გადაწყვეტილება №19629/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2023
№ დოკუმენტი 19629/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19629/2/2023

16.08.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19629/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 232 207 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 756

დღგ - 50 472

მოგების გადასახადი - 964

საშემოსავლო გადასახადი - 81 320

ჯარიმა - 65 996

საურავი - 33 455

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ბლოკის წარმოება/რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.09.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ნედლეული (ცემენტი, ქვიშაღორღი) სულ 29 429 ლარის ოდენობით (საბაზრო ფასი), ხოლო მიღებული დეკლარირებული შემოსავლები ამ ნაწილში შეადგენს 15 297 ლარს (საბაზრო ფასი). ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, არ წარადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შეძენილი ნედლეულიდან ნაწარმოები იქნა სამშენებლო ბლოკი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეცეპტების გამოყენებით) და შესაბამის პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ბლოკის სარეალიზაციო ფასი გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასის მიხედვით (სულ 19 294 ლარი, დღგის გარეშე). ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სამშენებლო მასალების და ავტონაწილების შეძენა, რაც ასევე ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

2. 2021 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სატრანსპორტო გადაზიდვების მომსახურების შეძენა/რეალიზაცია. კომპანია სატრანსპორტო მომსახურებას აწვდის ------- სახელმწიფო შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------), მიწოდებას ახორციელებს იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამასთან. გადასახადის გადამხდელს ამ პერიოდში შეძენილი აქვს სპეც. საგადასახადო ანგარიშფაქტურებით 176 089 ლიტრი საწვავი, მათ შორის დიზელი 174 047 ლიტრი, რომელიც გამოყენებულია ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევისას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და არაერთგზის მოთხოვნის (საგადასახადო კოდექსის 70-მუხლის შესაბამისად) მიუხედავად, არ წარადგინა ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები).

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ხორციელდება საქონლის/საწვავის ჩამოწერები კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული/მიღებული მომსახურების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ: დადგინდა გაწეული მომსახურების საშუალო ღირებულება ერთ რეისზე (160 ლარი) და მასზე გახარჯული საწვავის (დიზელი) რაოდენობა (13-დან-21 ლიტრამდე), რაც გათვალისწინებული იქნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო დარჩენილი საწვავის რაოდენობიდან გაანგარიშდა რეისების რაოდენობა (საშუალოდ ერთ რეისზე-18 ლიტრი) და დოკუმენტური ფასის გათვალისწინებით, დადგინდა გაწეული მომსახურების ღირებულება. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №41649 ბრძანება და №006-1062 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის მოხმარების ნორმის შესახებ, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 504 373 ლარით, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის №09/04 დასკვნის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ექსპერტის დასკვნა, აღნიშნული დასკვნით ავტომობილები საშუალოდ ერთ რეისზე წვავს 32.97 ლიტრ დიზელის საწვავს, ხოლო ავტომობილების დატვირთვაზე დასაქმებული ექსკავატორები: 1) VOLVO EC290C NL - გამოშვებული 2010 წელს, ერთ საათში წვავს 22.5 ლიტრს, ნამუშევარი აქვს 704 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 15 840 ლიტრს 2) CAT 3200 - გამოშვებული 2011 წელს, ერთ საათში წვავს 21.25 ლიტრს, ნამუშევარი აქვს 568 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 12 212 ლიტრს; 3) HYNDAI R220LC-9A - გამოშვებული 2014 წელს, ერთ საათში წვავს 18.75 ლიტრს, ნამუშევარი აქვს 608 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 11 400 ლიტრს; 4) DOSSAN DX300LC7K - გამოშვებული 2015 წელს, ერთ საათში წვავს 18.75 ლიტრს, ნამუშევარი აქვს 648 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 12 150 ლიტრს. აქედან გამომდინარე, ექსკავატორების მიერ გახარჯული საწვავი შეადგენს 51 602 ლიტრს.

აღნიშნული საწვავის ხარჯი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული. კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში შეიძინა 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ კომპანიას შეძენილი აქვს 174 046.51 ლიტრი დიზელის საწვავი, აღნიშნული შეცდომა გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას 2021 წლის 1 სექტემბერს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: ეა ------- და ეა ------- შეძენილი აქვს 2 299 ლიტრი საწვავი, აღნიშნული შეძენა არ შედის შესამოწმებელ პერიოდში და მისი ხარჯვა არ უნდა შედიოდეს შესამოწმებელ პერიოდში. საჩივარს თან ერთვის შესამოწმებელ პერიოდში სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავი. სწორედ 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავიდან ექსკავატორების მიერ, ექსპერტიზის თანახმად, გახარჯული აქვს 51 602 ლიტრი საწვავი, დარჩენილი 120 145.5 ლიტრი საწვავი გახარჯული იქნა ავტოტრანსპორტით შესრულებულ გადაზიდვებზე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რასაც ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტი, ერთ რეისზე საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 32.97 ლიტრს, ხოლო 120 145.5 ლიტრი საწვავით შესრულდებოდა (120 145.5/32.97)=3644 რეისი. აუდიტის დეპარტამენტმა ერთი რეისის ღირებულება დაადგინა 160 ლარი, აქედან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში ამონაგები შეადგენს (160X3644) = 583 053.68 ლარს, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დააფიქსირა 831 655.6 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს დიზელის საწვავის ხარჯი, რომელიც კომპანიამ დახარჯა ექსკავატორებზე, რომელიც კომპანიას იჯარით ქონდა აღებული, რაც დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და ექსკავატორების იჯარის თანხები გადახდილია კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების ჩამონათვალი თან ერთვის საჩივარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საწვავის ხარჯვის დროს გაითვალისწინოს კომპანიის მიერ ექსკავატორების მიერ დახარჯული დიზელის საწვავი, მოახდინოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და შესაბამისად, ამ მიზეზით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:

1. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეძენილი სამშენებლო მასალებისგან სამშენებლო ბლოკის წარმოებას, ასევე სამშენებლო მასალების და ავტონაწილების რეალიზებულად განხილვის ნაწილში, დაექვემდებარა შემცირებას დღგ-ის ნაწილში 2 488 ლარის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 4 097 ლარის ოდენობით;

2. კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 11 ოქტომბერს წარადგინა ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის დასკვნა №09/04, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას დღგ-ის ნაწილში 124 827 ლარის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 204 583 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნული დასკვნით ავტომობილები საშუალოდ ერთ რეისზე წვავს 32.97 ლიტრ დიზელის საწვავს, მისი გაანგარიშებით ექსკავატორების მიერ გახარჯული საწვავი შეადგენს 51 602 ლიტრს და რომ აღნიშნული საწვავის ხარჯი არ არის გათვალისწინებული 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში შეძენილად დაფიქსირებულია 174 046.51 ლიტრი დიზელის საწვავი, აღნიშნული შეცდომა გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას 2021 წლის 1 სექტემბერს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 2 299 ლიტრი საწვავი, რომელიც არ შედის შესამოწმებელ პერიოდში და მისი ხარჯვა არ უნდა შედიოდეს შესამოწმებელ პერიოდში. 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავიდან ექსკავატორების მიერ, ექსპერტიზის თანახმად, გახარჯული აქვს 51 602 ლიტრი საწვავი, დარჩენილი 120 145.5 ლიტრი საწვავი გახარჯული იქნა ავტოტრანსპორტით შესრულებულ გადაზიდვებზე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად. მოითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საწვავის ხარჯვის დროს გაითვალისწინოს კომპანიის მიერ ექსკავატორების მიერ დახარჯული დიზელის საწვავი, მოახდინოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და შესაბამისად, ამ მიზეზით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ავტომობილებზე საწვავის წვის ნორმა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული იქნა ავტომობილებზე, მაგრამ არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ თითქოსდა 174 046 ლიტრი საწვავი იქნა შეძენილი. საწვავის შეძენა ხდებოდა სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, შესამოწმებელი პერიოდი იყო 1 სექტემბრამდე, მაგრამ ამ რიცხვში, ასევე 30-31 აგვისტოს შეძენებიც არ უნდა ჩართულიყო და ამ გაანგარიშებით 4000 ლიტრამდე საწვავი შეძენა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რადგან, მაგალითისათვის 31 აგვისტოს შეძენილ საწვავს იმ დღესვე ვერ გახარჯავდა. როცა საწვავის ხარჯით ახდენს შემმოწმებელი რეისების განსაზღვრას აღნიშნული უნდა იქნეს გათვალისწინებული და გაანგარიშებაში არ უნდა იყოს ჩართული. ყოველივე ცხრილის სახითაც არის წარმოდგენილი, rs-ზეც არის ატვირთული და მარტივად გადასამოწმებელია და სხვა შედეგი მიიღება, ვიდრე შემოწმების აქტით და გადაანგარიშების დასკვნითაა მოცემული. ხელშეკრულებები დადებულია ჩინურ კომპანიასთან, რომელიც რიკოთზე, გზის მშენებლობაზე მუშაობს, ამ ხელშეკრულებით მიწა უნდა გადაიტანოს და მის ტრანსპორტირებას ახდენს კომპანია, სასაქონლო ზედნადებებს ვერ წერს, თვითონ ჩინური კომპანია აკონტროლებს რამდენი კუბ.მ. მიწა გადაიტანა. ექსპერტიზის დასკვნაში გაანგარიშებულია საწვავის წვის ნორმა ექსკავატორებზე, რომელიც არ აქვს აუდიტის დეპარტამენტს გამოყენებული გადაანგარიშებაში. როგორც სიტყვიერად აუხსნეს, თითოეულ რეისზე ნაანგარიშებია 160 ლარი, მისი გაანგარიშებით 3 200 რეისია განხორციელებული, რაც დაახლოებით 530 000 ლარია, ხოლო შემოწმებით 850 000 ლარია დაბეგრილი. ითხოვს ექსკავატორებზე, რომელიც იჯარით ქონდა აღებული და აღნიშნული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება, გახარჯული საწვავის გათვალისწინებას. ამგვარად მისი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: დიზელის საწვავი, რომელიც არ არის შეძენილი და გახარჯული შესამოწმებელ პერიოდში (ეხებს 1 სექტემბერს, 30-31 აგვისტოს შეძენებს) მისი ხარჯვა არ უნდა შედიოდეს შესამოწმებელ პერიოდში, ექსკავატორებზე გაწეული საწვავის ხარჯი არ არის გათვალისწინებული, აღნიშნული მოცემულია ექსპერტიზის დასკვნაში და აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, ხოლო შემოწმების მიერ დადგენილი რეისზე გაანგარიშებით 160 ლარის პირობებში მის მიერ განხორციელებულ 3 200 რეისზე გამოდის დასაბეგრი 530 000 ლარი, ნაცვლად აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი 850 000 ლარისა. ყავდა მხოლო ორი დამკვეთი ჩინური კომპანია და შპს -------, სხვა დამკვეთი არ ყოლია, აუდიტის დეპარტამენტი კი ზედმეტ შემოსავალს ანგარიშობს და თუ რჩება ზედმეტი საწვავი, აღნიშნული ჩაითვალოს არა ეკონომიკურ ხარჯად და არა მომსახურებად, ანუ მიდის უკიდურეს შემთხვევაში ასეთ კომპრომისზეც, თორემ მიაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა მომხდარიყო დარიცხვა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ჩინური კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელშიც მითითებულია რომელმა მანქანამ (სახელმწიფო ნომერი, მარკა, მოდელი), პერიოდების მიხედვით რამდენი რეისი შეასრულა, სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია რომ გამოწერილია 1 სექტემბერს, მაგრამ მიწოდება განხორციელებულია აგვისტოში, ამდენად გაუგებარია რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ 1 ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით საწვავის ოდენობა არის 174 233 ლიტრი, ანუ თავად გადასახადის გადამხდელი ანგარიშობს ასე, რაც შეეხება ექსკავატორებს, მხოლო ორზე დაადგინეს, რომ იჯარით ქონდა აღებული.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი სრულად არ შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ხორციელდება საქონლის/საწვავის ჩამოწერები კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ წარადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი სრულად არ შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161