გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებში რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

განკარგულება 04.07.2024
№ დოკუმენტი 943
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება N 943

2024 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო

გადასასვლელებში რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებში რეაგირების გეგმა“ (N1 დანართთან ერთად).

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

დამტკიცებულია

საქართველოს მთავრობის

2024 წლის 4 ივლისის

N943 განკარგულებით

გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო

გადასასვლელებში რეაგირების გეგმა

მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1. „გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებში რეაგირების გეგმის“ (შემდგომში გეგმა) მიზანია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გადამდები დაავადებების ადრეული გამოვლენა და მათზე რეაგირება, შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის, ასევე გადამდები დაავადების შესაძლო შემთხვევაზე რეაგირების ღონისძიებების განსახორციელებლად „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის, მათი როლებისა და პასუხისმგებლობების აღწერა.

2. გეგმა ექვემდებარება საჭიროებისამებრ გადახედვასა და განახლებას, რასაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

3. გეგმაში ცვლილებები აისახება ყველა მონაწილე კომპეტენტურ ორგანოსთან/უწყებასთან შეთანხმებით.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ გეგმაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე გეგმის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელი - სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საბაჟო გამშვები პუნქტი და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (შემდგომში – საზღვარი);

ბ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, სადაც ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პროცედურები;

დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ტერმინალი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული, ვეტერინარიული, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;

ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები – ქვეყანაში საკარანტინო და საერთაშორისო გავრცელების რისკის მქონე დაავადებების შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საზღვარზე განსახორციელებელი სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებები;

ზ) გადამდები დაავადება - ბიოლოგიური აგენტით გამოწვეული დაავადება;

თ) აქტივაცია - გეგმით გათვალისწინებული რეაგირების ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ი) დეაქტივაცია - გეგმით გათვალისწინებული რეაგირების ღონისძიებების ეტაპობრივად ან ერთიანად დასრულება;

კ) სამედიცინო ღონისძიება - კონტამინაციის ან დაავადების გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით ჩატარებული პროცედურა;

ლ) საფრთხე - ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის შემცველი ან/და სიცოცხლისათვის საშიში ნებისმიერი წყარო ან/და მოქმედება;

მ) რისკი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისა და მისი სიმძიმის ალბათობათა კომბინაცია;

ნ) ბიოუსაფრთხოება - ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობის, ცხოველებისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო- ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა;

ო) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი);

პ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (სჯც) - მუნიციპალიტეტებთან არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები;

ჟ) სატრანსპორტო საშუალება - საერთაშორისო რეისის განმახორციელებელი მატარებელი, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება ან სხვა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება;

რ) მგზავრი - ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, მიუხედავად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა;

ს) იზოლაცია - ინფიცირებისა და კონტამინაციის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაავადებული ან დასენიანებული პირის განცალკევება;

ტ) კარანტინი – ქმედების შეზღუდვა ან/და გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირების განცალკევება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან დაავადებულნი;

უ) შესაძლო ინფიცირებული – პირი, რომელმაც განიცადა ან შესაძლოა, განიცადოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის ფაქტორის ზემოქმედება და, ამდენად, შესაძლებელია, წარმოადგენდეს დაავადების გავრცელების პოტენციურ წყაროს;

ფ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს, PPE) — ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სხვადასხვა კომბინაცია;

ქ) ინფექცია – ადამიანის ორგანიზმში ინფექციური აგენტის შეჭრა და განვითარება ან შემდგომი გამრავლება, რაც შეიძლება, წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის;

ღ) დასენიანებული რეგიონი – კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონი, რომლის მიმართ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციებს დადგენილი წესების შესაბამისი სამედიცინო- სანიტარიული ზომების მიღების შესახებ;

ყ) კონტამინაცია – ინფექციური ან ტოქსიკური აგენტის ან ნივთიერების არსებობა ადამიანის ან ცხოველის სხეულის ზედაპირზე, მოხმარებისათვის განკუთვნილ პროდუქტში ან პროდუქტზე, ან სხვა საგანზე (სატრანსპორტო საშუალების ჩათვლით), რაც შესაძლებელია, წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის;

შ) კომპეტენტური ორგანოები – „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებენ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.

 

მუხლი 3. ბიოლოგიური საფრთხე

1. ბიოლოგიური აგენტის გავრცელება არის პროცესი, რომლის საშუალებით ხდება დაავადების ან ინტოქსიკაციის გამოწვევა ინფექციური აგენტის ან ტოქსინის გადაცემის გზით.

2. ბიოლოგიური აგენტის გადაცემის გზებია:

ა) აეროზოლით გადაცემა - აეროზოლით გადაცემის სისტემები წარმოქმნიან მიკროორგანიზმების ნაწილაკების ან წვეთების უხილავ ბოლქვ(ებ)ს, რომელიც/რომლებიც შეიძლება დარჩეს ჰაერში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან გავრცელდეს დიდ მანძილზე ქარის საშუალებით;

ბ) წყლისა და საკვების დაბინძურება – სასმელი წყალი, საკვები ან ფარმაცევტული პროდუქტების პირდაპირი დაბინძურება შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ინფექციური აგენტების ან ტოქსინების გავრცელების გზად. ასევე შესაძლებელია მათი არაპირდაპირი კონტამინაცია აეროზოლით დაბინძურების შედეგად;

გ) ინფექციის გადაცემა სპეციფიკური გადამტანების/ვექტორების (ფეხსახსრიანები) საშუალებით - ბუნებრივი ფეხსახსრიანი მასპინძელი ორგანიზმების (მაგ., კოღო, ტკიპა ან რწყილი) დიდი რაოდენობით პროდუცირება და მათი ხელოვნური ინფიცირება, მათ მიერ დაავადებული ცხოველების, ინფიცირებული სისხლის ან ხელოვნურად წარმოებული ბიოლოგიური აგენტების წყაროს საკვებად გამოყენება. ბიოლოგიური აგენტი ბუნებრივად ან განზრახ ქმედებით გარემოში გავრცელების შემდეგ შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი ან საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით ან კანიდან შეღწევის გზით.

 

მუხლი 4. გეგმის აქტივაცია და დეაქტივაცია

1. გეგმის აქტივაცია დაკავშირებულია გადამდები დაავადებით გამოწვეული შესაძლო შემთხვევის არსებობასთან, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობას.

2. გეგმის აქტივაცია და დეაქტივაცია ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ და მას შესაძლებელია, ჰქონდეს რომელიმე შემდეგი საფუძველი:

ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადების შემდგომ, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორის მხრიდან მიწოდებული რეკომენდაციები;

ბ) საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გეგმების გააქტიურების სხვა საფუძველი, როდესაც გათვალისწინებულია საზღვარზე რეაგირების საჭიროება გადამდები დაავადებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის არსებობისას.

3. გეგმის დეაქტივაცია უნდა მოხდეს რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდგომ, არსებული რისკის შეფასებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.

4. ეპიდსიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების მიწოდება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან.

5. გეგმის დეაქტივაცია შესაძლოა, შეეხოს მხოლოდ კონკრეტული ღონისძიებების დასრულებას.

 

მუხლი 5. რეაგირების ღონისძიებები

1. ამ გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საზღვარზე მოქმედი ყველა უწყება/ადმინისტრაციული ორგანო.

2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის მქონე შემთხვევაზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური გეგმავს და განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაშიც მონაწილეობას იღებენ ამავე გეგმით განსაზღვრული ჩართული უწყებები.

3. გადამდები დაავადებებით გამოწვეული საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანისთვის, ყველა შესაბამის უწყებას/ადმინისტრაციულ ორგანოს მოეთხოვება იმოქმედონ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

მუხლი 6. ძირითადი უწყება და ჩართული უწყებები

1. გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელ ძირითად უწყებას წარმოადგენს შემოსავლების სამსახური, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ- საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N454 დადგენილებით (შემდგომში – N454 დადგენილება) გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და რეკომენდაციის საფუძველზე გაწერილ ქმედებებს.

2. კომპეტენციის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელი ჩართული უწყებებია:

ა) საქართველოს პოლიციისა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დაცვის პოლიციის დეპარტამენტები, რომლებიც ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსებით, ასევე მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დახმარებას უწევენ შემოსავლების სამსახურს, გეგმით _ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულთან ერთად:

ბ.ა) იცავს წესრიგს;

ბ.ბ) დახმარებას უწევს საზღვარზე სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს შერჩეულ მგზავრთა ნაკადის ორგანიზებისა და, საჭიროების შემთხვევაში, განცალკევებული დერეფნით გადაადგილებაში;

ბ.გ) საზღვარზე უზრუნველყოფს დაავადებული მგზავრების ან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების გატარებას (მათ შორის, საჭიროების შესაბამისად, რეაგირების ღონისძიებების გატარებისას იზოლაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას);

გ) სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, შემოსავლების სამსახურის მიმართვისას, ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შეტყობინებას შესაძლო დაავადებული პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის უზრუნველსაყოფად;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

დ.ა) გასცემს რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტულ დახმარებას უწევს საზღვარზე მომუშავე პერსონალს;

ე) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:

ე.ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს აწვდის რეკომენდაციებს დასენიანებული ქვეყნების, არსებული ეპიდსიტუაციისა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით;

ე.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტულ დახმარებას უწევს საზღვარზე მომუშავე პერსონალს;

ე.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, იღებს და ეცნობა დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ მგზავრთა სააღრიცხვო ბარათს (N454 დადგენილების დანართი N9) და, კომპეტენციის ფარგლებში, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს;

ვ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, რომელიც პროცესში ერთვება მგზავრების დამატებითი სამედიცინო შეფასებისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის (გადაყვანა უნდა მოხდეს სპეციალური სამედიცინო ტრანსპორტით) საჭიროების შემთხვევაში:

ვ.ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ეხმარება დაავადებული მგზავრების მდგომარეობის შეფასებაში;

ვ.ბ) დაავადებულ მგზავრებს უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას და სხვა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას;

ვ.გ) მგზავრთა დიდი ნაკადის შემთხვევაში, დაავადებულ პირებს გამოყოფს სხვა მგზავრებისგან, ახდენს მათ კლასიფიკაციას (ტრიაჟი) და, კონტროლის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაჰყავს სამედიცინო დაწესებულებაში;

ზ) მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები:

ზ.ა) საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ტერიტორიულ ერთეულთან არსებულ საზღვარზე შემოსავლების სამსახურს არ ჰყავს სპეციალურად გამოყოფილი პირი, რომელიც განსაზღვრავს და შეაფასებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას), შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს უწევს კონსულტაციას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში;

ზ.ბ) დახმარებას უწევს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შემოსავლების სამსახურის მიერ გადაცემული პირების ეპიდკვლევაში, კონტაქტების მოძიებასა და მონიტორინგში.

 

მუხლი 7. კომუნიკაცია და შეტყობინება

1. საზღვარზე მოქმედი უწყებები, განახლებადი საკონტაქტო პირების სიის გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ საჭირო ინფორმაციის გაზიარებას.

2. შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საზღვარზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს:

ა) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, N454 დადგენილებით დამტკიცებული კონტროლის განხორციელების წესის“ „სანიტარიულ-საკარანტინო (დანართი N2) მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) მგზავრთა გადამყვანი პირებისგან (სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვა);

გ) მეზობელი ქვეყნის კომპეტენტური უწყებიდან;

დ) სასაზღვრო/საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი პირისგან, თუ მგზავრს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე საეჭვო სიმპტომი:

დ.ა) ტემპერატურა 38°C-ზე მეტი;

დ.ბ) ჯანმრთელობის გაუარესების გამომხატველი ნიშნები;

დ.გ) უწყვეტი ხველა;

დ.დ) სუნთქვის გაძნელება;

დ.ე) ღებინება;

დ.ვ) კანზე გამონაყარი;

დ.ზ) ახალი, უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომლებიც არ არის გამოწვეული ტრავმისგან;

დ.თ) დაბნეულობა, თავბრუსხვევა და სისუსტე;

დ.ი) სიყვითლე;

ე) ნებისმიერი სხვა საინფორმაციო წყაროდან.

3. ინფორმაცია მგზავრთა მოქალაქეობის, გამომგზავრების ქვეყნის, ქვეყანაში შემოსვლის მიზნის შესახებ უწყებამ შესაძლოა, მიიღოს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელთან კოორდინაციით და ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა საშუალებით.

4. მიღებული ინფორმაცია შესაძლო შემთხვევის შესახებ შემოსავლების სამსახურის საკონტაქტო პირს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, „რაცია“ და ა. შ.).

5. შეტყობინების მიღებისთანავე, N454 დადგენილების შესაბამისად, იგეგმება გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და რეაგირების განმახორციელებელი თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების შესახებ, ხოლო დამატებით სახელმძღვანელოდ გამოიყენება „გადამდები დაავადებით შესაძლო ინფიცირებული პირის იდენტიფიცირებისა და მართვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა“.

6. შემოსავლების სამსახური შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს აწვდის ინფორმაციას:

ა) შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით;

ბ) საზღვარზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 7. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ჩართული უწყებებისგან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

8. შემოსავლების სამსახური და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ცვლიან N454 დადგენილებით დამტკიცებული „სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი N2) მე-7 მუხლის შესაბამისად.

9. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, როგორც ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორი, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (ჯსწ, 2005) მე-2 დანართის შესაბამისი გადაწყვეტილების ინსტრუმენტის გამოყენებით აფასებს რისკს და ატყობინებს ჯსწ-ის საკონტაქტო პირს.

10. ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორთან შეტყობინება ხორციელდება ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).

11. მიღებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ხდება უწყებებს შორის წინასწარ განსაზღვრული საკონტაქტო პირების მეშვეობით, ხოლო კოორდინირებული ქმედებები უწყებებს შორის განისაზღვრება შემოსული ინფორმაციის საფუძველზე.

12. შემთხვევაზე დაფუძნებული ზედამხედველობის სისტემის გასაძლიერებლად, საჭიროა მჭიდრო კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა საზღვარსა და შესაბამისი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, მგზავრებზე აქტიური ზედამხედველობის, სკრინინგის, რეფერირებისა და მონაცემთა შეგროვების საფუძველზე.

13. საზღვარზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მონაცემთა შეგროვება ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით, კონტაქტების მობილობის ოპერატიული მიდევნების საფუძველზე, ჯანდაცვის შესაბამის ორგანოებთან ერთად მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით, ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

14. სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლზე უფლებამოსილი პირი კრებს ეპიდანამნეზს კონტაქტში მყოფი პირების შესახებ, ადგენს რისკის ჯგუფის მგზავრთა რაოდენობას, რომლებზეც შემდგომში უნდა განხორციელდეს ეპიდმონიტორინგი, თითოეულ მათგანზე ივსება N454 დადგენილების დანართი N9.

 

მუხლი 8. ტრანსსასაზღვრო კოორდინაცია

იზოლაციას დაქვემდებარებული ან/და დასენიანებული რეგიონიდან შემოსული მგზავრის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ შევსებული N454 დადგენილების N9 დანართის საფუძველზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯსწ-ის N2 დანართის შესაბამისად აფასებს მოვლენას და „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის N336 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 და მე-19 მუხლებით დადგენილი წესით ატყობინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.

 

მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები

თუ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩენილია დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე შესაძლო შემთხვევა და მონაცემები, რომლებიც ეფუძნება ფაქტებს ან დადასტურებულ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის თაობაზე, მათ შორის, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროები, ასეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება დასენიანებულად და ხორციელდება N454 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ (დანართი N1) მე-8 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

მუხლი 10. ინფექციის კონტროლი

1. საზღვარზე მომუშავე პერსონალი, რომელსაც შესაძლოა, პირდაპირი შეხება ჰქონდეს შესაძლო ინფიცირებულთან, ვალდებულია, ყველა დაავადებული/სიმპტომიანი მგზავრი განიხილოს, როგორც დაავადების შემდგომი გავრცელების რისკის მქონე პოტენციურად ინფიცირებული პირი და, რისკის მინიმიზაციის უზრუნველსაყოფად, დაიცვას უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები, ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად.

2. საზღვარზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების შემდეგი ზომები:

ა) ხელის ჰიგიენა;

ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება (მაგ.: ნიღაბი, ხელთათმანები, სათვალე, სახის ფარი) რეკომენდაციის შესაბამისად;

გ) რესპირატორული ჰიგიენა/ხველის ეტიკეტი;

დ) ზედაპირების წმენდა და დეზინფექცია;

ე) ნარჩენების უსაფრთხო მართვა.

3. ეფექტიანი საკონტროლო ღონისძიებების დასანერგად, წინასწარ ფასდება საზღვარზე მომუშავე პერსონალის ექსპოზიციის რისკის დონე, მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით.

4. რეკომენდაციას უსაფრთხოების ღონისძიებებისა და გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ გასცემს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

5. პერსონალის მგზავრებისაგან გამოყოფისთვის გამოიყენება ფიზიკური ბარიერები, განსაკუთრებით იმ მგზავრებთან მიმართებით, რომლებიც ჩამოდიან დაავადების მაღალი გავრცელების ქვეყნ(ებ)იდან, ხოლო მგზავრთა თერმოსკრინინგისას გამოიყენება მხოლოდ უკონტაქტო თერმომეტრები.

6. სამუშაო ზონებში მგზავრთა რაოდენობის შესაზღუდად გამოიყენება საბაგირე და სამაგრი სისტემები, ასევე განისაზღვრება მოსაცდელი და სკრინინგსივრცეები.

7. კონტროლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, სივრცეებში განთავსდება სანიშნები დისტანციის (მინიმუმ 1 ან 2 მეტრი, რეკომენდაციების შესაბამისად) მითითებით.

8. უზრუნველყოფილი უნდა იყოს უწყვეტი მარაგები ხშირად შეხებადი ზედაპირების წმენდა/დეზინფექციისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება მგზავრების ნივთების რენტგენოსკანირებისთვის, ზოლები და სახელურები ნებისმიერ კარზე, რომელიც ავტომატურად არ იხსნება.

9. წმენდის/დეზინფექციის დრო და ჯერადობა განისაზღვრება ჯანმრთელობის ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლებით.

10. სტანდარტული დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები ტარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული დეზინფექტანტებითა და სველი წესით დასუფთავების მეთოდების გამოყენებით.

11. ხელის ჰიგიენის დაცვის მიზნით, ხელების საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაბანა სავალდებულოა ყველა შესაძლო ექსპოზიციის, სამუშაოს დასრულების და/ან იდს-ის (PPE) ჩაცმის წინ და გამოყენებულის გახდის შემდეგ. თუ საპონი და წყალი მიუწვდომელია, გამოყენებულ უნდა იქნეს ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის სადეზინფექციო საშუალება მინიმუმ 60% ალკოჰოლით.

 

მუხლი 11. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს, PPE)

1. საზღვარზე მომუშავე პერსონალის მიერ, რომელსაც შესაძლოა, პირდაპირი შეხება ჰქონდეს შესაძლო ინფიცირებულ პირთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (მაგ., ხელთათმანი და თვალისა და სახის დაცვა) გამოყენება სამუშაო პროცესში უნდა მოხდეს რისკის შეფასების საფუძველზე.

2. გამოყენებული იდს (PPE) და სხვა პოტენციურად სახიფათო ნარჩენები გროვდება წინასწარ განსაზღვრულ ნარჩენების კონტეინერში, რომლის 2/3-ის გავსების შემდეგ ნარჩენების პარკი იკვრება და ხდება მისი დროებითი განთავსება შემდგომ უსაფრთხო ტრანსპორტირებამდე უტილიზაციის ადგილისაკენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 12. მგზავრებთან კომუნიკაცია და სკრინინგი

1. შესაბამისი საჭიროებისას, საზღვარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პერიოდულად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება მგზავრებისა და მომსახურე პერსონალისათვის სხვადასხვა საშუალებითა (მაგ. ბუკლეტები, ბანერები, პლაკატები, ელექტრონული სლაიდები, რადიო და სხვ.) და სხვადასხვა ენაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს, როგორც დაავადების კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, დაავადების შემდგომი გავრცელების რისკის შემცირებისა და უსაფრთხოების ეფექტიანი ღონისძიებების შესახებ, ასევე საკონტაქტო მონაცემებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებისა და ცხელი ხაზის შესახებ.

3. მგზავრთა სკრინინგის განხორციელების გზებია:

ა) ვიზუალური შეფასება;

ბ) ტემპერატურის შეფასება;

გ) მოგზაურობის ისტორიის/ეპიდანამნეზის შესწავლა.

4. N454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათი“ (დანართი N9) შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც სკრინინგული ღონისძიება.

5. ვიზუალური შეფასებისას დაკვირვება ხორციელდება შემდეგ სიმპტომებზე:

ა) ტემპერატურა > 38°C;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამოხატული ნიშნები;

გ) უწყვეტი ხველა;

დ) სუნთქვის გაძნელება;

ე) ღებინება;

ვ) კანზე გამონაყარი;

ზ) ახალი, უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (არა ტრავმისგან); თ) დაბნეულობა, თავბრუსხვევა და სისუსტე;

ი) სიყვითლე.

 

მუხლი 13. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება

1. საზღვარზე შესაძლო დაავადებული მგზავრები, გამოკითხვის მიზნით, უნდა განთავსდნენ მათთვის წინასწარ განკუთვნილ საიზოლაციო სივრცეებში სხვა მგზავრებისგან განცალკევებით, ისე, რომ ჰქონდეთ გამოყოფილი საპირფარეშო, საკუთარი ოთახი და თავშესაფარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეზღუდება გადაადგილება ან/და მოსათავსებელია კარანტინში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სკრინინგი და დამატებითი საიზოლაციო სივრცე.

3. არსებული სტანდარტული პროცედურების თანახმად, დაავადებული მგზავრებისთვის იზოლაცია, მკურნალობა და სხვა მხარდამჭერი მომსახურებები უნდა გაიწეროს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან შეთანხმების საფუძველზე.

4. თუ მგზავრებს დასჭირდათ დამატებითი გამოკვლევა სამედიცინო დაწესებულებაში, მათი გადაყვანა უნდა მოხდეს სპეციალური სამედიცინო ტრანსპორტით.

 

მუხლი 14. ვაქცინაცია და ტესტირება

1. საზღვარზე მომუშავე პერსონალი, რომელსაც შესაძლოა, პირდაპირი შეხება ჰქონდეს ინფიცირებულთან, მიზანშეწონილია, სრულად იყოს ვაქცინირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებით, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული სქემით.

2. მგზავრთა ვაქცინაციის სტატუსის მონიტორინგი ხორციელდება საზღვარზე მომუშავე პერსონალის მიერ, N454 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ (დანართი N1) მე-12 მუხლის შესაბამისად.

3. საჭიროების შემთხვევაში, საზღვარზე მგზავრთა სკრინინგისა და ტესტირებისათვის განისაზღვრება შესაბამისი სივრცე, რომელიც სოციალური დისტანცირების დაცვისა და მგზავრთა ნაკადების მართვის საშუალებას იძლევა.

4. ტესტირების ჩატარების ადგილი უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) სათანადო ვენტილაციას (ბუნებრივი ან ხელოვნური);

ბ) სამუშაო ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებისადმი მედეგობას;

გ) ხელის ჰიგიენის საშუალებებს (ონკანი, თხევადი საპონი, ქაღალდის ხელსახოცები, ხელის სადეზინფექციო დისპენსერები);

დ) არაკონტაქტური ნაგვის ურნების ხელმისაწვდომობას;

ე) სატესტო ნაკრების, სატრანსპორტო კონტეინერებისა და იდს-ის (PPE) სათანადო მარაგების, მონაცემთა პლატფორმებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას.

5. ტესტირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის N294 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო ნარჩენების მართვის“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.