ბრძანება N 22751

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.10.2025
№ დოკუმენტი 22751
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22751

21 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 2 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 2 სექტემბრის №97805/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აგვისტოს №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გასანაშთი ავანსების თანხის შემცირებას. განმარტავს, რომ გადამხდელს პროექტის ფარგლებში, ტრაქტორების შესაძენად, ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს ავანსები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად აქვს დაბეგრილი. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში წარადგინა ავანსების განაშთვისა და დაბეგვრის გაანგარიშება, რომლის შედეგად დგინდება, რომ ავანსიდან გასანაშთი თანხა შეადგენს 5 063 939 ლარს, ნაცვლად შემოწმების მიერ განსაზღვრული 4 423 082 ლარისა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ მისთვის უცნობია სხვაობის გამომწვევი მიზეზები და ითხოვს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 თებერვლის №3311 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 აგვისტოს №18347 ბრძანება და 15 აგვისტოს №005-154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 141 477 ლარი, მათ შორის, გადასახადი 99 285 ლარი, ჯარიმა 35 129 ლარი, საურავი 7 063 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შემოწმების მიერ დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან გადასახადის გადამხდელს პროექტის ფარგლებში უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან ავანსების მიღება ტრაქტორების შესაძენად. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, დეკლარაციების თანახმად, 2021 წელს გადამხდელს დაბეგრილი აქვს 6 194 710 ლარი, ხოლო განაშთული აქვს 1 771 628 ლარის ოდენობით ავანსი. შესაბამისად, საწყისი ავანსი 2022 წლის საანგარიშო პერიოდისთვის შეადგენს 4 423 082 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიღებული ავანსის ნაშთი, დღგ-ის გარეშე, შეადგენს 290 792 ლარს. მიუხედავად აღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საავანსო ბრუნვა შეადგენს 4 684 280 ლარს, ხოლო განაშთული ავანსი 9 293 161 ლარს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადამხდელმა შემოწმების ფარგლებში წარმოადგინა ავანსების განაშთვისა და დაბეგვრების გაანგარიშება, რაც განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან. საბოლოოდ დადგინდა, რომ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი ავანსიდან გადამხდელი ნაშთავს 5 063 939 ლარს, ნაცვლად 4 423 082 ლარისა, რითაც კომპანია ითხოვს 2022 წლამდე დაუბეგრავი ავანსის თანხით სარგებლობას და მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კუთვნილი დასაბეგრი ბრუნვების შემცირებას 640 857 ლარზე.შემოწმების მიერ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დასაბეგრი და განაშთული ავანსების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა 463 217 ლარის ოდენობით.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიმდინარე საგადასახადო პერიოდში უფლება აქვს შეიმციროს დასაბეგრი ბრუნვა მხოლოდ წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსის თანხის მიხედვით. აღნიშნული წესის თანახმად, საქონლის/მომსახურების მიწოდების ეტაპზე დარიცხული დღგ-ის განაშთვა ხდება ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხით. სწორედ ამავე პრინციპზე დაყრდნობითა არის შევსებული დღგ-ის დეკლარაციის (დეკლარაციის უჯრების) კომენტარები, კერძოდ, დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი სტრიქონის შევსების კომენტარში მითითებულია, რომ თუ წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული და დაბეგრილი ე.წ ავანსის სანაცვლოდ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ხდება საქონლის/მომსახურების მიწოდება, მაშინ შეიტანება ანაზღაურების მთლიან თანხასა და ავანსის თანხას შორის სხვაობის თანხა.

ამასთან, კანონმდებლობა, მათ შორის, არც საგადასახადო დოკუმენტის და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წესი, არ ითვალისწინებს საქონლის/მომსახურების მიწოდების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი თანხის შემცირებას დაუბეგრავი ავანსის თანხით. შესაბამისად, შემოწმებით კორექტირებას (აღდგენას) დაექვემდებარა განაშთული ავანსები შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით განაშთული ავანსების პროპორციულად. ასევე, გარკვეულ შემთხვევაში შემცირდა მიმდინარე ავანსები და სხვაობამ სალდირებულად შეადგინა 463 217 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები საანგარიშო პერიოდების მიხედვით და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა სალაროსა და საბანკო ამონაწერებით დადასტურებული განაცემები, ასევე, დღგ-ის დეკლარაციაში ასახული საწვავის მიწოდება თანამშრომლებზე.

ამასთან, მომსახურების გამწევი ერთ-ერთი ფიზიკური პირი მომსახურების გაწევის პერიოდში რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ და წარადგენს დეკლარაციებს (დადეკლარირებული თანხები აჭარბებს შპს „---“-ისგან მიღებულ თანხებს), შესაბამისად, აღნიშნულ პირზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო დანარჩენ ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, განაწილებული მოგების ნაწილში გამოვლინდა მცირე ტექნიკური ხარვეზები, კერძოდ, გადამხდელს 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული მოგება 2 362 ლარის ოდენობით, ასევე, ამავე პერიოდის საბუღალტრო აღრიცხვით დგინდება, რომ გადახდის წყაროსთან დაკავებული აქვს 2 632 ლარი, შესაბამისად, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობით (270 ლარი) გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა.

ამასთან, გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული მოგება 110 343 ლარის ოდენობით, რაც ემთხვევა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული აქვს 107 663 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობით (2 680 ლარი) გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს გაცემული ხელფასების, მომსახურების სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურებისა და განაწილებული დივიდენდების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 130-ე, და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ავანსების განაშთვისა და დაბეგვრის გაანგარიშება, რომლითაც დგინდება, რომ ავანსიდან გასანაშთი თანხა შეადგენს 5 063 939 ლარს, თუმცა შემოწმებამ აღნიშნული არ გაითვალისწინა. აცხადებს, რომ შემოწმებას გაანალიზებული აქვს მხოლოდ 2021 წლის სექტემბრის თვიდან დაწყებული საანგარიშო პერიოდები და მოიცავს 2021 წლის სექტემბერი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდის ციფრებს, რომლითაც ინაშთება მხოლოდ აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა, ხოლო გადამხდელის მიერ ჩატარებულია სრული პერიოდის ანალიზი (2017 წლიდან დაწყებული) და დგინდება, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში (2017-2021 წლები) ავანსის კვალიფიკაციით დაბეგრილია ჯამში 12 040 043 ლარი, ამავე პერიოდში განაშთული აქვს 6 857 874 ლარი, შესაბამისად, სხვაობა შეადგენს 5 182 169 ლარს, ნაცვლად, შემოწმების მიერ განსაზღვრული 4 423 082 ლარისა. მიუთითებს, რომ მიღებული ავანსები დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად და მათი განაშთვაც უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსის განაშთვასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები საანგარიშო პერიოდების მიხედვით და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა სალაროსა და საბანკო ამონაწერებით დადასტურებული განაცემები. ამასთან, შემოწმების მიერ შემცირდა მომსახურების გამწევი ერთ-ერთ მეწარმე ფიზიკური პირზე გაცემული თანხები, ხოლო დანარჩენ ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, განაწილებული მოგების ნაწილში გამოვლინდა მცირე ტექნიკური ხარვეზები, კერძოდ, გადამხდელს 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული მოგება 2 362 ლარის ოდენობით, ასევე, ამავე პერიოდის საბუღალტრო აღრიცხვით დგინდება, რომ გადახდის წყაროსთან დაკავებული აქვს 2 632 ლარი, შესაბამისად, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობით (270 ლარი) გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა.

გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული მოგება 110 343 ლარის ოდენობით, რაც ემთხვევა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული აქვს 107 663 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობით (2 680 ლარი) გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს გაცემული ხელფასების, მომსახურების სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურებისა და განაწილებული დივიდენდების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსის განაშთვასთან დაკავშირებით მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გასანაშთი ავანსების თანხის შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან გადასახადის გადამხდელს პროექტის ფარგლებში უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან ავანსების მიღება ტრაქტორების შესაძენად. შემოწმებით კორექტირებას (აღდგენას) დაექვემდებარა განაშთული ავანსები შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით განაშთული ავანსების პროპორციულად. ასევე, გარკვეულ შემთხვევაში შემცირდა მიმდინარე ავანსები და სხვაობამ სალდირებულად შეადგინა 463 217 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები საანგარიშო პერიოდების მიხედვით და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა სალაროსა და საბანკო ამონაწერებით დადასტურებული განაცემები, ასევე, დღგ-ის დეკლარაციაში ასახული საწვავის მიწოდება თანამშრომლებზე.

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს გაცემული ხელფასების, მომსახურების სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურებისა და განაწილებული დივიდენდების მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსის განაშთვასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მეორე სადავო საკითხის ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 8 (12); 981; 130 (1); 154 (1); 101 (1).