ბრძანება N 3253
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3253
22.02.2023
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 19 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №74031/1/2022 და №73999/1/2022 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №007-210 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ კომპანიის სავაჭრო ობიექტები აღჭურვილია საკონტროლო-სალარო აპარატებით და პოსტერმინალებით, რომლის საშუალებით ხდება საცალო ვაჭრობა. ობიექტები აღჭურვილია ასევე სასაწყობე სავაჭრო პროგრამა-მარკეტით. აღნიშნულ პროგრამაში ინდივიდუალურად ხდება თითოეული გასაყიდი საქონლის აღრიცხვა შეძენის თვითღირებულებით და რეალიზაციის დროს მათი თვითღირებულებით ჩამოწერა, ასევე თითოეულ საქონელს ენიჭება გასაყიდი საცალო ფასი და გაყიდვისას რეალიზაციის დროს საცალო ფასით ხდება შემოსავალში აღება. მიუთითებს, რომ 2022 წლის მარტის თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით საცალო რეალიზაციიდან ნავაჭრმა შეადგინა 315 898 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა 78 397 ლარი. მეთოდური მითითების გათვალისწინებით, გონივრული ნაშთი შეადგენს 39 429 ლარს, რომელიც შესაძლებელი იყო გადამხდელს სალაროში ჰქონოდა. აცხადებს, რომ 2017 წლის 8 აპრილს დამფუძნებელსა და საწარმოს შორის გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება 105 000 ლარზე. აღნიშნული თანხა საწარმოში შემოტანილ იქნა 2017 წლის 10 აპრილს. ასევე, 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს მიერ შეძენილია 19 356 ლარის ძირითადი საშუალებები. ამავე პერიოდისთვის საწარმოს სალაროში ერიცხებოდა 14 581 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშზე 27 243 ლარი. აგრეთვე, საწარმოს 2019 წლის 1 იანვრისთვის ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 57 466 ლარის ოდენობით, კრედიტორული დავალიანება 15 334 ლარის ოდენობით, ხოლო მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები შეადგენდა 32 803 ლარს. მიუთითებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს 2017 და 2018 წლების ფინანსური შედეგებით ერიცხება 197 841 ლარის გაუნაწილებელი მოგება. საწარმოს სესხი დაბრუნებული აქვს 2019 და 2021 წელს (წარმოდგენილი აქვს სესხის ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერები, ინფორმაცია დებიტორული/კრედიტორული დავალიანების შესახებ, 2022 წლის მარტის თვის ნაღდი ანგარიშსწორებით საცალო რეალიზაციის შესახებ ცხრილები). აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მთლიანი მოგება აკუმულირებული აქვს საბანკო ანგარიშზე. 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ერიცხება 492 515 ლარი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის №10802 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 ივლისის №19227 ბრძანება და 20 ივლისის №007-210 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 48 872 ლარი, მათ შორის: გადასახადი 31 247 ლარი, ჯარიმა 15 924 ლარი, საურავი 1701 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს „----------” საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს, თამბაქოს ნაწარმითა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა. კომპანია დღეის მდგომარეობით საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში, ექვს სხვადასხვა მისამართზე. აღნიშნულ ობიექტებში განთავსებულია საკონტროლო-სალარო აპარატები და პოსტერმინალები, რომლის საშუალებითაც ხდება საცალო ვაჭრობა. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, საბანკო ამონაწერებს (მათ შორის ტერმინალის მონაცემებს) და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები 124 392 ლარის ოდენობით. შემოწმებით, აღნიშნული განკარგვადი ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, საბანკო ამონაწერებს (მათ შორის ტერმინალის მონაცემებს) და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები 124 392 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ განკარგვადი ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემები. კერძოდ, ინფორმაცია დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანების შესახებ (სადაც სასესხო ვალდებულებები არ ფიგურირებდა). ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია საქმიანობს მხოლოდ იჯარით აღებულ ფართებში (ე.წ. მოლებში არსებული კუნძულები აქვს აღებული იჯარით), შესაბამისად არ უფიქსირდება რაიმე სახის აქტივების შეძენა, რაიმე ტიპის ზარალი ან გაუთვალისწინებლად გაწეული ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი წლების ჭრილში, სადაც შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა განაშთულია უპროცენტო სესხის კვალიფიკაციით, თუმცა სატელეფონო საუბრისას გადამხდელმა დააფიქსირა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ბიზნესის დაწყებისას დამფუძნებლის მიერ შეტანილ თანხებს. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა აღნიშნული თანხების მიზნობრიობისა და გამოყენების აუცილებლობის მტკიცებულება, რაც გადამხდელის მიერ შემოწმების დასრულებამდე არ იყო წარმოდგენილი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და არგუმენტები არ წარმოადგენს განკარგვადი თანხების სესხის დაბრუნებად გადაკვალიფიცირების მტკიცებულებას, რადგან ანალიზურად, გადამხდელის საქმიანობით მიღებული შემოსავლები საკმარისია მის მიერ გაწეული ხარჯებისათვის, შესაბამისად, ვერ დგინდება სესხის საჭიროება/მიზნობრიობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.