გადაწყვეტილება №20536/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20536/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20536/2/2023).
დავის საგანი:
1. გაცემულ დივიდენდზე კვალიფიკაციის შეცვლა და ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №054-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17652 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 361 038 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 195 126
დღგ - 4 219
საშემოსავლო გადასახადი - 189 816
ქონების გადასახადი - 1 091
ჯარიმა - 100 550
საურავი - 65 362
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33416 ბრძანება და №054-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გაცემულ დივიდენდზე კვალიფიკაციის შეცვლა და ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები კომპანიის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სახელფასო განაცემები, რომლებიც დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან.
საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 142-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები. კომპანიას სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფორმა №2 და ა.შ) შესაბამისად განსაზღვრული აქვს ხელფასის სახით განაცემების ფიქსირებული ოდენობა (შრომითი დანახარჯი კაც/სთ-ების ოდენობების შესაბამისად). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია დივიდენდი (2008-2017 საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან და დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით). შემოწმების მიერ, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგადაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები გატანილი აქვს დივიდენდის დანიშნულებით. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კანონმდებლობის დაცვით, დივიდენდის სახით შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს 2008-2017 წლებში მიღებული დაგროვილი წმინდა მოგება. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე, წარმოადგენს ცხრილის სახით კომპანიის მიერ 2010-2016 წლებში გადახდილი მოგების გადასახადისა და წმინდა მოგების გაანგარიშების ცხრილს და აღნიშნავს, რომ ხსენებულ პერიოდში მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი აქვს 179 094 ლარი.
შემოწმების მიერ, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაგროვილი მოგებიდან, 2017 წლის შემდგომ პერიოდში განაწილებული დივიდენდის კვალიფიკაციის შეცვლა და მისი როგორც გადახდილ ხელფასად აღიარება არასწორ ქმედებად და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევად მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
- თუ განაწილებულ დივიდენდს შევუცვლით კვალიფიკაციას და დაიბეგრება როგორც ხელფასი საშემოსავლო გადასახადით გამოვა, რომ წინა პერიოდებში გადასახადით დაბეგრილი თანხა ხელმეორედ დაიბეგრება, რაც არამართლზომიერია და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაა;
- დაუსაბუთებელია სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტებში არსებული მონაცემები ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია რეალური სახელფასო ფონდისაგან. უფრო მეტიც, რიგ სატენდერო დოკუმენტაციაში, შესასრულებელი სამუშაოების მონაცემებში სახელფასო ფონდი არ არის გამოცალკავებული მასალების ღირებულებებისგან და მოცემულია გამსხვილებული მუხლების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსრულებელს თავად ეძლევა საშუალება თავისი კომერციული მიზნების შესაბამისად განსაზღვროს და გაანალიზოს სახელფასო ფონდი, ასევე არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევას პროექტის ღირებულების ფარგლებში ხელფასის ფონდის ცვლილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ გაცემულ დივიდენდს, 367 77 ლარის ოდენობით, არ უნდა შეეცვალოს კვალიფიკაცია და არ უნდა დაიბეგროს დამატებით საშემოსავლო გადასახადის 20%-ით, ვინაიდან ის უკვე დაბეგრილია. შესაბამისად, უნდა გადაანგარიშდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და უნდა შემცირდეს 91 944 ლარით, შესაბამისად უნდა მოხდეს მასზე დაკისრებული ჯარიმასაურავებს გაუქმება.
კომპანია ყოველთვის პირნათლად იხდიდა საბიუჯეტო გადასახადებს, დაარსების დღიდან, ჩათვლის გარეშე, ჯამურად გადახდილი აქვს გადასახადები 1 092 124 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს დამატებით დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან.
მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დაეკისრა ჯარიმა შპს ---------- (შესრულების ვადების გადაცილების მიზეზს ძირითადად ხელოვნურად შექმნილი ბარიერები წარმოადგენდა, ჭიანურდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება) 279 759.35 ლარის ოდენობით, რაზედაც დარიცხული დღგ გადახდილი იქნა კომპანიის მიერ. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე კომპანიას ყავდა ქვეკონტრაქტორები, რომლებიც ასრულებდნენ ძირითად სამუშაოებს, შესაბამისად ხელფასი, რომელიც მოცემულია ხარჯთაღრიცხვებში, უნდა გაეცათ ქვეკონტრაქტორებს. მართალია ქვეკონტრაქტორებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლად ობიექტების შესრულება და კომპანიას მოუწია გარკვეული ხარჯების გაწევა, რაც ძირითადად გამოიხატებოდა მასალების, ტექნიკის მომსახურების და საწვავის მიწოდებით. შესაბამისად, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და იძულებული შეიქნა თანხები გაეტანა დივიდენდის სახით.
ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და დამატებით დარიცხული თანხებისა და ჯარიმასაურავებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სახელფასო განაცემები, რომლებიც დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფორმა №2 და ა.შ) შესაბამისად განსაზღვრული აქვს ხელფასის სახით განაცემების ფიქსირებული ოდენობა (შრომითი დანახარჯი კაც/სთ-ების ოდენობების შესაბამისად). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია დივიდენდი. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები გატანილი აქვს დივიდენდის დანიშნულებით. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა.
აუდიტის დეპარტამენტი 15.08.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დივიდენდის სახით გაცემული აქვს 482 474 ლარი, ხოლო ჩათვლილი მოგების გადასახადი შეადგენს 75 613 ლარს. შემოწმებით კი დადგინდა, რომ 482 474 ლარის ნაცვლად დივიდენდად გასაცემი თანხა შეადგენს 70 486 ლარს, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლაც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ. ამდენად, სხვაობის თანხა განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ამგვარად, საქმესთან არსებულ მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 100 550 ლარი და განესაზღვრა საურავი 65362.31 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, აღნიშნავს, რომ ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხი ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხიმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გაცემულ დივიდენდზე კვალიფიკაციის შეცვლა და ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სახელფასო განაცემები, რომლებიც დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფორმა №2 და ა.შ) შესაბამისად განსაზღვრული აქვს ხელფასის სახით 4 განაცემების ფიქსირებული ოდენობა (შრომითი დანახარჯი კაც/სთ-ების ოდენობების შესაბამისად). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია დივიდენდი. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები გატანილი აქვს დივიდენდის დანიშნულებით. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა. აუდიტის დეპარტამენტი წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დივიდენდის სახით გაცემული აქვს 482 474 ლარი, ხოლო ჩათვლილი მოგების გადასახადი შეადგენს 75 613 ლარს. შემოწმებით კი დადგინდა, რომ 482 474 ლარის ნაცვლად დივიდენდად გასაცემი თანხა შეადგენს 70 486 ლარს, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლაც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ. ამდენად, სხვაობის თანხა განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ასევე ვინაიდან სანქცია არის პასუხიმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275;