გადაწყვეტილება №23007/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23007/2/2024
09 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23007/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის №024-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7295 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 244 984 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 143 740
ჯარიმა - 71 871
საურავი - 29 373
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრულ პროგრამის (ორისი) მონაცემების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა სალაროში ფულის უძრავი ნაშთი (მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარი). ამასთან, 2023 წლის 13 მარტს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი ნულოვანი მაჩვენებლით. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის წერილობითი ახსნაგანმარტებით, სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად.
ყოველივე აღნიშნულის (სააღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ მოწოდებული განმარტება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.04.2023 წლის №8833 ბრძანება და №024-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15128 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20359/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის საჭიროებდა დამატებით შესწავლას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) გათვალისწინებით. ამ მიზნით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15128 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 7 004 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 4 671 ლარით, ჯარიმა 2 333 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 13 თებერვლის №2979 ბრძანება და №024-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7295 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. გადაანგარიშებით დაკორექტირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული დასაბეგრი თანხა, სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით. შედეგად, შემცირდა დარიცხული თანხები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 24 აპრილის №8833 ბრძანების თანდართულ გაანგარიშებაში 1.01.2020 წლიდან 31.01.2023 წლამდე დარიცხულმა გადასახადმა შეადგინა 148 411 ლარი. გადაანგარიშების საფუძველზე 2020 წლის იანვრის თვის დარიცხვა შემცირებულია 6 ლარით, ანუ დასარიცხი თანხა კორექტირების შემდგომ შეადგენს 3 644 (3 650-6) ლარს. 2020 წლის თებერვლის თვიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიანად შემცირებულია დარიცხული თანხები, ხოლო 2023 წლის იანვრის მდგომარეობით დამატებით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 129 882 ლარი ანუ გადაანგარიშებით ახლად დარიცხულმა გადასახადმა შეადგინა 133 526 (3 644+129 882) ლარი.
ამდენად, გაურკვეველია, რატომ ერიცხება, გადასახადი 143 740 ლარი ნაცვლად 133 526 ლარისა. ხელმძღვანელობს რა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ გაანგარიშებებზე დაყრდნობით და მიღებული შედეგებით, იმედი აქვს ამ ჯერზე უფრო საფუძვლიანად მოხდება საკითხის შესწავლა და დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით. გადაანგარიშებით დაკორექტირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული დასაბეგრი თანხა და შეადგინა 718 709 ლარი. შედეგად, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 7 004 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 4 671 ლარით, ჯარიმა 2 333 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელისთვის გაურვეველი გადასახადის დარიცხვის მიზეზი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30352 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21)