გადაწყვეტილება №21623/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21623/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 17.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21623/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №006-415 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27150 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 141 644 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 82 420
დღგ - 3 472
მოგების გადასახადი - 13 263
საშემოსავლო გადასახადი - 65 685
ჯარიმა - 41 192
საურავი - 18 032
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია ახდენს ცხვრების იმპორტს -----დან და ადგილობრივ ბაზარზე შეძენას, დაკვლასა და ტანხორცის სახით მათ ექსპორტს -----ის ----- რესპუბლიკაში. გარდა ამისა, გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა სხვადასხვა საქონლის შეძენა-რეალიზაციას (გაყინული ცხვრის ცხიმი, ჩაი და სხვა). წარდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, გაუნაწილებელი მოგება და სალაროს ნაშთი არ გააჩნია. საწარმოს მიღებული შემოსავლები განისაზღვრა, როგორც ექსპორტით და ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებით, ასევე დაკვლის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით. შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხვრის ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები (ელექტრონულად). აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემების დაზუსტების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდის განმავლობაში შესყიდვის აქტში დაფიქსირებულ ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი ცხვრების შესახებ (მათ შორის აღნიშნულ პირებზე რეგისტრაცია მოხსნილი ცხვრების შესახებ). მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების სახელზე, 2019-2022 წლების პერიოდში, არ არის რეგისტრირებული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან ექსპორტის ფაქტი სახეზეა და შესყიდვის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელის მიერ ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულება განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით (რეალიზაციის თანხის 75%), რაც აღიარდა გადახდილ ხარჯად. გამოვლენილი შემოსავლისა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე შესაბამისად.
2. შემოწმებისათვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. გადამხდელის მიერ იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა არარეზიდენტებისთვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ამასთანავე, არ ფიქსირდება საბანკო გადარიცხვები საქონლის არარეზიდენტ მომწოდებლებთან. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №2641 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, აღნიშნულ სესხზე გამოანგარიშებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროცენტის თანხა, ჩაითვალა ფიზიკური პირების (დირექტორების) მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, პირს გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.11.2022 წლის №29370 ბრძანება და №006-520 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 9.08.2023 წლის №006- 415 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27150 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი არიან არარეზიდენტი პირები, კერძოდ, ------ის მოქალაქეები, ბანკების მიერ არ მოხდა კომპანიისთვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშების გახსნა, შესაბამისად საბანკო გადარიცხვის გზით ვერც რეალიზაციის თანხები ჩაირიცხებოდა და ვერც შესყიდვის თანხები გადაირიცხებოდა. საწარმოს მიერ ყველა კრედიტორული დავალიანება დაფარულია და განმარტავს, რომ ამის დამადასტურებლად წარმოადგენს ცხვრის მომწოდებელთან გაფორმებულ შედარების აქტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (დანართი N8) განსაზღვრულ მოთხოვნებს. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში არსად არ ფიქსირდება, რომ შედარების აქტი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, რომ კრედიტორისთვის თანხა არ არის გადახდილი არის აუდიტის დეპარტამენტის მხარეს. აღნიშნულის დასადასტურებლად დასკვნაში რაიმე არგუმენტი მოყვანილი არ არის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, ექსპორტზე გაყვანილი ცხვრების თვითღირებულების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
2. საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი, შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულების არარეზიდენტისთვის გადახდის დასადასტურებლად დავების ეტაპზე წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის (ურთიერთშედარების აქტი) გათვალისწინებით. შემოწმებით, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების არასათანადო წესით დამოწმებიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანმა ვერ შეძლო სათანადო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 9.08.2023 წლის №006- 415 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27150 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანმა ვერ შეძლო სათანადო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21 ნაწილი