გადაწყვეტილება №24684/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24684/2/2025
19 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 3.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24684/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №261-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 218 313,58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 134 713
დღგ - 21 102
მოგების გადასახადი - 3 882
საშემოსავლო გადასახადი - 109 519
ქონების გადასახადი - 210
ჯარიმა - 62 982
საურავი - 20 618,58
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.11.2021 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის მიზნით 2024 წლის 23 მაისამდე) სრული კამერალური, გეგმიური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამ მიზნით გამოყენებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების (მათ შორის, ფ/პ -------- განმარტება სოფლის ნედლი ქათმის შეძენებთან დაკავშირებით) და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები. ამასთან, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ხოლო ღორის ხორცზე - 59%. გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები არაარსებითად შეფასდა მთლიან რეალიზაციაში, შემოწმების დაწყების შემდგომ გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.
შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს, 2022 წლის 27 ივლისს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 282-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით თანხა 449 611 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 16 ივლისს გამოიცა №16749 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში:
გადამხდელი, არ ეთანხმებოდა შემოწმების პროცესში გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებდა, რომ აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისთვის უნდა ეხელმძღვანელა კომპანიის დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით.
არ ეთანხმებოდა, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას საბანკო ამონაწერებით და შესყიდვის აქტებით უტყუარად დადასტურებული ხარჯების გაუთვალისწინებლობას.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულის ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტი დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებლებს წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფულის ნაშთის გაანგარიშებაში იქნა გათვალისწინებული. საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 5 565 ლარით, ჯარიმა 2783 ლარით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 7.11.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23768 ბრძანება და 8.11.2024 წელს №261-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილსა და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის და გათვალისწინების შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირება სულ 8 348 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 5 565 ლარით და ჯარიმა - 2 783 ოდენობით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ სრულად არ გაითვალისწინა ხარჯვის დოკუმენტაცია. შემმოწმებელმა ისევ არ გაითვალისწინა ის რეალური ხარჯი, რომლის უტყუარობა დასტურდება, როგორც საბანკო ამონაწერებით, ისე შესყიდვის აქტებით, კერძოდ შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილი გაანგარიშებით ბანკის საკომისიო შეადგენს -1249 ლარს, მაშინ როცა საბანკო ამონაწერების მიხედვით, რომელიც გაგზავნილია შემმოწმებელთან ბანკის საკომისიო ხარჯი მხოლოდ ტერმინალით მიღებული თანხების საკომისიოს ნაწილში შეადგენს - 22 259,39 ლარს. შესაბამისად აღნიშნული ხარჯი, რომელიც არა აქვს გათვალისწინებული შემმოწმებელს დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტში გაგზავნილია საქონლის შესყიდვის აქტები, საუბარი არის ვიჩინა შებოლილზე და კუპატზე, რომელიც აქვს კომპანიას შეძენილი და არ აქვს რეალიზებული ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში, აღნიშნული საქონლის ფაქტობრივი ნაშთი ინვენტარიზაციით არის დადასტურებული, შესაბამისად შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული საქონლის ღირებულება და გამოეკლოთ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. ასევე შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული კომუნალური ხარჯი, რომლის არსებობა დასტურდება იჯარით აღებულ ფართში მეორე მოიჯარის ახსნა-განმარტებით, სადაც ის ადასტურებს რომ კომუნალური ხარჯების 2/3 იხდიდა შპს ,,-----", შესაბამისად აღნიშნული ხარჯები, რომლის გადახდა დასტურდება საბანკო ამონაწერებით, უნდა გაეთვალისწინებინა შემმოწმებელს. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №27086 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაშთი (450 151 ლარი) რაც ფაქტობრივი ნაშთის გამოკლებით (540 ლარი), დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულის ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტი დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის დასკვნის თანახმად გადამხდელის მიერ შემმოწმებლებს წარედგინათ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფულის ნაშთის გაანგარიშებაში იქნა გათვალისწინებული. საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 5 565 ლარით, ჯარიმა 2 783 ლარით.
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილ დასკვნას მომჩივანი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ აუდიტორს არ აქვს გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:
ბანკის საკომისიო, როგორც ხარჯი აუდიტორის ანგარიშით არის 1249 ლარი, მაშინ როცა საბანკო ამონაწერების მიხედვით (რომელიც გაგზავნილია შემმოწმებელთან) ბანკის საკომისიო ხარჯი მხოლოდ ტერმინალით მიღებული თანხების საკომისიოს ნაწილში შეადგენს - 22 259,39 ლარს. აღნიშნული ხარჯები დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
არ არის გათვალისწინებული შებოლილი ვიჩინის და კუპატის შეძენის ხარჯები. აღნიშნული საქონელი არ იყო რეალიზებული შემოწმების ჩატარების პერიოდისთვის და აღნიშნულის დასტურდებოდა ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთით, რომელშიც ასახული იყო აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად ფულის ნაშთს უნდა გამოკლებოდა აღნიშნული საქონლის ღირებულება.
არ არის გათვალისწინებული კომუნალური ხარჯი, რომლის არსებობა დასტურდება იჯარით აღებულ ფართში მეორე მოიჯარის ახსნა-განმარტებით, სადაც ის ადასტურებს, რომ კომუნალური ხარჯების 2/3 იხდიდა შპს ,,------", შესაბამისად აღნიშნული ხარჯები, რომლის გადახდა დასტურდება საბანკო ამონაწერებით, უნდა გაეთვალისწინებინა შემმოწმებელს.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილ იქნა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფულის ნაშთის გაანგარიშებაში იქნა გათვალისწინებული.
გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიოები და ასევე საქონლის შესყიდვის დოკუმენტები გათვალისწინებულია.
კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით შპს „-------“ ფ/პ --------, იჯარის ხელშეკრულების მიხედვით იჯარით აღებული აქვს მთლიანი ფართის ¼ ნაწილი (30 კვ), ამასთან გადამხდელის მიერ წარმოდგენილია გადახდის დოკუმენტაცია რითაც დასტურდება, რომ კომუნალური გადასახდელებს იხდის ------- რომლის კავშირი შპს „--------“ ვერ დგინდება. ამასთან -------- ახსნა-განმარტების მიხედვით შპს „--------“ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე კომუნალური გადახდების ¾ ნაწილს იხდის შპს „--------“.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს: მოიჯარის მიერ იჯარის საგანზე მეიჯარის სახელით გაწეული ხარჯის დოკუმენტი.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცული (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე.“
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებით შესწავლას საჭიროებს კომუნალური ხარჯების გათვალისწინების საკითხი, როგორც მომჩივნის საქმიანობის (ხორცის რეალიზაცია) სპეციფიკიდან ირკვევა, შპს „------“ მიერ კომუნალური ხარჯები უპირობოდ იქნებოდა გაწეული, აღნიშნულთან დაკავშირებით კი მესამე პირის (------) მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეფასდეს ხელახლა მათ შორის ზემოაღნიშნულ მეთოდურ მითითებაში არსებული ხარჯის დოკუმენტის სარწმუნოობის საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასების დისკრეციის გათვალისწინებით.
აღნიშნული გარემოების დამატებით გამოკვლევის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანება;
3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ხელახლა შეისწავლოს კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დასაშვებობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს სადავო დარიცხვის კორექტირება (შემცირება);
4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით. დადგენილია, რომ რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაშთი (450 151 ლარი) რაც ფაქტობრივი ნაშთის გამოკლებით (540 ლარი), დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილ იქნა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფულის ნაშთის გაანგარიშებაში იქნა გათვალისწინებული. გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიოები და ასევე საქონლის შესყიდვის დოკუმენტები გათვალისწინებულია.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1)