გადაწყვეტილება №23358/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23358/2/2024
01 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ის 24.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23358/2/2024).
დავის საგანი:
ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის და სალაროდან კომპანიაზე გადახდილად აღრიცხული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №072-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13400 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 238 293,45 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 135 919
დღგ - 54 604
მოგების გადასახადი - (- 1 425)
საშემოსავლო გადასახადი - 82 740
ჯარიმა - 81 400
საურავი - 20 974,45
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით. შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2023 წლის დეკემბრის თვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 208 192 ლარს, ხოლო შესაბამისი პერიოდის გონივრული ნაშთი - 0 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი 208 192 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადამხდელის საბუღალტრო პროგრამის ანალიზისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროდან თანხის გაცემა ე.წ. „-------“ კომპანიაზე (შპს ---------- ს/ნ ---------) 99 039 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში მოხდა დაკავშირება შპს --------- წარმომადგენლებთან, რომლებმაც წერილობითი ახსნა-განმარტების სახით დაადასტურეს, რომ აღნიშნული თანხა მათ არ მიუღიათ (მხოლოდ ბანკით ახდენენ ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციებს). გამომდინარე აღნიშნულიდან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ოპერაციის დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის განაცემად. საგადასახადო კოდექსის 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №072-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13400 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 72-ე, 105-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე.
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს სალაროდან გახარჯულ თანხებში დეკლარირებული/დაბეგრილი 9 500 ლარის გათვალისწინებას.
მიუთითებს, რომ ბუღალტრულ პროგრამა ორისში საწარმოს გამორჩენილი აქვს დივიდენდის თანხის სალაროდან გახარჯვის აღნიშვნა, რამაც შესაძლოა აუდიტის დეპარტამენტი შეიყვანა შეცდომაში. ასევე, მომჩივანი ითხოვს გაწეული ხარჯის გათვალისწინებას. წარმოდგენილი აქვს ხარჯთაღრიცხვა, სადაც მითითებულია სამუშაოები, სხვადასხვა მასალების გახარჯვა, რაც დადასტურებულია, თუმცა ეს მასალები შეძენის დოკუმენტებში არ ფიგურირებს (ლითონის კარი, მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა და ა.შ.).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემმოწმებლებმა მხედველობაში არ მიიღეს კომპანიის მიერ დაბეგრილი 9 500 ლარის დივიდენდის გაცემა და აღნიშნული თანხა დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით 25%.
შემოწმების აქტში საკითხი №3 და საკითხი №4 ეხება სალაროში დალექილი ნაშთების, დაუსაბუთებელი ხარჯების 25%-ით დაბეგვრას.
აღნიშნული დივიდენდის თანხა დაბეგრილი და დეკლარირებულია. მიწოდებულ ორისის პროგრამაშიც გამორჩენილია მოცემული დივიდენდის თანხის სალაროდან ხარჯვის აღნიშვნა, რაც შესაძლოა ყოფილიყო შემმოწმებლების შეცდომაში შეყვანის მიზეზი.
სალაროში ნაშთის დიდი ნაწილი გახარჯულია ისეთ მასალებზე, რომლებიც სამუშაო პროცესში გაიხარჯა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათი შეძენის დოკუმენტები ვერ იქნა მიღებული.
წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვებს, სადაც მითითებულია სამუშაოები, სხვადასხვა მასალების გახარჯვა, რაც დადასტურებულია, მაგრამ ეს მასალები შეძენის დოკუმენტებში არ ფიგურირებს (ლითონის კარი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა და ა.შ (დანართები)). ასევე სალაროს რეალურ ნაშთად ჩათვლილია 0 ლარი, გონივრული ნაშთიც კი არ არის გათვალისწინებული. თანხები ნაცვლად 20%-ისა დაბეგრილია 25%-ით.
ითხოვს შემმოწმებელს მიეცეს მითითება ხელახლა გადაიანგარიშოს სალაროს ნაშთი, გაითვალისწინოს სალაროდან გახარჯულ თანხებში დეკლარირებული და დაბეგრილი 9 500 ლარი და შეუმცირდეს უსაფუძვლოდ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
ითხოვს შეუმცირდეს დაუსაბუთებლად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, დოკუმენტების გარეშე გაწეულ ხარჯებზე გამოყენებული იქნას 75/25 მიდგომა, გათვალისწინებული იქნას სალაროში ფაქტიურად არსებული ნაშთი გონივრულობის ფარგლებში და დაუსაბუთებელი სალაროს ნაშთი დაიბეგროს 20%-ით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ბუღალტრულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაფიქსირებულია ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სალაროდან თანხის გაცემა ე.წ. „---------“ კომპანიაზე (შპს --------- ს/ნ ----------) 99 039 ლარის ოდენობით, რომლის წარმომადგენელმა წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხა არ მიუღია.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13400 ბრძანებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების და დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტს დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13400 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის და სალაროდან კომპანიაზე გადახდილად აღრიცხული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ბუღალტრულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაფიქსირებულია ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სალაროდან თანხის გაცემა კომპანიაზე რომლის წარმომადგენელმა წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხა არ მიუღია.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული 4 გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);101(1);154(1);