გადაწყვეტილება №20142/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20142/2/2023
03 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ს 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20142/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №005-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13960 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 48 308 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 29 004
დღგ - 15 754
მოგების გადასახადი - 10 071
საშემოსავლო გადასახადი - 3 079
ჯარიმა - 12 177
საურავი - 7 127
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №005-155 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის არსებობის პირობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შესყიდული მასალების ნაწილის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაავრცელოს დაზუსტებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, შესაბამისი პერიოდების დეკლარაციები და შემცირებულ იქნა შესაბამის პერიოდში დარიცხული გადასახადის თანხები ნაწილობრივ, covid 19-თან დაკავშირებული შეღავათების გათვალისწინებით. ამასთან, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა იჯარის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მომჩივანი 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდებში იჯარით ფლობდა ------------- ტერიტორიაზე ავტოფარეხს 245 კვ.მ ფართობით, რომელსაც იყენებდა სასაწყობედ. შესაბამისად, შემოწმების მიერ, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდში ------------ მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულებული საქონლის გადაზიდვები მიჩნეულ იქნა მიზნობრივად და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, დანარჩენ მისამართებზე წარდგენილი არგუმენტაცია შემოწმებამ არ მიიჩნია საკმარისად.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №005-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის 13960 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამატებითი მტკიცებულებები, რაც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გადაანგარიშდა შესყიდული მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებში განხორციელებული დარიცხვა და დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, ნაწილობრივ შემცირებულ იქნა შესაბამის პერიოდში დარიცხული გადასახადის თანხები, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის შედეგად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაფუძნდა 2019 წელს და გეგმავდა სამშენებლო ბიზნესში აქტიურ საქმიანობას. კომპანიამ თავიდანვე დაიქირავა სამშენებლო სფეროში არსებული კვალიფიციური კადრები და დირექტორის ხელმძღვანელობით გეგმავდა მსხვილ პროექტებზე მუშაობას. პირველი დაკვეთა მიიღო „------------“-გან, ----------- რაიონში პროფესიული სკოლისა და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ. სკოლის დონორები არიან ისეთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები როგორებიცაა: -------------, სოფლის განვითარების სააგენტო და სხვა, შესაბამისად პროცესს წინ უძღოდა რთული მოლაპარაკებები. განხორციელებული პროექტის ღირებულებამ შეადგინა 5 500 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა - 420 000 ლარი. მშენებლობისთვის საჭირო ინვენტარის/მასალების შესაძენად კომპანიის კაპიტალში შეტანილია თანხა (კერძოდ 30 000$ აშშ დოლარი) დამფუძნებლის მიერ. ასევე, დამფუძნებლის მიერ ადგილი არ ჰქონია კაპიტალის შემცირებას, მათ შორის არც დივიდენდის გატანას. შემოწმების აქტის მიხედვით, აუდიტორის მიერ თავდაპირველად 82 000 ლარის შესყიდვა არ ჩაითვალა მიზნობრივად. გასაჩივრების შედეგად აღნიშნული დაექვემდებარა გადაანგარიშებას და საბოლოო ბრძანების საფუძველზე შეადგინა 68 100 ლარი. აღნიშნული სია შედგება 280 პოზიციისგან. ინვენტარი აბსოლუტურად არის შესაბამისობაში განხორციელებულ მშენებლობის პარამეტრებთან. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილი 43 052 ლარის საქონელზე სასაქონლო ზედნადები გამოწერილია კომპანიის იურიდიული რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც ასევე წარმოადგენს დამფუძნებლის საკუთრებას საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად. ხოლო 25 048 ლარზე ზედნადების დასრულების ადგილი მითითებულია -----------, და სხვა. მშენებლობა ხორციელდებოდა თბილისიდან მოშორებით რთულ რეგიონში, -----------, სოფელ ----------. შესაბამისად რთული იყო შეძენილი მარაგების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მაღაზიების მიერ. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა შესყიდული ინვენტარის მიტანას აღნიშნულ მისამართებზე და შემდეგ ეტაპობრივად, კომპანიის მიერ ხდებოდა დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება. ტრანსპორტირების განსამტკიცებლად კომპანიას ასევე წარმოდგენილი აქვს საწვავის ჩასხმების ბარათები, რის მიხედვითაც დაფიქსირებულია საწვავის ჩასხმები ------------ტერიტორიაზე. შემოწმების პერიოდში შემმოწმებლის მიერ საწვავის მიზნობრიობის საკითხი მხედველობაში არ არის მიღებული.
ზემოთხსენებულ ოპერაციაზე, კერძოდ შეძენილი მასალების ტრანსპორტირებაზე, ბუღალტრის დაუდევრობის გამო, არ გაწერილა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები. შემმოწმებელმა აღნიშნული სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც რეალურად დაკაპიტალიზებულია სკოლის მშენებლობაზე, რაზეც დამატებით ასევე წარდგენილია ფოტომასალა მტკიცებულების სახით, სრულად მიიჩნია დამფუძნებლის სარგებლად. ცალსახაა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო ბუღალტრის შეცდომით, რადგან არ განახორციელა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების გაწერა. მიუთითებს, რომ შიდა გადაზიდვასთან დაკავშირებით ზედნადები იწერება საქონლის ტრანსპორტირებისას, როდესაც ადგილი აქვს საქონლის მიწოდებას. შესაბამისად, მიაჩნია, რომ რადგან თავის შინაარსით სასაქონლო ზედნადები არის ტრანსპორტირების დოკუმენტი, ხოლო უშუალოდ ტრანსპორტირების მომენტში კომპანიის სახელზე ჯარიმა არ გამოწერილა, დაუსაბუთებელია ამ მიზნით ობიექტზე დაკაპიტალიზებული მარაგების ეჭქვეშ დაყენება და მით უფრო დამფუძნებლის სარგებლად განხილვა (რადგან განხორციელებულია 5 500 000 ლარის პროექტი, კომპანიას მიღებული აქვს დაფინანსება სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი წყაროებიდან და ასევე, დამფუძნებლის მიერ ადგილი აქვს კაპიტალის ზრდას მასალების შესაძენად).
ასევე, საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, რომელიც მითითებულია საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში (წესდებაში, ხელშეკრულებაში, დებულებაში). მიუთითებს, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ვერ ნახა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის იურიდიული მისამართი არ უნდა ემთხვეოდეს დამფუძნებლის საკუთრებაში არსებული ქონების მისამართს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არ ყოფილა რაიმე სახის სამართალდარღვევა. ყველა ეს შესყიდვა განხორციელებულია გამჭირვალედ და ანგარიშსწორება მომხდარია საბანკო ანგარიშიდან, კომპანიას სხვა მოტივაცია, რომ ჰქონოდა წვრილმან შესყიდვებსაც კი საბანკო ანგარიშით არ განახორციელებდა. ყველა ინვენტარის არსებობა მტკიცდება ვიზუალურადაც წარმოდგენილი აქვს ფოტომასალა.
საგადასახადო ორგანო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით უფლებამოსილია, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული სამართალდარღვევა სწორედ აღნიშნულ შემთხვევას უკავშირდება, რადგანაც ის ბუღალტრის შეცდომით იყო გამოწვეული და კომპანიას ინფორმაციის დაფარვისა და გადასახადის შემცირების მოტივი არ ჰქონდა. ამრიგად მიაჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, ფიქრობს, რომ მომჩივანი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული, როგორც გადასახადის თანხის, ისე ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის არსებობის პირობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). შესყიდული მასალების ნაწილის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაავრცელოს დაზუსტებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტები, შესაბამისი პერიოდების დეკლარაციები და შემცირებულ იქნა შესაბამის პერიოდში დარიცხული გადასახადის თანხები ნაწილობრივ, covid 19-თან დაკავშირებული შეღავათების გათვალისწინებით.
ამასთან, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა იჯარის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მომჩივანი 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდებში იჯარით ფლობდა ------------ ტერიტორიაზე ავტოფარეხს 245 კვ.მ ფართობით, რომელსაც იყენებდა სასაწყობედ. შესაბამისად, შემოწმების მიერ, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდში ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულებული საქონლის გადაზიდვები მიჩნეულ იქნა მიზნობრივად და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, დანარჩენ მისამართებზე წარდგენილი არგუმენტაცია შემოწმებამ არ მიიჩნია საკმარისად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1392 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა იჯარის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მომჩივანი 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდებში იჯარით ფლობდა ავტოფარეხს 245 კვ.მ ფართობით, რომელსაც იყენებდა სასაწყობედ. შესაბამისად, შემოწმების მიერ, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდში დასრულებული საქონლის გადაზიდვები მიჩნეულ იქნა მიზნობრივად და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, დანარჩენ მისამართებზე წარდგენილი არგუმენტაცია შემოწმებამ არ მიიჩნია საკმარისად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;97(1ბ);983(1);159(1ა);309(112):