ბრძანება N 20788
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20788
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 29 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ------- (პ/ნ -------) №129798/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივლისის №EL218274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ გამოცხადებისას შემოწმდა ლუქი და დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ე.წ. ტროსი იყო მოშვებული და ლუქის დაზიანებისა და ახსნის გარეშე სატრანსპორტო საშუალება იყო შეღწევადი. მომჩივანი მიუთითებს, რომ არის მძღოლი და სატრანსპორტო საშუალების დალუქვის პროცესში მას არ აქვს მონაწილეობა მიღებული.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №------- და №------- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო შპს „-------“-ის (ს/ნ -------) კუთვნილი №----- საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (ხორბლის ფქვილი). აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებები გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ დანიშნულებით.
2023 წლის 28 ივლისს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ კონტროლის ზონაში. ავტომობილების ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ №------- სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის რეალური რაოდენობა სრულად შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებშ მითითებულს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 29 ივლისს შედგენილი №EL218274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ------- ჩაიბარა მის მიმართ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რაც დასტურდება შესაბამის გრაფებზე ხელმოწერით. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ, 2023 წლის 29 ივლისს სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ კონტროლის ზონა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივანი გადაადგილებდა სატრანსპორტო საშუალებას იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 29 ივლისის №EL218274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ფიზიკური პირის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო შპს კუთვნილი საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი.
ავტომობილების ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის რეალური რაოდენობა სრულად შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებშ მითითებულს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ფიზიკურ პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(1); 100(5); 163(1, 11);