ბრძანება N 18906

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 18906
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18906

02 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ --------)

(მის.: ----------)

2023 წლის 16 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -----) 2023 წლის 16 მაისის №81024/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №050-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლების გაუქმებას და ითხოვს მათ აღდგენას. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გააუქმა საწარმოს მიერ ლიზინგის წესით შეძენილ ტექნიკაზე შპს „-------" მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ს ჩათვლები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ ლიზინგის წესით შეძენილი ქონება განთავსებულია სადგომზე, რომელიც ღამით განათებულია მძლავრი განათებით, აღნიშნული განათება დაყენებულია, რადგან ღამით რამდენჯერმე გაიძარცვა ტექნიკა. გადამხდელის განმარტებით, აქედან გამომდინარეობს ელექტრო ენერგიის ხარჯვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №908 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 აპრილის №7372 ბრძანება და ამავე თარიღის №050-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 23 646 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 13 821 ლარი, ჯარიმა 6 911 ლარი და საურავი 2 914 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება და ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) მოპოვება-რეალიზაცია. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში მოიპოვებს ქვიშა-ხრეშს №------ ლიცენზიის ფარგლებში. თუმცა, როგორც ირკვევა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა არ უფიქსირდება. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს მიღებული აქვს მომსახურებები ტექნიკით მომსახურებაზე და ელ. ენერგიაზე, აგრეთვე, ზოგადი დასახელებით „თანახმად ხელშეკრულებისა“. მიღებულ მომსახურებებზე სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ხელშეკრულებები გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი. შესამოწმებელ პერიოდში შპს „------“-სთვის გამოწერილია და შესაბამისად, საწარმოს ჩათვლილი აქვს სულ 18 710 ლარის დღგ-ის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურები, საიდანაც 13 821 ლარის ოდენობით ჩათვლილ დღგ-ის თანხაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა.

აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს გაუუქმდა/შეუმცირდა ჩათვლილი დღგ მიღებულ მომსახურებებზე და დაერიცხა დღგ. ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მოიპოვებდა ქვიშა-ხრეშს ლიცენზიის ფარგლებში. თუმცა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა არ უფიქსირდება. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული აქვს ტექნიკით მომსახურების, ელ. ენერგიის, აგრეთვე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ზოგადი დასახელებით „თანახმად ხელშეკრულებისა“. გადამხდელს მიღებულ მომსახურებებზე სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ხელშეკრულებები არ წარუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს გაუუქმდა/შეუმცირდა იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ (მიღებულ მომსახურებებზე), რომელთა მიხედვით გაწეული ხარჯის მიზნობრიობა, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, აგრეთვე, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენება ვერ დადასტურდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლების გაუქმებას და ითხოვს მათ აღდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება და ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) მოპოვება-რეალიზაცია. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში მოიპოვებს ქვიშა-ხრეშს ლიცენზიის ფარგლებში. თუმცა, როგორც ირკვევა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა არ უფიქსირდება. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს მიღებული აქვს მომსახურებები ტექნიკით მომსახურებაზე და ელ. ენერგიაზე, აგრეთვე, ზოგადი დასახელებით „თანახმად ხელშეკრულებისა“. მიღებულ მომსახურებებზე სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ხელშეკრულებები გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანისთვის გამოწერილია და შესაბამისად, საწარმოს ჩათვლილი აქვს სულ 18 710 ლარის დღგ-ის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურები, საიდანაც 13 821 ლარის ოდენობით ჩათვლილ დღგ-ის თანხაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საწარმოს გაუუქმდა/შეუმცირდა ჩათვლილი დღგ მიღებულ მომსახურებებზე და დაერიცხა დღგ. ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1)(2"ა.ა").