გადაწყვეტილება №18482/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18482/2/2022
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" -ის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18482/2/2022).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2022 წლის №085-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30427 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 149 113 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 84 794
დღგ - 79 431
საშემოსავლო გადასახადი - 5 363
ჯარიმა - 41 875
საურავი - 22 444
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენდა საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 8 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
- 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა 2019 წელს მფლობელობაში მიღებული 4 ბინის რემონტი და შემდგომ რეალიზაცია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა 2020 წლის თებერვლის თვეში კომერციული ფართის რეალიზაციის შემდგომ. 2021 წელს საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მიჩნეულ იქნა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობად და დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;
- გადასახადის გადამხდელმა 2019-2021 წლებში გაყიდა 2 წელზე ნაკლები ვადით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და შესყიდვა/რეალიზაციის ხელშეკრულებების დამუშავების შედეგად დადგინდა ნამეტი თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა საცხოვრებელ ფართში განხორციელდა რემონტი, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები გაწეული რემონტის ხარჯების შესახებ. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 105-ე მუხლების და წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილი ხარჯის 75% ჩაითვალა გაწეულ ხარჯად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2022 წლის №19582 ბრძანება და №085-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30427 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2021 წელს 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30427 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, კერძოდ დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ დაკმაყოფილდა თხოვნა, გათავისუფლებულიყო დაკისრებული ჯარიმებისგან როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი. შემოწმების აქტით დაფიქსირებული საგადასახადო სამართალდარღვევები, გამოწვეული იყო არცოდნით. კერძოდ:
- მეორე საკითთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმა გამოწვეულია იმით, რომ აქტივის ღირებულებაში შეიყვანა (თავიდან ამ ბინების გაყიდვა არ ქონდა განზრახული, აპირებდი მათში ცხოვრებას და რემონტის დროს არ უფიქრია იმაზე, რომ მოეთხოვა სასაქონლო ზედნადებები მყიდველისთვის, მასალების უმეტესობა შეძენილი იყო ბაზრობების ტერიტორიაზე, სადაც ფასები გაცილებით იაფია, ვიდრე მაღაზიებში ანალოგიურ პროდუქციაზე) ექსპერტიზით შეფასებული თანხა, ხოლო შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მხოლოდ მათი 75%.
მაშინ როდესაც, ბუღალტრების და აუდიტების უმრავლესობამ შეიძლება არ იცოდეს კანონმდებლობა სრულყოფილად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ 3 შვილის დედისთვის, (თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რამდენი შვილის მშობელია მოქალაქე, უბრალო მოქალაქისთვისაც) არაა ადვილი საგადასახადო კანონმდებლობის (საგადასახადო კოდექსის გარდა უამრავი კანონქვემდებარე აქტების, ბრძანებების, მეთოდური მითითებებისა და მენუალების) ზედმიწევნით ცოდნა და რომ მენუალის მიხედვით გაითვალისწინება ხარჯის 75 %-ი.
რაც შეეხება კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას, იქაც ანალოგიური სიტუაციაა, არ იცოდა რომ ფიზიკური პირი იხდის დღგ-ს. საჯარო რეესტრში ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან 2-წლამდე მფლობელობაში არსებული აქტივის რეალიზაციის შედეგად წარმოსაშობ საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებაზე. დღგ-სთან დაკავშირებით კი არ აფრთხილებენ მოქალაქეებს.
ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელსაც საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილი აქვს მხოლოდ არცოდნით, დარიცხული ჯარიმებისგან სრულად გათავისუფლებას.
ასევე, შენიშვნის სახით აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში და შესაბამისად საგადასახადო მოთხოვნაშიც, კომერციული ფართზე დარიცხული დღგ-ის თანხა დაანგარიშებულია შეცდომით. აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა 47 000 აშშ დოლარად 2020 წლის 25 თებერვალს, მაშინ ეროვნული ბანკის კურსი იყო 2.8079. შესაბამისად, რეალიზაციის თანხა ლარში არის 131 971 ლარი, აქედან დასაბეგრი ბრუნვა გამოდის 111 180 ლარი, ხოლო დღგ უნდა ყოფილიყო 20 012 ლარი. თუმცა, შემოწმების აქტში დარიცხული დღგ წერია 23 801 ლარი, შესაბამისად ჯარიმაც არასწორი გამოდის როგორც აქტში, ასევე საგადასახდო მოთხოვნაშიც. თუმცა, ეს ტექნიკური ხასიათის შეცდომაა და შეიძლება ადვილად გამოსწორება, კორექტირება.
აქტის, ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის შედეგად, როცა 150 000-მდე ლარის დარიცხვის შესახებ გაიგო, მიიღო ადამიანური შოკი, ძალიან დაითრგუნა ამხელა თანხების დარიცხვით და ყურადღება თავიდანვე ვერ მიაქცია ამ შეცდომას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან, სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.