ბრძანება N 24254

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 24254
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24254

15 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------”-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „-------”-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 20 ოქტომბრის №92452/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №045-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატყეო სააგენტოს მიერ, სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში, გაწეული მომსახურებისთვის ჩარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ 2021 წელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ჩაერიცხა 74 890 ლარი. გადამხდელი განმარტავს, რომ 74 890 ლარი მთლიანად ხელფასად არ იყო გაცემული, თუმცა შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადი მაინც დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხიდან. განმარტავს, რომ გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯები ჯამში შეშის დამზადებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით გახარჯული იქნა 74 860 ლარი. მიუთითებს, რომ 2021 წელს შექმნილი არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან (უხვი ნალექები) გამომდინარე, ასევე, კოვიდ19 ვირუსის გავრცელების და ზოგიერთი შეზღუდვების გამო, საწარმოს შეუფერხდა ტყე-კაფვა და ხე-ტყის დამზადების საქმიანობა. შედეგად, ვეღარ ესწრებოდა სკოლებში და საწყობში შეშის შეტანა, რის გამოც, გადამხდელის განმარტებით, მოუწიათ ხარჯების საგრძნობი გაზრდა. მიუთითებს ფინანსურ პრობლემებზე, ასევე აღნიშნავს, რომ საწარმო აღარ ახორციელებს საქმიანობას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №14200 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------”-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 15 ივნისიდან 2024 წლის 13 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 3 ოქტომბრის №21627 ბრძანება და ამავე თარიღის №045-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 811 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 680 ლარი, ჯარიმა 9 340 ლარი, საურავი 9 791 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 15 ივნისს, ხოლო დღგს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. სსიპ სატყეო სააგენტოსა და შპს „-------“-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. კერძოდ, შპს „-------“-ს უნდა გაეწია სსიპ სატყეო სააგენტოსთვის 998.9 კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურება. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 74 890 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი მომსახურების გაწევას და მიღება-ჩაბარების გაფორმებას სატყეო სააგენტოსთან ახორციელებდა ეტაპობრივად 2021 წლის საანგარიშგებო პერიოდში. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა სატყეო სააგენტოს მიერ კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული თანხების გადარიცხვა ხდებოდა დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება გამოწერილი/მიღებული დოკუმენტები, აგრეთვე შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც აფიქსირებს, რომ გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საწვავის შეძენა, ტექნიკის იჯარა, მუშახელის დაქირავება, მუშახელის კვება), თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ყველა ხარჯი, რომელიც შემოსავლის მიღებასთან არის დაკავშირებული უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დოკუმენტები, არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, დირექტორზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმების მიერ დადგენილ გაცემულ ხელფასებსა და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხელფასებს შორის სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სსიპ სატყეო სააგენტოსა და შპს „-------“-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება 998.9 კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 74 890 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი მომსახურების გაწევას და მიღება-ჩაბარების გაფორმებას სატყეო სააგენტოსთან ახორციელებდა ეტაპობრივად 2021 წლის საანგარიშგებო პერიოდში. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა სატყეო სააგენტოს მიერ კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული თანხების გადარიცხვა ხდებოდა დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება გამოწერილი/მიღებული დოკუმენტები, აგრეთვე შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც აფიქსირებს, რომ გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საწვავის შეძენა, ტექნიკის იჯარა, მუშახელის დაქირავება, მუშახელის კვება), თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დოკუმენტები, არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, დირექტორზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2021 წელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან ჩარიცხული თანხა მთლიანად ხელფასად არ იყო გაცემული. გადამხდელის განმარტებით ზემოაღნიშნული თანხების განკარგვა მოხდა შემდეგნაირად: შეშის დამზადების ხარჯი 53 100 ლარის ოდენობით (მათ შორის, ავტომანქანის და ხერხის საწვავის ღირებულებები), მუშების ხელფასი 14 160 ლარის ოდენობით, გაუთვალისწინებელი ხარჯები 7 600 ლარის ოდენობით, ჯამში შეშის დამზადებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით გახარჯული იქნა 74 860 ლარი. განმარტავს, რომ 2021 წელს შექმნილი არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან (უხვი ნალექები) გამომდინარე, ასევე, კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების და ზოგიერთი შეზღუდვების გამო, საწარმოს შეუფერხდა ტყე-კაფვა და ხე-ტყის დამზადების საქმიანობა. შედეგად, ვეღარ ესწრებოდა სკოლებში და საწყობში შეშის შეტანა, რის გამოც, გადამხდელის განმარტებით, მოუწიათ ხარჯების საგრძნობი გაზრდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საწვავის ხარჯის გაწევის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------”-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატყეო სააგენტოს მიერ, სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში, გაწეული მომსახურებისთვის ჩარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სსიპ სატყეო სააგენტოსა და მომჩივანს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა სატყეო სააგენტოს მიერ კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული თანხების გადარიცხვა ხდებოდა დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება გამოწერილი/მიღებული დოკუმენტები, აგრეთვე შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც აფიქსირებს, რომ გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საწვავის შეძენა, ტექნიკის იჯარა, მუშახელის დაქირავება, მუშახელის კვება), თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დოკუმენტები, არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, დირექტორზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმების მიერ დადგენილ გაცემულ ხელფასებსა და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხელფასებს შორის სხვაობა, დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საწვავის ხარჯის გაწევის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 105(2)