ბრძანება N 17276

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2023
№ დოკუმენტი 17276
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17276

17 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17695/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 28 იანვრის №15573/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №081-432 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარადგინა ქვეკონტრაქტორების მიერ შერულებული სამუშაოების პირველადი დოკუმენტაცია. განმარტავს, რომ იგი სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ახორციელებდა შემოღობვის სამუშაოებს, რისთვისაც გააფორმა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორებთან, თუმცა პირველადი დოკუმენტაცია ამოღებული იყო საგამოძიებო სამსახურის მიერ შპს „-------“ და შპს „-------“-ს შორის არსებულ ფინანსურ დავასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ადასტურებს ------- მუნიციპალიტეტთან წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გადამხდელს მიეცა თანხმობა ქვეკონტრაქტორების მეშვეობით სამუშაოების წარმოებაზე. აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადების წარმომავლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7916 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41826 ბრძანება და ამავე თარიღის №081–432 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 88 065 ლარი, მათ შორის გადასახადი 52 396 ლარი, ჯარიმა 26 298 ლარი და საურავი 9 371 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 22 ივლისის №19523 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 7 ოქტომბრის №17695/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №19523 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17695/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, „საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ხარჯი ორჯერ მეტი აქვს ვიდრე ტენდერიდან მიღებული შემოსავალია. ასევე დადგინდა, რომ ქვეკონტრაქტორებს მასალები არ ჰქონდათ შეძენილი. ამასთან, ქვეკონტრაქტორების მიერ მომსახურების გაწევის ოპერაციის ნამდვილობა არ დასტურდება.

ზემოაღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, „დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე გადახდილი ჰქონდა მომსახურების ანაზღაურების თანხები, თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 წლის დეკემბრის თვეში გამოწერა ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თანხით 103 592 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 15 802 ლარი) და ბანკში ჩარიცხული აქვს ავანსის თანხა 44 396 ლარი, თუმცა საწარმოს აღნიშნული ოპერაციების შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია. ასევე, გადამხდელმა, როგორც ავანსის, ასევე, საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სრულად მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

ზემოაღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ------- მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებული ჰქონდა 148 340 ლარის ღირებულების სამუშაოები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული სამუშაოები გადამხდელმა შეასრულა ქვეკონტრაქტორების შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საშუალებით. ქვეკონტრაქტორებმა ------- მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის საწარმოს გამოუწერეს 117 646 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) მომსახურების ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (შპს „-------“ 58823 ლარი და შპს „-------“ 58 823 ლარი). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხა საწარმომ სრულად ჩაითვალა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ შპს „-------“ არ უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა, შპს „-------“-ს ------- მუნიციპალიტეტში არ ჰქონდა საქონლის გადაზიდვის დოკუმენტები, ხოლო შპს „-------“ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასრულებელ ობიექტზე მიტანილი და გახარჯული ჰქონდა 107 345 ლარის საქონელი, რაც ასევე, დასტურდებოდა ------- მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ექსპერტიზის დასკვნითაც. საწარმოს ზემოაღნიშნული მიღებული მომსახურების შესაბამისი თანხა არ გადაუხდია. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება/ჩაბარება, შესრულებული სამუშაოების ანგარიში) არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დადგინდა მიღებული მომსახურების განხორციელების და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა 17 946 ლარის ოდენობით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისთვის (შემოწმების დროს ვერ მოხდა ფიზიკური პირების იდენტიფიცირება) ანაზღაურებული ჰქონდა მომსახურების თანხა 40 462 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდილი თანხა კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებით, ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხა, 40 462 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 წლის დეკემბრის თვეში გამოწერა ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ--------, თანხა 103 592 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 15 802 ლარი) და ბანკში ჩარიცხული აქვს ავანსის თანხა 44 396 ლარი, თუმცა გადამხდელს აღნიშნული ოპერაციების შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საწარმომ 2020 წლის ივლისში შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ავ------- საფუძველზე ჩაითვალა დღგ 1 792 ლარი, ხოლო საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერა 2020 წლით აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზეც სრულად მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, 1 792 ლარით შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ საწარმოს ------- მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებული ჰქონდა 148 340 ლარის ღირებულების სამუშაოები. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, საწარმომ სამუშაოები შეასრულა ქვეკონტრაქტორების საშუალებით, რაზეც ქვეკონტრაქტორებმა გამოუწერეს 117 646 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) მომსახურების ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორს, შპს „-------“ არ უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა, ხოლო მე-2 ქვეკონტრაქტორს - შპს „-------“ ------- მუნიციპალიტეტში არ ჰქონდა საქონლის გადაზიდვის დოკუმენტები. ამასთან, გადამხდელს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასრულებელ ობიექტზე მიტანილი და გახარჯული ჰქონდა 107 345 ლარის საქონელი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული მომსახურების შესაბამისი თანხა არ გადაუხდია. ასევე, საწარმოს ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დადგინდა მიღებული მომსახურების განხორციელების და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული აქვს შპს „-------“ და შპს „-------“-ს, თუმცა ბიუჯეტში თანხის გადახდა არ ფიქსირდება და დღეის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ ორივე კომპანიას ერიცხება დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია, ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ.) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ გადამხდელს ფიზიკურ პირებზე გადახდილი ჰქონდა მომსახურების ანაზღაურების თანხები, თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 წლის დეკემბრის თვეში გამოწერა ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თანხით 103 592 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 15 802 ლარი) და ბანკში ჩარიცხული აქვს ავანსის თანხა 44 396 ლარი, თუმცა საწარმოს აღნიშნული ოპერაციების შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია. ასევე, გადამხდელმა, როგორც ავანსის, ასევე, საბოლოო საგადასახადო-ანგარიშ-ფაქტურით სრულად მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას

2. გაუგებარია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადების წარმომავლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ქვეკონტრაქტორების საშუალებით. ქვეკონტრაქტორებმა საწარმოს გამოუწერეს მომსახურების ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხა საწარმომ სრულად ჩაითვალა. შემოწმების მიმდინარეობისას, საწარმოს ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დადგინდა მიღებული მომსახურების განხორციელების და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საწარმოს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად.

2. საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული ჰქონდა მომსახურების თანხა, თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდილი თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებით, ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხა, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით საწარმოს გამოწერილი აქვს ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ოპერაციების შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლა, როგორც ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154; 275; 291; 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161; 173; 174