ბრძანება N 24121

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24121
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24121

13 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 2 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №92667/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №005-144 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაციას, სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთსა და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და აცხადებს, რომ არასწორია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეურნეო ოპერაციის სესხად დაკვალიფიცირება. ასევე არასწორია სესხზე დარიცხული პროცენტიც, რადგან ხელშეკრულებაში პროცენტი განსაზღვრულია მხოლოდ პირგასამტეხლოს მიზნებისთვის 0,15%-ის ოდენობით. მიითითებს, რომ სასამართლოს გზით მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული არ არის, რაც მას მოცემული უფლების რეალიზების საშუალებას აძლევს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

2. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №15994 და 10 სექტემბრის №20084 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 სექტემბრის №20042 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი ოქტომბრის №21469 ბრძანება და ამავე თარიღის №005-144 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 82 086 ლარი, მათ შორის გადასახადი 44 903 ლარი, ჯარიმა 24 808 ლარი და საურავი 12 375 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 19 ნოემბერს. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ძირითადად ------- იმპორტი/ექსპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია - შპს „-------“ (-------, -------).

კომპანიას 2022 წლის 29 დეკემბრის კონტრაქტის შესაბამისად, 2023 წლის იანვრის თვეში გადარიცხული აქვს ავანსი არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (------- (-------) 242 910 ლარის (90 000 აშშ დოლარი) ოდენობით, ხოლო 2023 წლის 18 აპრილს დაბრუნებული აქვს 25 198 ლარი (10 000 აშშ დოლარი). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად წლიური 8.63%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, თანხის დაბრუნების პერიოდში მიღებული თანხა დაექვემდებარა ჩათვლაში ასახვას.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს 2022 წლის 29 დეკემბრის კონტრაქტის შესაბამისად, 2023 წლის იანვარში, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადარიცხული აქვს ავანსი 242 910 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 2023 წლის 18 აპრილს დაბრუნებული აქვს 25 198 ლარი. საგულისხმოა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და არც თანხა დაუბრუნებია, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 215 152 ლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად ავანსის სახით 2023 წლის იანვარში არარეზიდენტ პირზე გადარიცხული აქვს 242 910 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს, ამასთან, არ ფიქსირდება ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონლის მიღება/თანხის დაბრუნება და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაცია, სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთი და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

2. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას კონტრაქტის შესაბამისად, 2023 წლის იანვრის თვეში გადარიცხული აქვს ავანსი არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის 242 910 ლარის (90 000 აშშ დოლარი) ოდენობით, ხოლო 2023 წლის 18 აპრილს დაბრუნებული აქვს 25 198 ლარი (10 000 აშშ დოლარი). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად წლიური 8.63%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, თანხის დაბრუნების პერიოდში მიღებული თანხა დაექვემდებარა ჩათვლაში ასახვას.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 269(7)