ბრძანება N 16236
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16236
09 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 24 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 24 ივნისის №90352/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №005-70 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ითხოვს მიეცეს საშუალება დააკორექტიროს გაორმაგებულ საქონელზე არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. განმარტავს, რომ 2022 წლის აპრილის თვის №----------- სასაქონლო ზედნადებში (დღგ-ით დასაბეგრი პროდუქცია თანხით 45 680,94 ლარი/დღგ-ის თანხა 6 968,28 ლარი) არსებული დღგით დასაბეგრი პროდუქცია ხარვეზის გამო გამეორებულია არასწორად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (№--------- და ---------). აცხადებს, რომ კომპანიის მიერ აუდიტორისთვის მიწოდებულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ბაზები, სადაც მარტივად შეიძლება როგორც გაყიდული საქონლის დეტალების, ასევე ნებისმიერი პერიოდის ნაშთების გადამოწმება. აცხადებს, რომ შემოწმებამ იმსჯელა არა სასაქონლო ზედნადებებში და ბაზაში არსებული სწორი რაოდენობით/თანხით, არამედ ზემოთხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში არასწორად გამეორებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულებიდან გამომდინარე. აღნიშნავს, რომ კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ნებართვა (ნებართვის შემთხვევაში გამოწერილ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მყიდველი მხარეც დაადასტურებს და ამოიღებს ჩათვლებიდან), თუმცა შემოწმების პროცესის დასრულებამდე ეს შესაძლებელი არ გახდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10504 ბრძანების საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ-----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების / სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №12351 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 10 509 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 6 968 ლარი, ჯარიმა 1 742 ლარი და საურავი 1 799 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას 2022 წლის აპრილის თვეში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „-----------“, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 284 285 ლარს, ხოლო აღნიშნული პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 245 573 ლარს. შედეგად, შემოწმებით, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №966 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საფ-ი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ 2022 წლის აპრილის თვის №---------- სასაქონლო ზედნადებში (დღგ-ით დასაბეგრი პროდუქცია თანხით 45 680,94 ლარი/დღგ-ის თანხა 6 968,28 ლარი) არსებული დღგ-ით დასაბეგრი პროდუქცია ხარვეზის გამო გამეორებულია არასწორად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (№--------- და -----------). აღნიშნავს, რომ კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ნებართვა (ნებართვის შემთხვევაში გამოწერილ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მყიდველი მხარეც დაადასტურებს და ამოიღებს ჩათვლებიდან), თუმცა აუდიტის პროცესის დასრულებამდე ეს შესაძლებელი არ გახდა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ითხოვს მიეცეს საშუალება დააკორექტიროს გაორმაგებულ საქონელზე არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კომპანიას 2022 წლის აპრილის თვეში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს-ის რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 284 285 ლარს, ხოლო აღნიშნული პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს
245 573 ლარს. შედეგად, შემოწმებით, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1);163(1,2);164(1);179(1,2);