გადაწყვეტილება №22314/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22314/2/2024
15 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22314/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის №006-632 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1534 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 68 740.12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 44 034
დღგ- 35 909
მოგების გადასახადი - 7663
საშემოსავლო გადასახადი - 462
ჯარიმა - 20 084
საურავი - 4 622.12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა, ასევე, ახდენს სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაციას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 13 მარტიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე.
შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა რომ:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 13 მარტს. უმრავლეს შემთხვევაში არის ქვეკონტრაქტორი სხვადასხვა ტენდერში და საკუთარი მასალითა და სამუშაო ძალით ასრულებს სამუშაოებს, რიგ შემთხვევებში თავადვე ჰყავს ქვეკონტრაქტორი და შეიძენს მომსახურებას. ერთ-ერთი დამკვეთი არის შპს „----------“ (ს/ნ ----------), რომლისგანაც 2023 წლის მაისის თვეში მიღებული აქვს ავანსი 258 640 ლარის ოდენობით, ---------- რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (გაწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში). გადასახადის გადამხდელმა, 2023 წლის ივნისის თვის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეიმცირა ავანსის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხით სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ---------- რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება და პროექტი დასრულებული არ არის. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომსახურების მიმღებმა (შპს „----------“ (ს/ნ ----------)), ნაწილობრივ განაშთა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა, გაიზარდა, 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს შეძენილი აქვს 188 843 ლარის ღირებულების საწვავი (დღგ-ის ჩათვლით), მათ შორის, ბენზინი 43 428 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია 3 სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მოიხმარს დიზელს და მათი გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში დასტურდება. რაც შეეხება ბენზინის მოხმარებას, მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მოთხოვნილ იქნა საწვავის ჩამოწერის აქტები და ახსნა-განმარტება საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, რომელიც დღეის მდგომარეობით წარდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ბენზინის ხარჯი ჩაითვალა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიბეგრა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ მომჩივნის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ იქნა სხვადასხვა ტვირთი, რიგ შემთხვევებში აღნიშნული მონაცემები განსხვავებულია გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ადგილობრივ გადაზიდვებში საბაზრო ფასით ჩათვლილ იქნა დასაბეგრ ბრუნვაში, შესაბამის პერიოდებში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული რეისების რაოდენობები. რეისიდან მიღებული შემოსავალი კი განისაზღვრა ანალოგიურ რეისებზე აუდირებული ღირებულებით. ადგილობრივი გადაზიდვებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლით გაზრდილ იქნა 18%-იანი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №31392 ბრძანება და ამავე თარიღის №006-632 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1534 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის ივნისის თვეში მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბუღალტერის მიერ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება ავანსის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხით სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ---------- რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება და პროექტი დასრულებული არ არის. ვინაიდან, აღნიშნული დარიცხვა მოხდა შეცდომით და გამოუცდელობით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისგან (20 084 ლარი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების მიხედვით:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივნის განმარტებით, 2023 წლის ივნისის თვეში მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბუღალტრის მიერ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება ავანსის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხით სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ---------- რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება და პროექტი დასრულებული არ არის. ვინაიდან, აღნიშნული დარიცხვა მოხდა შეცდომით და გამოუცდელობით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისგან (20 084 ლარი) გათავისუფლებას.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განმარტებით, 2023 წლის ივნისის თვეში მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბუღალტრის მიერ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება ავანსის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხით სრულად, მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება და პროექტი დასრულებული არ არის. ვინაიდან, აღნიშნული დარიცხვა მოხდა შეცდომით და გამოუცდელობით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისგან (20 084 ლარი) გათავისუფლებას. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275; 269(7).