გადაწყვეტილება №21407/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21407/2/2023
03 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 24.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21407/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 სექტემბრის №006-452 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27261 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 328 970 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 185 816
დღგ - 160
მოგების გადასახადი - 160 681
საშემოსავლო გადასახადი - 24 975
ჯარიმა - 126 113
საურავი - 17 041
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32270 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესწავლით დადგინდა, რომ სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელზე/დირექტორზე გაცემულია ფულადი სახსრები, რომელიც პერიოდულად იზრდება. გონივრულ ვადაში არ ხდება აღნიშნული თანხის დაბრუნება ან/და გახარჯვა. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო პროცენტის სახით მიღებული სარგებელი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად განისაზღვრა ყოველთვიურად სალაროდან ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- საწარმოს საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებებით სხვადასხვა პირებისთვის გაწეულია სატრანსპორტო - ტვირთის გადაზიდვის მომსახურება. აღნიშნული მომსახურებები არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. აღნიშნული მომსახურებები, მომჩივნის მიერ განმარტებული საბაზრო ღირებულებების შესაბამისად, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- საწარმოს საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებებით სხვადასხვა პირებისთვის, მ/შ კომპანიის დირექტორისთვის გაწეულია სატრანსპორტო - ტვირთის გადაზიდვის მომსახურებები. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, რადგან აღნიშნული თანხები არ არის ასახული განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 სექტემბრის №21700 ბრძანება და №006-452 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 328 970 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 4 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ნოემბრის №27261 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27261 ბრძანებით, მომჩივნის მიერ 2023 წლის 4 ოქტომბერს წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმას და ითხოვს მის პატიებას, ძირითადი თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.
ამასთან, აღნიშნავს, რომ გაგზავნილია შეთანხმება 188 000 ლარზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 126 113 ლარის ოდენობით.
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის პატიებას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
- შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესწავლით დადგინდა, რომ სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელზე/დირექტორზე გაცემულია ფულადი სახსრები, რომელიც პერიოდულად იზრდება. გონივრულ ვადაში არ ხდება აღნიშნული თანხის დაბრუნება ან/და გახარჯვა. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო პროცენტის სახით მიღებული სარგებელი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად განისაზღვრა ყოველთვიურად სალაროდან ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.
- საწარმოს საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებებით სხვადასხვა პირებისთვის გაწეულია სატრანსპორტო - ტვირთის გადაზიდვის მომსახურება. აღნიშნული მომსახურებები არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. აღნიშნული მომსახურებები, მომჩივნის მიერ განმარტებული საბაზრო ღირებულებების შესაბამისად, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
- საწარმოს საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებებით სხვადასხვა პირებისთვის, მ/შ კომპანიის დირექტორისთვის გაწეულია სატრანსპორტო - ტვირთის გადაზიდვის მომსახურებები. აღნიშნული მომსახურებები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, რადგან აღნიშნული თანხები არ არის ასახული განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275, 291, 269(7).