გადაწყვეტილება №95093/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 95093/1/2025
08 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 02.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 15.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/1/2025).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის N --- -1 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
2 475 508.55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 379 577 ლარი;
დღგ - 537 364 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 842 213 ლარი;
ჯარიმა - 689 789 ლარი;
საურავი - 406 142.55 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
საწარმოს საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.01.2021 წლიდან 01.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია ფუნქციონირებს 2020 წლის იანვრის თვიდან და აწარმოებს მზა პროდუქციას (სარესტორნო კერძებს). კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საწარმოო ნედლეულის (ყველი, ხორცი, და სხვა) დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებებით) შეძენა უფიქსირდება მცირე რაოდენობით. კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ხოლო საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირს არსებული შესყიდვის აქტები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის მასალების არ წარუდგენია. ვინაიდან კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიაში ვერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები.
ამდენად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2020 წლამდე იმავე რესტორანში მოქმედ კომპანიაში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის, ფიქსაციის აქტის (რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნა ფასნამატის გაანგარიშებისთვის), ასევე დათვალიერების, დაკვირვების და ქრონომეტრაჟის საფუძველზე, კერძოდ:
ა) შეძენილ საქონელზე, რომელსაც არ სჭირდებოდა დამუშავება ან კერძად მომზადება და პირდაპირ ხდებოდა მისი რეალიზაცია, გამოყენებული იქნა „ფასნამატის გავრცელების მეთოდი“. კერძოდ, დამუშავდა კომპანიის სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლო - მატერიალური მარაგები და მიენიჭა შესაბამისი კატეგორიები. გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელსაც გამოაკლდა კატეგორია „ნედლეულის“ თვითღირებულება. დარჩენილ რპთ-ზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებული ფასნამატი.
ბ) ცალკე გაანგარიშდა მზა პროდუქციის წარმოების პროცესიდან მიღებული შემოსავალი, რა დროსაც გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის (იმავე რესტორნის) აუდირებულ კომპანიაში ჩატარებული ქრონომეტრაჟის მონაცემები. დამუშავდა რესტორნის მენიუ ჩეკები და დადგინდა, რომ 1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე მზადდებოდა და იყიდებოდა 2.08 ლარის მზა პროდუქცია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კომპანიას საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. კომპანია აწარმოებდა მზა პროდუქციას (კერძებს), ხოლო ნედლეულის დოკუმენტური შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა არ განხორციელდა. კომპანიის მიერ გაწეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები (20% ხარჯის გათვალისწინებით), რაც განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 31.05.2024 წლის N 12928 ბრძანება და N --- --- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის N 20530 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის N 20530 ბრძანება;
3. პირველი და მე-2 დავის საგნების (საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება) ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის N 4229 ბრძანება და N --- --- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია:
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ რომლის საფუძველზეც 15 კალენდარულ დღეში უნდა წარედგინა მტკიცებულებები, თხოვნით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს ვადის გადაწევის თაობაზე უფლებამოსილი პირის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნიდან გამომდინარე, საკითხი ასევე განხილული იყო აუდიტორთან რომელსაც უნდა შეეტყობინებინა გადამხდელისთვის დააკმაყოფილებდა თუ არა შემოსავლების სამსახური ვადის გადაწევის შესახებ მიმართვას, რაც არ მომხდარა, გადამხდელთან შეთანხმების გარეშე მოხდა გადაანგარიშებული დასკვნის შედგენა. ასევე, საუბრობს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის არამართლზომიერებაზე.
ვინაიდან გადასახადი დარიცხულია არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე და აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც რადიკალურად შეცვლის დარიცხვის ოდენობას, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ამ მტკიცებულებების წარმოდგენის და განხილვის.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის N 20530 ბრძანება;
3. პირველი და მე-2 დავის საგნების (საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება) ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყო მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 05.03.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში არ განხორციელდა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებების წარდგენა. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ ინფორმაციაზე და სადავო საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა 26.12.2024 წელს და გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით - 10.02.2025 წელს, შესაბამისად, მომჩივანს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის ბოლო ვადა ჰქონდა 25 თებერვალს, აუდიტის დეპარტამენტმა საბჭოს 29.11.2024 წლის N -----/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად დასკვნა გამოსცა 05.03.2025 წელს, მტკიცებულებების წარდგენის ბოლო ვადიდან (25.02.2025 წელი) მე-8-ე დღეს, მიუხედავად ამისა, მომჩივანს, როგორც დასკვნის გამოცემამდე, ისე საჩივრის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენის და მიმდინარე პერიოდშიც საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ წარუდგენია რაიმე დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივანი დავების განხილვის საბჭოში თავდაპირველი საჩივრის წარმოდგენისას (23.10.2024 წელი) და საჩივრის ზეპირ განხილვაზეც განმარტავდა, რომ ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხებზე წარმოადგენდა დამატებით მტკიცებულებებს, რაზე დაყრდნობითაც მიიღო საბჭომ 29.11.2024 წლის N24175/2/2024 გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების შესახებ მომჩივნისათვის საჩივრის ზეპირი განხილვისასაც გახდა ცნობილი, ვინაიდან მხარეებს საბჭოს სხდომაზე გამოეცხადათ აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს საკმაო დრო ჰქონდა საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარსადგენად, თუმცა იგი საჩივრის განხილვის ამ ეტაპზეც კვლავ ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე სახის ინფორმაციას/მტკიცებულებას, რაც შესაძლოა მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, მოპასუხე ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების წარმოსადგენად დამატებითი ვადის მიცემის საჭიროების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის №24175/2/2024 გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ რომლის საფუძველზეც 15 კალენდარულ დღეში უნდა წარედგინა მტკიცებულებები, თხოვნით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს ვადის გადაწევის თაობაზე უფლებამოსილი პირის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნიდან გამომდინარე, საკითხი ასევე განხილული იყო აუდიტორთან რომელსაც უნდა შეეტყობინებინა გადამხდელისთვის დააკმაყოფილებდა თუ არა შემოსავლების სამსახური ვადის გადაწევის შესახებ მიმართვას, რაც არ მომხდარა, გადამხდელთან შეთანხმების გარეშე მოხდა გადაანგარიშებული დასკვნის შედგენა. ასევე, საუბრობს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის არამართლზომიერებაზე. ვინაიდან გადასახადი დარიცხულია არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე და აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც რადიკალურად შეცვლის დარიცხვის ოდენობას, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ამ მტკიცებულებების წარმოდგენის და განხილვის.
გადაწყვეტილება:
მომჩივანს, როგორც დასკვნის გამოცემამდე, ისე საჩივრის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენის და მიმდინარე პერიოდშიც საბჭოს 29.11.2024 წლის N 24175/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ წარუდგენია რაიმე დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება, შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 304 (21)