ბრძანება N 13961
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13961
27 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------------ის (პ/ნ -------------------)
(მის.: --------------------------------)
2025 წლის 7 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ------------ის (პ/ნ -------------------) №96101/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ USA2GEORGIA-ს მეშვეობით შეიძინა აუქციონზე მობილური ტელეფონი, რომელშიც გადაიხადა 307 აშშ დოლარი. USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდზე დეკლარირებისას 307 დოლარის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 37 აშშ დოლარი, რასაც არ დააკვირდა. მოგვიანებით შეეცადა რედაქტირებას, რაც ვერ განახორციელა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ჯარიმა არ ეკუთვნის, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის მოთხოვნისთანავე ატვირთა 307 აშშ დოლარის შესაბამისი ინვოისი და კომენტარში მიუთითა, რომ ამანათში არის ტელეფონი, შესაბამისად მისი ღირებულება ვერ იქნებოდა 37 აშშ დოლარი. მიუთითებს, რომ არის ინდივიდუალური მეწარმე და 17 წლის მანძილზე ჩამოაქვს ამანათები. მსგავსი შემთხვევა კი პირველად მოხდა და ტექნიკური ხარვეზის გამო გამორჩა „0“-ს მითითება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით გადახდილი ჯარიმის კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 30 მაისს სს “-------ის“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირი ------------ის (პ/ნ -------------------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------------საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 37 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ -------ის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 37 აშშ დოლარად, მისი ზოგადი დეკლარირება და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ №------- საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის გაცხადებული/დეკლარირებული ღირებულება არ შეესაბამებოდა რეალურს, კერძოდ: მიმღების მიერ წარდგენილი ინვოისის შესაბამისად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 307 აშშ დოლარი. შესაბამისად, საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის მითითებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 152,7 ლარის ოდენობით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ფიზიკურ პირ ------------ს (პ/ნ -------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 152,7 ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა იმავე დღეს.
საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, №------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა №------/----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია). მე-5 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------ის (პ/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს.მიაჩნია, რომ ჯარიმა არ ეკუთვნის და ითხოვს სადავო ოქმით გადახდილი ჯარიმის კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ფიზიკურ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 152,7 ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა იმავე დღეს.
საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 167(1);