გადაწყვეტილება №88424/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№88424/1/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 12.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88424/1/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2023 წლის №002-230 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32090 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 997 ლარი
მათ შორის:
დღგ- 18 724
ჯარიმა - 5 201
საურავი - 5 072
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. 2022 წლის ივლისიდან აღარ საქმიანობს.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისს №13861 ბრძანებით დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზით დადგინდა რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, 2021 წლის 23 სექტემბერს, გადააჭარბა 100 000 ლარს, რის საფუძველზეც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.
გადასახადის გადამხდელს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის სექტემბრიდან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით, ჯამში 104 047 ლარი (დღგ-ის გარეშე). ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24847 ბრძანება და 9.10.2023 წლის №002-230 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32090 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 302-ე, 136-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე და 282-ე მუხლებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, პირის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს, თუმცა მას საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავს. შემოწმების შედეგად, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე შეეფარდა ჯარიმა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
შესაბამისად, მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნულ პერიოდში იყო პანდემია და მუშაობდა დისტანციურად, ამასთან ავადმყოფობის გამო ვერ გააკონტროლა სრულად საქმიანობა. მოხდა შეცდომა და შეგნებულად არ გაუკეთებია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, 2021 წლის 23 სექტემბერს, გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით ამასთან მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მომჩივნის განმარტებით, ავადმყოფობის გამო ვერ გააკონტროლა სრულად საქმიანობა. მოხდა შეცდომა და მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, 2021 წლის 23 სექტემბერს, გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით ამასთან მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. მომჩივნის განმარტებით, ავადმყოფობის გამო ვერ გააკონტროლა სრულად საქმიანობა. მოხდა შეცდომა და მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1); 165(1); 282(1).