გადაწყვეტილება №23680/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23680/2/2024
18 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------.“-ის 8.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23680/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით;
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №006-242 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17230 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 204 367,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 112 778
დღგ - 84 263
საშემოსავლო გადასახადი - 28 515
ჯარიმა - 59 074
საურავი - 32 515,55
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების იმპორტი (თურქეთი), შეძენა და რეალიზაცია ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 30 მაისის №12763 ბრძანება და ამავე თარიღის №006-242 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17230 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17230 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებულ იქნა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა (ორისი) და ა.შ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმებისთვის მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, კერძოდ „ორისში“ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლოს ერთიანი გატარებით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საწარმოს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაციები, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4176 ბრძანების საფუძველზე დანიშნული საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან საწარმო საქმიანობას ეწევა მხოლოდ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანების ფარგლებში საწარმოში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად 2024 წლის 27 თებერვლის მდგომარებით განისაზღვრა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 514 072 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, კერძოდ „ორისში“ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლოს ერთიანი გატარებით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინა, რომ საწარმოს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაციები, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4176 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, რადგან საწარმო საქმიანობას ეწევა მხოლოდ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანების ფარგლებში საწარმოში ასევე ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2024 წლის 27 თებერვლის მდგომარებით განისაზღვრა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. ხოლო, საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა დაიბეგრა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილში აღნიშნული რომელიმე წინაპირობა არ ფიქსირდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია საანგარიშო პერიოდის ბოლოს, მიჩნეულ იქნა მიღებული შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისათვის საკმარის საფუძვლად. როგორც აქტშია აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის მიხედვით - 60%-ით. გადამხდელისთვის უცნობია საიდან გამომდინარეობს 60%-იანი ფასნამატი, რამდენად შესაბამის ბაზარზე და შესაბამის პერიოდშია დადგენილი. აღნიშნული ფასნამატი გამოყენებულია 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საგადასახადო პერიოდებზე - რაც კიდევ მეტად აყენებს ეჭვის ქვეშ გამოყენებული ფასნამატის სამართლიანობას - რამდენად შესაძლებელია ერთი და იმავე ფასნამატის არსებობა როდესაც აღნიშნული დროის მონაკვეთში ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლებოდა (მათ შორის პანდემიური პერიოდი, როდესაც ბაზრობების საქმიანობა ხშირ შემთხვევებში შეზღუდული იყო და მომხმარებელიც ერიდებოდა ხალხმრავალ სივრცეებს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არასამართლიანადაა გამოყენებული როგორც არაპირდაპირი მეთოდი, ასევე ფასნამატის ოდენობა. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ, გადამხდელს არ წარდგენია რაიმე მტკიცებულება რის მიხედვითაც შეექმნებოდა წარმოდგენა გამოყენებული 60%-იანი ფასნამატის გაანგარიშების პრინციპებთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, კერძოდ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლოს ერთიანი გატარებით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
ამასთან შემოწმებით დადგენილია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4176 ბრძანების ფარგლებში საწარმოში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად 2024 წლის 27 თებერვლის მდგომარებით განისაზღვრა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ მსგავსი ფასნამატი (60%) ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე არ არსებობს და არც ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია შემმოწმებელს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილია საბოლოო ღირებულებები/საბაზრო ფასები და საბოლოო სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ნაშთები.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;
ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. ამასთან:
ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი და ვერც მისი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ ჯგუფზე, განსახილველ წელს, ხოლო, თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონტროლის ფასნამატი დადგინდა განსახილველი წლის ორ მომიჯნავე წელს, გამოიყენება ამ ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება „სხვა შემოწმების ფასნამატი“, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ვ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის და სხვა შემოწმების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მესამე პირების ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ზ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის, სხვა შემოწმების და მესამე პირების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება სხვა ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს საწესდებო კაპიტალსა (516 000 ლარი) და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ასევე, გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 2 095 ლარი. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესწავლილ იქნა სალაროში ფულის მოძრაობა რის შედეგადაც 22 თებერვლის მდგომარეობით ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 6 972 ლარი. სალაროში ფაქტობრივად არსებულ თანხასა და შემოწმებით დადგენილ თანხას შორის სხვაობა დაიბეგრა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილ შემოსავალსა და საწესდებო კაპიტალს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვის საკითხს, აქ გაურკვევლობას იწვევს თუ რატომაა ხელფასად აღნიშნული თანხა განხილული როდესაც ამ პრინციპით გაანგარიშებული თანხა წარმოადგენს კომპანიის საქმიანობიდან მიღებულ მოგებას და მეტად გონივრულია აღნიშნულის გაცემულ დივიდენდად და არა ხელფასად განხილვა.
ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე თვლის რომ უსაფუძვლოდ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, ასევე არასწორია ფასნამატის ოდენობა რის მიხედვითაც მოხდა ერთის მხრივ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბაზისა და მეორეს მხრივ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა. მისი თხოვნაა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაკორექტირებული შემოსავლების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17230 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-2 დავის საგნის ნაწილში, პირველი დავის საგნის ნაწილში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით;
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერები იყო არასრულყოფილი, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. ხოლო, საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა დაიბეგრა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საწარმოს საწესდებო კაპიტალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს შორის სხვაობის, ასევე ფაქტობრივად სალაროში არსებულ თანხასა და ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159;