გადაწყვეტილება №20344/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20344/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----- - ის “ 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20344/2/2023).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №006-556 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება
დარიცხული თანხა: 1 640 571 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 980 324
ჯარიმა - 490 162
საურავი - 170 085
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ავტომობილის კატალიზატორების შეძენა ფიზიკური პირებისგან, საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ რეალიზაცია (ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3389 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №31348 ბრძანება და №006-556 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 640 571 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარდგენილია სააღრიცხვო მასალები. კერძოდ, კატალიზატორების შესყიდვის აქტები (წარდგენილია აქტების მცირე ნაწილი), ბუღალტრული აღრიცხვა (არასრული), საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებითი ბარათი. შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება მოხდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით. მიწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ექსპორტირებული კატალიზატორების რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 12 068 078 ლარს. ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე და შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, მე-8, 72-ე, 105-ე, 61-ე, 73- ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ავტომობილის კატალიზატორები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა ნაწილობრივ სააღრიცხვო მასალები, კერძოდ: წარდგენილ იქნა კატალიზატორების შესყიდვის აქტების მცირე ნაწილი, არასრული ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებითი ბარათი. საგადასახადო შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება განხორციელდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით, ხოლო შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, მეწარმის საქმიანობაა ავტომობილის კატალიზატორების შეძენა ფიზიკური პირებისგან საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ რეალიზაცია (ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში). მეორადი კატალიზატორების შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შესყიდვა სხვადასხვა დროს განხორციელებულია დაახლოებით 1 000-ზე მეტი ფიზიკური პირისგან.
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია 12 068 000 ლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი. საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის ღირებულებად აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს დაახლოებით 8 150 000 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტმა საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საქონლის თვითღირებულების დადგენისთვის გამოიყენა სხვა აუდირებული მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასები. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
უპირველესად, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან 2023 წლის 13 იანვრის საჩივარში ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო მომჩივნის მონაწილეობით საკითხის ხელახალი შესწავლა, რაც გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არ არის აღნიშნული, ვინაიდან მომჩივანი თვლიდა და თვლის, რომ საქონლის შეძენა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, გააჩნდათ შესაბამისი შესყიდვის სრულყოფილი დოკუმენტები. ამასთან, თუ რაიმე არ ჩაითვლებოდა სრულყოფილ დოკუმენტაციად, შემოსავლების სამსახური ასეთ შემთხვევაში ხარჯის დოკუმენტების მიუხედავად იყენებდა სიტუაციურ სახელმძღვანელოს №0256 და ხდებოდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დადგენა, რაც შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანებით არაა გათვალისწინებული და ზიანს აყენებს გადამხდელს.
მეორე, ასევე უმთავრესი საკითხი არის ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 ივლისის №256 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში, რომლითაც რეგულირდება ზემოაღნიშნული საქმიანობის სფერო. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მომჩივნის პრეტენზია დაკმაყოფილებული და ზიანი მიადგება გადამხდელს, ამასთან, მისი საქმიანობით სხვა გადამხდელებთან შედარებით დაუმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები, ითხოვს ზემოაღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით და მომჩივნის მიერ მოყვანილი არგუმენტაციის გათვალისწინებით და აუცილებლად მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 ივლისის №256 ბრძანების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი გადაანგარიშება (კორექტირება).
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება, სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №006-556 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლ მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ავტომობილის კატალიზატორები. მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში ნაწილობრივ წარდგენილ იქნა სააღრიცხვო მასალები. კერძოდ, წარდგენილ იქნა კატალიზატორების შესყიდვის აქტების მცირე ნაწილი, არასრული ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და ახსნაგანმარტებითი ბარათი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება განხორციელდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით, ხოლო შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №006-556 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 640 571 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 980 324 ლარი, ჯარიმა - 490 162 ლარი და საურავი - 170 085 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 ივლისის №256 ბრძანების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი გადაანგარიშება.
მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება, სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №006-556 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
2.მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
ფაქტობრივი გარემოებები
1.საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს,რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9)136 (3 ),101,105,154.