ბრძანება N 26996-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.09.2020
№ დოკუმენტი 26996
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26996

09/09/2020

შპს ------------

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ივნისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №36 №58) განიხილა შპს ----- 2020 წლის 09 მარტის №52198/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის №007-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

არ ეთანხმება წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 29 ნოემბრის №41677 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ---------- საჩივარი, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია:

1. შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში უიმედო ვალის გათვალისწინების და გაცემულ სესხზე მისაღები პროცენტების ერთობლივ შემოსავალში ჩართვის საკითხი. ასევე, დამატებით შესწავლას დაექვემდებარა წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ- ს ჩათვლის გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 29 ნოემბრის №41677 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 13 თებერვლის დასკვნა შპს ----- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის და წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სადავო საკითხთან მიმართებით ირკვევა შემდეგი:

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებული აქვს 2015 წლამდე პერიოდის ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ჩათვლების მართლზომიერება, რის შედეგად დადგინდა რომ ჩათვლებში გათვალისწინებულია 2014 წლის წარმომადგენლობით ხარჯებზე (გახსნის საზეიმო ღონისძიება) გადახდილი დღგ. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს სარეკლამო ხარჯებს და შესაბამისად დღგ-ის ჩათვლები არ ექვემდებარება გაუქმებას. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სადავო საკითხში ასახული ღონისძიების ორგანიზატორთან (შემსრულებელი პირი) გაფორმებული ხელშეკრულების დანართი, რომელშიც დეტალურად არის გაშიფრული გაწეული მომსახურების სახეები და ღირებულება. აღნიშნული დანართის ანალიზის შედეგად დადგინდა რომ ღირებულების ძირითადი თანხიდან 355 678 ლარიდან გასართობ ღონისძიებებზე, სასმელზე, საკვებზე და სტუმრებისთვის (ძირითადად დამფუძნებელი კომპანიის წარმომადგენლები და საწარმოს თანამშრომლები) გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხა წარმოადგენს 342 197 ლარს, ხოლო სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხა, სრული ღირებულების 4%-ს - 13 481 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ რეკლამის ხარჯად განხილულ იქნა მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხები. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარა 2 056 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:

ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;

ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;

ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის;

ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით;

შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებული აქვს 2015 წლამდე პერიოდის ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები.

შემოწმებით შესწავლილ იქნააღნიშნული ჩათვლების მართლზომიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ჩათვლებში გათვალისწინებულია 2014 წლის წარმომადგენლობით ხარჯებზე (გახსნის საზეიმო ღონისძიება) გადახდილი დღგ. აღნიშნულზე დაყრდნობით შემცირდა გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

მომჩივანი განმარტავს, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს გაიმართა „--------“ საზეიმო გახსნის ცერემონია. მის მიზანს წარმოადგენდა -------- პოპულარიზაცია, პოტენციური კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების რაოდენობის ზრდა. ხელშეკრულების დანართი ასახავს ყველა ხარჯს, რომელიც გაწეული იქნა ღონისძიების ორგანიზებისთვის, მათ შორის: სცენის და სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობის ხარჯი, მომღერლების, მოცეკვავეების და წამყვანების მოწვევის ხარჯები, აუდიო და ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რეჟისორის, არტ-დირექტორის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების ხარჯები, სატრანსპორტო ხარჯები, ფურშეტის ხარჯები და სარეკლამო ხარჯები. ღონისძიების ორგანიზატორს ამავე ხელშეკრულებით ასევე დაევალა ღონისძიების პიართან დაკავშირებული რეკლამების ორგანიზება, კერძოდ კი რეკლამის უზრუნველყოფა ტელეკომპანიებში. ხელშეკრულების საერთო თანხაში შედიოდა ასევე შპს ----- -ის მომსახურების საფასური და ღონისძიების შემდგომი წვეულების გასამართი ფართის იჯარის თანხა. შპს ----- -ის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში ცალკეა გამოყოფილი ის საქონელი, რომლის მოწოდებაც კომპანიისთვის განხორციელდა ზედნადებებით, ხოლო სხვა დანარჩენი მომსახურების საფასური გაერთიანებულია პირველ პუნქტში ------- საზეიმო გახსნის ღონისძიების ორგანიზება“. ცხადად იკვეთება კომპანიის მიერ გამართული ღონისძიების მიზანი, რასაც წარმოადგენდა ----- პრეზენტაცია, მისი პოპულარიზაცია და მომავალში გაყიდვების ხელშეწყობა. გაწეული ხარჯის თითქმის 90% დაკავშირებული იყო არა მიღების/წვეულების ხარჯებთან, არამედ ღონისძიების ორგანიზების სხვა დანარჩენ ხარჯებთან (გასართობი ღონისძიებები, სტენდები, ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა, მენეჯმენტის ხარჯი და სხვა).

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სრულად გაუქმება და მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტისთვის გაწეულ ხარჯზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინება არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს საწარმოს მიერ აღნიშნული სარეკლამო სიუჟეტის მომზადებისთვის (საცხოვრებელი კომპლექსის პოპულარიზაციისთვის) გაწეულ ხარჯებზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლაში გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებული აქვს 2015 წლამდე პერიოდის ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დადგინდა რომ ჩათვლებში გათვალისწინებულია 2014 წლის წარმომადგენლობით ხარჯებზე გადახდილი დღგ. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს სარეკლამო ხარჯებს და შესაბამისად დღგ-ის ჩათვლები არ ექვემდებარება გაუქმებას. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება. შედეგად დადგინდა რომ ღირებულების ძირითადი თანხიდან 355678 ლარიდან გასართობ ღონისძიებებზე, სასმელზე, საკვებზე და სტუმრებისთვის გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხა წარმოადგენს 342197 ლარს, ხოლო სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხა, სრული ღირებულების 4%- -13 481 ლარს. შემოწმების მიერ რეკლამის ხარჯად განხილულ იქნა მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხები. შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარა 2 056 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტისთვის გაწეულ ხარჯზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინება არამართლზომიერია. ამდენად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს საწარმოს მიერ აღნიშნული სარეკლამო სიუჟეტის გაწეულ ხარჯებზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლაში გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(33)

01.01.2021 წლამდე მოქმედი 174(2); 174(3)