ბრძანება N 2728
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2728
14.02.2023
"------" (ს/ნ --------)
(მის: ------- )
2023 წლის 11 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "-------" (ს/ნ ------- ) №3266/21-10-17 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 იანვრის №EL196837 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 9 იანვარს ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოაცხადა შესაბამის ორგანოში, სადაც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განხორციელდა საბაჟო ფორმალობა. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ "-------" (ს/ნ ---------) მიერ სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------) 2020 წლის 15 იანვრის №-------- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოქცეული იყო დროებით შემოტანის პროცედურაში 2023 წლის 8 იანვრამდე ვადით
ვინაიდან, "-------"-ის (ს/ნ-------) მიერ №------ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტში მოქცევა (შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ-------) რეექსპორტში მოექცა 2023 წლის 10 იანვარს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით №-------), გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 10 იანვარს შედგენილ იქნა №EL196837 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "--------" -ს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სამართალდარმღვევ პირს განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის მონაცემებით ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------) 2023 წლის 10 იანვარს დადეკლარირდა რეეექსპორტში №------- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის №------ (რეგისტრაციის №------) წერილით შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ 2023 წლის 9 იანვარს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოემსახურა იმ პირებს, ვისაც ესაჭიროებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურების გავლა. წერილში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებს შორის არის აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებაც (ს/ნ -------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------"(ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 10 იანვრის №EL196837 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.