გადაწყვეტილება №18454/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18454/2/2022
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ ის “ 15.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18454/2/2022).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 4.02.2022 წლის №14712/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების
შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ნოემბრის №049-7 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 396 766 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 632 688
დღგ - (-190 219)
საშემოსავლო გადასახადი - 821 795
ქონების გადასახადი - 1 112
ჯარიმა - 445 990
საურავი - 318 088
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივნისის №14937 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია შიდა ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი ხახვის დანაკლისი 2018 წლის დეკემბერში ჩამოწერილია თვითღირებულებით (527 461 ლარი) და ბუღალტრულად ასახულია შემოსავალში საბაზრო ღირებულებით (1 881 357 ლარი). ამასთანავე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის არც მიღების და არც გაცემის ფაქტი (აღნიშნული შემოსავალი არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ბრუნვებში, ვინაიდან წარმოადგენს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლიდან მიღებულ შემოსავალს). შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ხახვის დანაკლისი ჩაითვალა რეალიზებულად და რეალიზაციის თანხა მიღებულად, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 15 დეკემბრის №37308 ბრძანება და №049-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 507 212 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 15 თებერვლის №3301 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2021 წლის დასკვნა, 23.06.2021 წლის №20433 ბრძანება და №049-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 570 771 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 26 აგვისტოს №27598 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.02.2022 წლის №14712/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის დასკვნა, 31.10.2022 წლის №27488 ბრძანება და 1.11.2022 წლის №049-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 231 620 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 396 766 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში არცერთ წელს არ არის გათვალისწინებული ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი გონივრული დანაკარგები
2018 წელს „-------“-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ----- მოხდა ძლიერი სეტყვა, რომლის შედეგადაც ორგანიზაციას დიდი ზიანი მიადგა და განადგურდა მოსავალი. ფაქტის დასადასტურებლად განცხადებით მიმართეს „-------“-ის მერიას. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ცნობის აღება, რომელსაც მიღებისთანავე წარმოადგენენ კომუნიკატორის საშუალებით.
821 795 ლარი საშემოსავლო გადასახადში მიანიშნებს, რომ ხელფასის სახით 4-ჯერ მეტი თანხა უნდა მიეღო, რაც ჯამში შეადგენს 3 287 180 ლარს. ამ ოდენობის თანხის მიღება იჯარით აღებულ მიწაზე სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოუდგენელია.
ამასთან, არა თუ ბუღალტრულ აღრიცხვას, არამედ ქართულ ენასაც ვერ ფლობს სრულყოფილად. თავადაც ადასტურებს, რომ არ აქვს სრულყოფილი ბუღალტერია, თუმცა შემოწმების აქტში მითითებული ციფრები რეალობისგან ძალიან შორს არის.
მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტი დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს დასაკორექტირებლად. გათვალისწინებულ იქნას 2018 წლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი გონივრული დანაკარგები.
ამასთან, აუდიტორს არ აქვს ნამსჯელი იმ საკითხზე, რომ ერთსა და იმავე მიწაზე ყოველ მომდევნო წელიწადს თუ არ დაასვენებ მიწას მნიშვნელოვნად მცირდება პოტენციური მოსავალი ხახვის მოსავლის მოყვანის შემთხევაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 4.02.2022 წლის №14712/2/2021 გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეხება 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შეძენილ და შემდგომ წარმოებაში გამოყენებული ხახვის თესლიდან მიღებული/მისაღები პროდუქტის (ხახვი) რაოდენობას. წარდგენილ დასკვნაში არ არის მტკიცებით ფორმაში გადმოცემული თუ ერთ ჰექტარზე რამდენი კილოგრამი/ცალი ხახვის დათესვა ხდება და აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 7-დან 10 კილოგრამამდე. აგრეთვე, არ არის აღნიშნული ერთ ჰექტარზე მისაღები მოსავლის ზუსტი მოცულობა და იგი მერყეობს 40-დან 60 ტონამდე. აღნიშნული ხახვის თესლი, საფირმო დასახელებით „მანასი“, „კაობა“ და „ღერბი“, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს შპს „----- დან “. შესაბამისად, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შპს „----- დან “ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია. კერძოდ, შპს „------- - ის “ მიერ 2018 წლის განმავლობაში რეალიზებული „მანასის“, „კაობას“ და „დერბის“ ჯიშის ხახვის თესლის 250 000 ცალიანი პაკეტების ზუსტი ან/და სავარაუდო წონის შესახებ. აგრეთვე, თუ რამდენ ჰექტარზე ითესება თითოეული პაკეტი და შესაბამისად ჰექტარზე რა მოცულობის შემოსავალს იძლევა ჩვეულებრივ (ხელით თესვის) პირობებში. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნულ პერიოდში წარმოებაში ჩაშვებული ხახვის თესლის მოცულობიდან გამომდინარე შეეძლო დაეთესა მინიმუმ 49 ჰა მიწის ნაკვეთი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე მინიმუმ 1 477 735 კილოგრამი ხახვის მოსავლის მიღება, რომლის საბაზრო ფასიც დოკუმენტურად დადასტურებული სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით (0.85 ლარი ერთ კილოგრამზე) შეადგენდა 1 263 703 ლარს, ვინაიდან აღნიშნული მონაცემი სრულად ჯდება ზემოაღნიშნული ექსპერტიზის მიხედვით დადგენილ მონაცემებში (ექსპერტიზის მინიმალური ღირებულება საკომპენსაციო თანხის შეადგენს 868 845 ლარს, ხოლო მაქსიმალური შეადგენს 1 861 810 ლარს). გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემი ჯამში 772 067 ლარის ოდენობით. საწარმოს დარიცხული თანხა შეუმცირდა 231 620 ლარით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც საბჭოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20
კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტი დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს დასაკორექტირებლად.ასევე,გათვალისწინებულ იქნას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი გონივრული დანაკარგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლენილი დანაკლისი დეკემბერში ჩამოწერილია თვითღირებულებით და ბუღალტრულად ასახულია შემოსავალში საბაზრო ღირებულებით ამასთ,არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის არც მიღების და არც გაცემის ფაქტი (აღნიშნული შემოსავალი არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ბრუნვებში, ვინაიდან წარმოადგენს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლიდან მიღებულ შემოსავალს). შემოწმების შედეგად, დანაკლისი ჩაითვალა რეალიზებულად და რეალიზაციის თანხა მიღებულად, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73,154