გადაწყვეტილება №24826/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24826/2/2025
17 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 25.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24826/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №161-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1773 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
254 131,07 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 146 825
დღგ - 32 988
საშემოსავლო გადასახადი - 113 808
ქონების გადასახადი - 29
ჯარიმა - 73 036
საურავი - 34 270,07
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია სრულყოფილი ინფორმაცია: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამის „ორისის“ არასრულყოფილი ასლი. შემოწმების პროცესში შედარებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია, მიღებაჩაბარების აქტები, საბანკო ჩარიცხვები, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით მასალების შეძენა რომელიც გადაზიდულია მისამართებზე, სადაც საწარმოს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტებით პროექტის განხორციელება არ უფიქსირდება. აღნიშნული მასალები ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო რეალიზაციის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. გადასახადის გადამხდელთან 20.02.2024 წელს ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროს და ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვა-ანგარიშგებას.
შესაბამისად, არაპირდაპირ იქნა გაანგარიშებული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101- ე და 154-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №161-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, პროექტებთან მიმართებით შესაბამის ობიექტზე გადაზიდული მასალების/სასაქონლო ზედნადებების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 11.12.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 15 697 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 866 ლარით და ჯარიმა 4 831 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 25.12.2024 წლის №161-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1773 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მასალების შეძენის ნაწილი მიიჩნია საეჭვოდ, საერთო თანხით 79 765 ლარი, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში და მიღება-ჩაბარების აქტებში ვერ მიაკვლია სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ მისამართებს, რამაც გამოიწვია დამატებით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა - 19 941 ლარის ოდენობით და დღგ-ს დარიცხვა -12 168 ლარის ოდენობით. ახალი მოთხოვნის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა 79 765 ლარის შეძენილი მასალებიდან გაითვალისწინა 26 998 ლარის მასალა, თუმცა არ გაითვალისწინა 52 767 ლარის შეძენა. ძირითადი მიზეზი არის ამ შეძენების დროს გამოწერილი ზედნადებებში არასწორად მითითებული მისამართები, რომელიც ვერ შეედარა კომპანიის მიერ მოგებული სახელწიფო ტენდერების მისამართებს. არსებული პრობლემა გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული შეცდომით და დაუდევრობით. კომპანიამ ამ ფაქტის გამოსასწორებლად დაამყარა კომუნიკაცია მსხვილ მომწოდებლებთან როგორებიცაა: შპს --- და შეუთანხმდა, რომ აღნიშნული მისამართები წარმოადგენს დაუდევრობას, რაზეც მომწოდებლები მოიწერებიან ოფიციალურ წერილს. გარდა ამისა, კომპანიის ძირითადი დამკვეთი სახელმწიფო სტრუქტურებია, რაზეც მოგებულია ტენდერები და გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შემოწმება მოხდა არა მიღება-ჩაბარებაში აღნიშნული პროდუქციის დასახელებებით და რაოდენობებით, არამედ სასაქონლო ზედნადებებში ჩაწერილი მისამართებით, რაც უსამართლოა. გარდა ამისა სახელმწიფო სტრუქტურები ზედმიწევნით ზუსტად, უშეცდომოდ იბარებენ შესრულებულ სამუშაოს და დახარჯულ მასალას. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ზედნადებში მისამართის ველში დაშვებულ შეცდომას ან დაუდევრობას.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მთლიანად შესყიდული აქვს 1 022,605 ლარის ღირებულების მასალა, საიდანაც საეჭვო რჩება 52 767 ლარის მასალა, რაც მთლიანობაში სრული შესყიდვის 5,11% ია. კომპანიას 2021 წლის საწყის ეტაპზე გააჩნდა დავალიანება უპროცენტო სესხის სახით მისი დირექტორის და დამფუძნებლის ---ის მიმართ რომელიც შემოტანილი იყო სახელმწიფო ტენდერის (NAT---) სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და აღნიშნული თანხა შეადგენდა 76 590 ლარს, რომელზეც გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება (18.12.2020 წელი) და სალაროს გასავლის ორდერებით (17.03.2020 -9 300 ლარი; 25.03.2021 – 10 000 ლარი; 30.03.2021 – 8 520 ლარი; 28.05.2021- 6 100 ლარი; 12.06.2021 – 7 570 ლარი; 21.08.2021 – 6 400 ლარი; 26.08.2021 – 4 600 ლარი; 16.11.2021 – 5 600 ლარი; 19.11.2021 – 8 100 ლარი; 21.11.2021 – 5 000 ლარი 17.12.2021 – 5 400 ლარი) - დასტურდება მისი უკან დაბრუნება/გადახდა. კონკრეტული ინფორმაცია მოძიებულ იქნა შემოწმების დროს საბუღალტრო დოკუმენტაციის გავლის შედეგად. აღნიშნული თანხა გატანილია ნაწილ-ნაწილ იმდაგვარად რომ კომპანიას საფრთხე არ შექმნოდა შეესრულებინა სახელმწიფო ტენდერი N---. აღნიშნული საკითხი აუდიტორმა არ გაითვალისწინა იმ მიზეზით, რომ მოითხოვა შემოტანილი სესხის მიზნობრიობა. განემარტა, რომ თანხა გაიცა მცირე მეწარმეებზე დაგროვილი დავალიანების დასაფარად, რომლებიც ემსახურებოდნენ შპს ---ს, რათა დავალიანების დაფარვის შემდეგ პრობლემა არ შექმნოდა ზემოხსენებულ ტენდერს.
კომპანია თანამშრომლობს სანდო ხელოსნების ჯგუფთან, რაც ძირითადი საფუძველია ტენდერის ხარისხიანად შესრულებისთვის. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდის დროს კომპანია გააჩნდა ზარალი რამაც გამოიწვია დამფუძნებლის მიერ კომპანიაში სესხის სახით თანხის შემოტანა. 30.09.2023 წელს საწარმომ ---ს საქვეანგარიშოდ გატანილ თანხაზე 280 000 ლარზე გაუფორმა სესხის ხელშეკრულება და დაავალდებულა აღნიშნული თანხა დაფაროს 31.12.2024 წლამდე-140 000 ლარის ოდენობით და 31.12.2025 წელს 140 000 ლარის ოდენობით. აუდიტორმა არ გაითვალისწინა იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მიწოდება უნდა მომხდარიყო შემოწმების პერიოდში, თუმცა ისე მოხდა რომ წინა აუდიტორმა ისე ატვირთა საბოლოო აქტი და მოთხოვნა, რომ წინასწარ გაანგარიშება არ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ ვერ შეძლო ამ ხელშეკრულების მიწოდება შემოწმების პერიოდში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1773 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში შედარებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია, მიღებაჩაბარების აქტები, საბანკო ჩარიცხვები, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით მასალების შეძენა რომელიც გადაზიდულია მისამართებზე, სადაც საწარმოს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტებით პროექტის განხორციელება არ უფიქსირდება. აღნიშნული მასალები ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო რეალიზაციის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. არაპირდაპირ იქნა გაანგარიშებული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101- ე და 154-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304, 1, ბ.