალისწინებას. აღნიშნულის დადასტურება არ მომხდარა არც შპს „N1-ს“ მიერ, შესაბამისად მისი გათვალისწინება შემოწმების პროცესში არ განხორციელდა.

მე-6 არგუმენტთან დაკავშირებით გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო ჩატარებული ანალიზის საფუძველზე არ დადგინდა დამფუძნებლის შენატანის საჭიროება. შესაბამისად მისი გათვალისწინება შემოწმების პროცესში არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. წარმოდგენილია როგორც ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტები, ასევე დამატებით გაანგარიშებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლისას, წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას , რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. ასევე, საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლისას, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასების ნაწილის სალაროდან გაცემულად ჩათვლა. შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)