ბრძანება N 1826

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2026
№ დოკუმენტი 1826
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1826

30 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 31 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----“ (ს/ნ ----) 2025 წლის 31 დეკემბრის №99748/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №006-484 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. მიუთითებს, რომ მათი შემოსავლები არ არის სრულად დღგით დასაბეგრი და აქვთ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვაც, როგორიცაა ადგილობრივი ქართული ხილ-ბოსტნის და ყველის რეალიზაცია. აქვთ 3 სავაჭრო ობიექტი (მარკეტი) და სწორედ ყველის და ქართული ხილ-ბოსტნის რეალიზაციით უმკლავდებიან ბრენდულ მარკეტებთან კონკურენციას. აცხადებს, რომ საკონტროლო შესყოდვის აქტებშიც არის დაფიქსირებული მათ მიერ ყველის და ხილ-ბოსტნის რეალიზაცია. ასევე, აღნიშნავს, რომ შემმოწმებლებისთვის მიწოდებული იყო შესყიდვის აქტები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივ აგრალურ ბაზარში ხდება ყველის და ხილ-ბოსტნეულის შესყიდვა. განმარტავს, რომ ბაზარში გამყიდველები არ აწვდიან პირად ნომრებს და არ აწერენ ხელს აქტებზე, თუმცა მათ მიერ ხდება შეძლებისდაგვარად ობიექტურად შესყიდვების აქტებად დაფიქსირება. შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული აქტები, ვინაიდან არ იყო დაფიქსირებული გამყიდველი ფიზიკური პირები. ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემოწმება არ გულისხმობდა ხარჯების დადგენას, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებული რეალიზაციის ფაქტის დასადასტურებლად საკმარისია მიწოდებული აქტები და საკონტროლო შესყიდვები. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ აქტებში უტყუარად იკვეთება, რომ მათ მიერ განხორციელებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათვისუფლებული რეალიზაციები. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მათ მიერ განხორციელებული დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინება.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №23017 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 დეკემბრის №26728 ბრძანება და ამავე თარიღის №006-484 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 280 026 ლარი, მათ შორის გადასახადი 171 716 ლარი, ჯარიმა

80 971 ლარი და საურავი 27 339 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შპს „-----“ (ს/ნ -----) რეგისტრირებულია 2023 წლის 03 ნოემბრიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ნებაყოფლობით 2024 წლის 19 მარტს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს უპირატესად კვების პროდუქტებით ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვებით დგინდება, რომ კომპანია ასევე ეწევა სწრაფი კვების პროდუქტების დამზადება/რეალიზაციას და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობასაც. გადასახადის გადამხდელს საკონტროლო სალარო აპარატები და ბანკის უნაღდო ანგარიშსწორების ტერმინალები რეგისტრირებული აქვს/ქონდა ქ. -----; გამსახურდიას ქ. N-------; ------ ქ.. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბანკო ტერმინალის ამონაწერები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე, 1601 და 165-ე მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 16.01.2024-ის თარიღით გადააჭარბა 100 000 ლარს. ოპერაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა, შეადგენს 1 701 ლარს. დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში (16.01.2024-19.03.2024) განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამი შეადგენს 121 159 ლარს. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 664 455 ლარს. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე (19.03.2024-დან განხორციელებულ ოპერაციებზე) და 282-ე (16.01.2024- 19.03.2024 პერიოდში) მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი განსაზღვრავს დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბანკო ტერმინალის ამონაწერები). შემოწმების მიერ განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 16.01.2024-ის თარიღით გადააჭარბა 100 000 ლარს. ოპერაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა, შეადგენს 1 701 ლარს. დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში (16.01.2024-19.03.2024) განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამი შეადგენს 121 159 ლარს. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 664 455 ლარს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად მათი შემოსავლები არ არის სრულად დღგ-ით დასაბეგრი და აქვთ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვაც, როგორიცაა ადგილობრივი ქართული ხილ-ბოსტნის და ყველის რეალიზაცია. აქვთ 3 სავაჭრო ობიექტი (მარკეტი) და სწორედ ყველის და ქართული ხილ-ბოსტნის რეალიზაციით უმკლავდებიან ბრენდულ მარკეტებთან კონკურენციას. აცხადებს, რომ საკონტროლო შესყიდვის აქტებშიც არის დაფიქსირებული მათ მიერ ყველის და ხილ-ბოსტნის რეალიზაცია. განმარტავს, რომ ბაზარში გამყიდველები არ აწვდიან პირად ნომრებს და არ აწერენ ხელს აქტებზე, თუმცა მათ მიერ ხდება შეძლებისდაგვარად ობიექტურად შესყიდვების აქტებად დაფიქსირება. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ აქტებში უტყუარად იკვეთება, რომ მათ მიერ განხორციელებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათვისუფლებული რეალიზაციები. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მათ მიერ განხორციელებული დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

2.გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს უპირატესად კვების პროდუქტებით ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვებით დგინდება, რომ კომპანია ასევე ეწევა სწრაფი კვების პროდუქტების დამზადება/რეალიზაციას და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობასაც. ოპერაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა, შეადგენს 1 701 ლარს. დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამი შეადგენს

121 159 ლარს. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს

2 664 455 ლარს. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;275;282;