გადაწყვეტილება №26962/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26962/2/2026
28 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 20.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26962/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-577 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №4521 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 90 322.39 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 53 667.18 დღგ - 45 678.98
საშემოსავლო გადასახადი - 7 988.20
ჯარიმა - 26 833.50
საურავი - 9 821.71
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22434 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 6 მარტიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №28505 ბრძანება და №006-577 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 90 322.39 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 27 თებერვლის №4521 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ბინების რეალიზაციით მიღებული საავანსო თანხები. მყიდველებთან დადებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, მიღებულია ავანსის თანხები, თუმცა არასრულად არის დეკლარირებული. საბუღალტრო პროგრამაში (ინფო ბუღალტერი) ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სწორად არის ასახული. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 375 762 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 629 536 ლარს. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხული თანხის ოდენობას და განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით დასარიცხი თანხა შეადგენს 40 500 ლარს. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ბინების რეალიზაციით მიღებული საავანსო თანხები. მყიდველებთან დადებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, მიღებულია ავანსის თანხები, თუმცა არასრულად არის დეკლარირებული. საბუღალტრო პროგრამაში ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სწორად არის ასახული. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 375 762 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 629 536 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, უფიქსირდება სალაროს ოპერაციები. სალარო გამოყენებულია კრედიტორებისთვის ვალდებულებების დასაფარად და ნაღდი ანგარიშსწორებით მისაღები სარეალიზაციო თანხებისთვის. სალაროს ნაშთი 2022 წლის 1 იანვრიდან მზარდია. კომპანიას საკასო შემოსავალი უფიქსირდება მცირე რაოდენობით. ვინაიდან ბინების სარეალიზაციო თანხა დაფარულია უნაღდო ანგარიშსწორების გზით (ჩარიცხულია საბანკო ანგარიშებზე), ხოლო სხვა ტიპის შემოსავალი, გარდა ბინების რეალიზაციისა, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე, გაანგარიშდა სალაროს არაგონივრული ნაშთი 39 941 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43- ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დარიცხვოდა, ვინაიდან სალაროს ნაშთი (32 134.22 ლარი) მუდმივად იცვლება მომწოდებლებთან შეკვეთების მიხედვით. არამართებულია საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს ის თანხა, რომელიც გატანილია მომწოდებლისთვის განკუთვნილი ვალდებულებების დასაფარად. ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს, საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, უფიქსირდება სალაროს ოპერაციები. სალარო გამოყენებულია კრედიტორებისთვის ვალდებულებების დასაფარად და ნაღდი ანგარიშსწორებით მისაღები სარეალიზაციო თანხებისთვის. სალაროს ნაშთი 2022 წლის 1 იანვრიდან მზარდია. კომპანიას საკასო შემოსავალი უფიქსირდება მცირე რაოდენობით. ვინაიდან ბინების სარეალიზაციო თანხა დაფარულია უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო სხვა ტიპის შემოსავალი, გარდა ბინების რეალიზაციისა, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე, გაანგარიშდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (39 941 ლარი), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-577 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 90 322.39 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 53 667.18 ლარი, ჯარიმა - 26 833.50 ლარი და საურავი - 9 821.71 ლარი.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმა-საურავს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად დამატებით გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მომჩივანმა საგადასახადო დეკლარაციებში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის საწარმოს დაეკისრა სანქცია საურავის სახით. მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ბინების რეალიზაციით მიღებული საავანსო თანხები. მყიდველებთან დადებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, მიღებულია ავანსის თანხები, თუმცა არასრულად არის დეკლარირებული. საბუღალტრო პროგრამაში (ინფო ბუღალტერი) ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სწორად არის ასახული. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 375 762 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 629 536 ლარს. შედეგად, მომჩივანს, ს, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს, საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, უფიქსირდება სალაროს ოპერაციები. სალარო გამოყენებულია კრედიტორებისთვის ვალდებულებების დასაფარად და ნაღდი ანგარიშსწორებით მისაღები სარეალიზაციო თანხებისთვის. სალაროს ნაშთი 2022 წლის 1 იანვრიდან მზარდია. კომპანიას საკასო შემოსავალი უფიქსირდება მცირე რაოდენობით. ვინაიდან ბინების სარეალიზაციო თანხა დაფარულია უნაღდო ანგარიშსწორების გზით (ჩარიცხულია საბანკო ანგარიშებზე), ხოლო სხვა ტიპის შემოსავალი, გარდა ბინების რეალიზაციისა, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე, გაანგარიშდა სალაროს არაგონივრული ნაშთი 39 941 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 269 (7).