გადაწყვეტილება №19245/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19245/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 29.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19245/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4405 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 918,03 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 44 683,25
დღგ - 15 846
საშემოსავლო გადასახადი - 28 837,25
ჯარიმა - 16 497
საურავი - 10 737,78
პროცედურული გარემოებები
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4405 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 55 030 ლარი. შემოწმების შედეგად, სატენდერო ხელშეკრულებებიდან, მიღება-ჩაბარების აქტებიდან, საბანკო ანგარიშებიდან და პირველადი დოკუმენტებიდან გამომდინარე 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 154 354 ლარი. გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.04.2022 წლიდან, თუმცა, შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია დაუდგინდა 20.07.2021 წლიდან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტის დაწერამდე არ იქნა განხილული დარიცხვის გამომწვევი მიზეზები. კერძოდ, შემმოწმებლის მიერ შემოწმების გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილ იქნა მეილზე 22 ნოემბერს, შემდეგ კი უკვე აქტი. გაზრდილია შემოსავლები. საბანკო ანგარიშებიდან გაწეული ისეთი ხარჯები როგორიცაა სატენდერო ხარჯი, საბანკო საკომისიო ხარჯი საერთოდ არაა გათვალისწინებული, ასევე საპროცენტო ხარჯებიც არასრულყოფილადაა, კიდევ სხვა ხარჯებში, რომლებიც გადახდილია საბანკო გადარიცხვებით არაა გათვალისწინებული შემმოწმებლების მიერ. კომპანიას ემსახურებოდა ბუღალტერი, რომელიც გარდაიცვალა 2019 წელს, მას შემდეგ საგადასახადო ანგარიშსწორებასა და დეკლარირებას თავად მომჩივანი ახორციელებდა. შესაბამისად, დაუშვა ტექნიკური და კანონმდებლობის უცოდინრობიდან გამომდინარე უნებლიე შეცდომები, რის შედეგადაც დაგვიანებით დადგა დღგ-ის გადამხდელად. თუმცა, შემოწმებით გაანგარიშების შედეგად უფრო ადრე მოუწია დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია. მომჩივანი ითხოვს მიეცეს კომერციული საქმიანობის გახორციელების საშუალება, ეპატიოს აღნიშნული სამართალდარღვევით გათვალისწინებული ჯარიმა და საურავი.
ასევე რადგან შემოწმებით ადრე დადგა დღგ-ის გადამხდელად მომჩივნის მიერ მოთხოვნილ იქნა ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისი პერიოდის შეძენილ საქონელზე და ითხოვს მათ გათვალისწინებას ჩასათვლელ თანხებში. წარმოდგენილია დანართები ანგარიშ-ფაქტურების სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დღგ-ის ნაწილში მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლებში გათვალისწინებული აქვს. თუმცა, ეს მოიცავს მომჩივნის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდს, 1.04.2022 წლიდან. შემოწმებით კი, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 20.07.2021 წლიდან.
ვინაიდან შემოწმების შემდგომ მომჩივანმა მომწოდებლებს გამოაწერინა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დანართიც დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილია, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლებში გათვალისწინების საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დაევალოს საბჭოს აპარატს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს 29.03.2023 წლის №19245/2/2023 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად.
მომჩივანი ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან. საბჭო ვერ იმსჯელებს, აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით არ ითხოვდა სანქციებისგან გათავისუფლებას, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
2. გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები შეადგენს 154 604 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტურად დადასტურებულმა სხვა ხარჯებმა შეადგინა 47 992 ლარი, დეკლარირებულზე 106 612 ლარით ნაკლები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წელს ბანკში ჩარიცხული თანხები წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას. კერძოდ, შპს ------- საწყისი ნაშთი - 983 ლარს, სს რისკების მართვისა და სადაზღვეო კომპანია -------- - 835 ლარი, რომლებიც ჩარიცხულია 2019 წელს და შესრულებული სამუშაოების საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2018 წელი. 2018 წელს დეკლარირებულია ერთობლივ შემოსავალში აღნიშნული შესრულებები (იხ. დანართი დეკლარაცია 2018 წელი, მისი გაშიფვრა, შესრულებების მიხედვით, ასვე შემოწმების მიერ დადგენილი 2018 წლის შემოსავალი, რაც გაცილებით ნაკლებია დეკლარირებულზე).
მიკრო მეწარმეების მიერ შესრულებულ იქნა საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებები, როგორიცაა კარტრიჯის აღდგენა და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება. აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს გადარიცხული თანხები, რომელიც ფიქსირდება საბანკო ამონაწერში (დანიშნულებაშიც ფიქსირდება) და ასევე მიღება-ჩაბარების აქტები შესაბამის სამუშაოებზე (იხ დანართი, გადარიცხვის დოკუმენტი, მიღება-ჩაბარება სამუშაოების). შემოწმებას აღნიშნული ხარჯები არ აუსახავს გამოქვითვებში შესაბამისი წლების დეკლარაციაში. მომჩივანს საკუთრებაში აქვს ავტომობილები, რომლებითაც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას, შესაბამისად, მასზე აქვს გაწეული ხარჯები: საწვავი, საცხებ საპოხი მასალები, ტექნიკური მომსახურების ხარჯები და ავტო ნაწილები. აღნიშნული ხარჯების გაწევა ხდება საბანკო გადარიცხვებით, როგორიცაა თეგეტა მოტორსი და მსგავსი კომპანიები და ასევე კერძო ე.წ. „პროფილაქტიკები“ და ბაზრობებზე ნაყიდი ნაწილები (საქმიანობისათვის საჭირო ხელსაწყოები და ასევე ავტო ნაწილები, ასევე ტექ. დათვალიერების ხარჯები, რომელთა გადახდაც ფიქსირდება საბანკო ამონაწერებში დანიშნულებებში მითითებით. ასევე ამაზონზე ნაყიდი საქმიანობისათვის საჭირო დანადგარების აქსესუარები, როგორიცაა ფილტრები, ნიღბები და მსგავსი ეკიპირება. რაზედაც წარმოადგენს ორდერებს და საბანკო გადარიცხვებს. (იხილეთ დანართი საბანკო ამონაწერები გაანგარიშების ცხრილები, ამაზონიდან შესყიდვის ორდერებს).
საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერების, კომპიუტერული ტექნიკის და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება/აღდგენის მომსახურება. კერძოდ, პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფა ლეპტოპების, პერსონალური კომპიუტერების, საბეჭდი მოწყობილობების გასუფთავება გარეგნული და შინაგანი ელექტრონულად დამუხტული მტვერისაგან და კარტრიჯების შეკეთება/აღდგენის მომსახურება. აღსანიშნია რომ კარტრიჯების აღდგენა შეკეთებისას საქმე გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან (ნახშირის ტონერი) და ორგანიზმისათვის საზიანო მავნე ნივთიერებებთან, შედეგად გვჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა დამხმარე ქიმიური ნივთიერებები და სპეციალური სადეზინფექციო და საწმენდი ხსნარები და თავდაცვის საშუალებები ხელთათმანები, ნიღბები, სპეციალური სამოსი. აღნიშნულების შეძენა ხდება აფთიაქებში, საიდანაც ვერ იქნება წარმოდგენილი ზედნადები ან რამე მსგავსი, თუმცა აღნიშნული დასტურდება საბანკო ამონაწერებიდან.
ასევე აღსანიშნავია რომ პანდემიის პერიოდში ხდებოდა დამატებითი რეგულაციებისათვის (კოვიდი) საჭირო ნივთები და ნივთიერებების შეძენაც, რისი გათვალისწინებაც ხარჯებში შემოწმების მიერ არ მოხდა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გაითვალისწინოთ აღნიშნული ხარჯი (იხ. დანართი ბანკის ამონაწერები, ექსელის გაანგარიშების ცხრილი, საქმიანობის ამსახველი ფოტო). ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების გზით, ასევე კერძო კომპანიებთანაც. ტენდერში მონაწილეობისათვის ხდება საიტზე საგარანტიოსა და ვებ გვერდის მომსახურეობის თანხის გადარიცხვა. საგარანტიოების უკან გადმორიცხვა ბრუნდება, ხოლო ვებ გვერდის მომსახურების (50-53 ლარი) არ ბრუნდება. შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საბანკო გადარიცხვით განხორციელებული აღნიშნული ხარჯები. ასევე ხარჯებში არ არის ასახული ბანკის საკომისიო ხარჯები, კავშირგაბმულობის ხარჯები(ტელეფონი, ინტერნეტი, ფოსტა) აღნიშნულებიც წარმოადგენს საბანკო გადარიცხვებში.
ასევე ვებგვერდიდან მიღებული მომსახურებების საფასურები, როგორიცაა პროგრამული და სისტემ ური უზრუნველყოფა, რაზედაც წარმოადგენს საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებულ გადარიცხვებს დანიშნულების მითითებით. სესხის ხარჯებში არ არის გათვალისწინებული სადაზღვეო გადარიცხვა სესხის ანგარიშზე, რომელიც განუყოფელი ნაწილია სესხის. სატენდერო აუდიტორული მომსახურების ხარჯი რომელიც ტენდერის პირობებიდან გამომდინარე წარმოადგენს აუცილებლობას (საექსპერტო აუდიტორული დასკვნა), ნაწილი გათვალისწინებულია ხარჯებში, ნაწილი გადარიცხვა კი სავარაუდოდ მექანიკური შეცდომით არ არის ასახული ხარჯებში (იხილეთ დანართი გადარიცხვის დოკუმენტები, გაანგარიშების ცხრილი, მიღება-ჩაბარება), იჯარა ზეპირსიტყვიერად არის გაფორებული იჯარის ხარჯები ნაწილი ფიქსირება საბანკო გადარიცხვით ნაწილს ხელზე იხდიდა გადამხდელი, რაზედაც შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რასაც დამატებით წარმოგიდგენთ დანართის სახით. ასევე შეძენილია მოტოციკლი, რომელზედაც წარმოდგენილია მიღება-ჩაბარება. სასაქონლო ზედნადებებით ფიქსირდება საქონლის შეძენა მეტი რაოდენობით ვიდრე ხარჯშია გათვალისწინებული, რაზედაც წარმოდგენილია ზედნადებების რეესტრი დანართის სახით. ასევე, გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ 1.05.2022 წლიდან არის მცირე მეწარმე, შემოწმების მიერ 2022 წლის მაისის და ივნისის მიღებული/გაწეული მომსახურების შემოსავლების მიხედვით შემცირებული აქვს დღგ-ის ბრუნვები, რომლითაც შემცირებული არ არის მცირე მეწარმის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული შემოსავლები (იხ. დანართი გაანგარიშების ცხრილი დღგ-მცირე მეწარმის საშემოსავლო) ასევე აქტით დარიცხულია სავადო 2022 წლის დეკემბრის თვეზე, რაც არ ეკუთვნის მცირე მეწარმის სტატუსიდან გამომდინარე.
მომჩივნის მხრიდან შესაძლებელია დამატებით სხვა ტიპის დოკუმენტების წარმოდგენა შემმოწმებელთა მოთხოვნის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ ვერ გაიმიჯნა ხარჯები რომლებიც გაწეული იყო პირადი მოხმარებისთვის და ეკონომიკური საქმიანობისთვის. დავის წარმოების ეტაპზე კი გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი არ არის.
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დაევალოს საბჭოს აპარატს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს 29.03.2023 წლის №19245/2/2023 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4405 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით. შემოწმების შედეგად მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია დაუდგინდა 20.07.2021 წლიდან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები. გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებულმა ხარჯებმა შეადგინა დეკლარირებულზე ნაკლები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4405 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4405 ბრძანება;
. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72; 105; 106; 159; 163 -165;