გადაწყვეტილება №20483/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20483/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "----" (ს/ნ "----")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "----" 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20483/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება - სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №EL210789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17201 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 841,35 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
10.05.2023 წელს შპს N1-ის ს/ნ "----") მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"----"საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 1 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 1 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. მებაჟე-ოფიცრის მიერ №"----"ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 1 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ლეპტოპი) ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 1 780 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 841.35 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 25.05.2023 წელს შედგენილია №EL210789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 841.35 ლარის ოდენობით.
საბაჟო სანქციის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდგომ, 30.05.2023 წელს, საფოსტო გზავნილზე დარეგისტრირდა №"----" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4 896.611 ლარი, ხოლო კომპანიას დაერიცხა დღგ 881,35 ლარის ოდენობით. საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი 22.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.07.2023 წლის №17201 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2.05.2023 წელს კომპანიამ Ebay.com-ის ვებ-გვერდის მეშვეობით, გამოწერა/შეუკვეთა ნივთი, კერძოდ, 1 (ერთი) ცალი ლეპტოპი (გზავნილის ნომერი: № "----"), ღირებულებით 1 780 (ერთი ათას შვიდას ოთხმოცი) აშშ დოლარი. ვინაიდან, ტვირთი წარმოადგენდა საფოსტო გზავნილს, გადამზიდავი კომპანიის - შპს "N1-ის "-ის (ს/ნ "----") პორტალზე, კომპანიის მიერ ზოგადი წესით წარდგენილ იქნა დეკლარაცია და აიტვირთა შესაბამისი ინვოისი. საჩივარს ერთვის ინვოისი და გადამზიდავი კომპანიის პორტალზე აღნიშნული ინვოისის ატვირთვის დამადასტურებელ დოკუმენტი. დეკლარირების დროს, პროგრამული ხარვეზის შედეგად ნივთის ღირებულება დაფიქსირდა 1 (ერთი) აშშ დოლარი, რის შესახებაც ცნობილი გახდა უკვე ტვირთის ჩამოსვლის შემდგომ, მას შემდგომ რაც დაუკავშირდა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი და აცნობა აღნიშნულის თაობაზე.
სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადამზიდი კომპანიის პორტალზე ნივთის დეკლარირებისას, არსებული პროგრამული ხარვეზით, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტალზე დეკლარირების დროს ატვირთული იყო ინვოისი, სადაც მითითებული იყო ნივთის რეალური ღირებულება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ნივთის ღირებულება ფიქსირდება მხოლოდ ინვოისში, რომელიც როგორც აღინიშნა იმთავითვე აიტვირთა, შესაბამისად, განზრახვას არ წარმოადგენდა საბაჟო ორგანოს შეცდომაში შეყვანა, რაიმე ფორმით არასწორი მონაცემების წარდგენა და შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის შემცირება. აღნიშნული, როგორც ზემოთაც დავაფიქსირეთ განპირობებული იყო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. გარდა ამისა, კომპანიას თავი არ აურიდებია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული რაიმე გადასახადისთვის, რადგან აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში ჯეროვნად გადახდილია დამატებითი ღირებულების გადასახადი.
ამასთან, რადგან 1 აშშ დოლარის თანხის მითითება საბაჟო დეკლარაციაში მოხდა ტექნიკური შეცდომის გამო სახეზეა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული დარიცხული საბაჟო სანქციის (ჯარიმის) გათავისუფლების საფუძველი.
ამდენად, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №8) 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადამზიდი კომპანიის პორტალზე ნივთის დეკლარირებისას, არსებული პროგრამული ხარვეზით, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტალზე დეკლარირების დროს ატვირთული იყო ინვოისი, სადაც მითითებული იყო ნივთის რეალური ღირებულება. შესაბამისად, განზრახვას არ წარმოადგენდა საბაჟო ორგანოს შეცდომაში შეყვანა, აღნიშნული განპირობებული იყო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. რადგან 1 აშშ დოლარის თანხის მითითება საბაჟო დეკლარაციაში მოხდა ტექნიკური შეცდომის გამო სახეზეა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით საბაჟო სანქციისგან (ჯარიმისგან) გათავისუფლების საფუძველი.
საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"----" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა ღირებულებით 1 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზუსტად ის მონაცემები რაც მიეთითება და რის მიხედვითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდავის მიერ საფოსტო გზავნილების ნუსხა და არა ის ფაქტი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) იყო თუ არა ატვირთული. მებაჟე-ოფიცრის მიერ ხსენებულ ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა და საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) გამოთხოვა. რის შედეგადაც მომჩივანი დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამზიდმა კომპანიამ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 1 აშშ დოლარი.
საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 1 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 1 780 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 841.35 ლარის ოდენობით.
შედეგად,ც მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 841.35 ლარის ოდენობით. ასევე,კომპანიას დაერიცხა დღგ 881,35 ლარის ოდენობით. საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს,რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163(11),167.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №8) 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი.