ბრძანება N 16787
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16787
16 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 13 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 13 ივლისის №90700/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №159-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9121 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 ივლისიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13775 ბრძანება და 13 ივნისის №159-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 105 173 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 329 ლარი, ჯარიმა 33 883 ლარი, საურავი 2 961 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----------“-ის საქმიანობაა (საცალო და საბითუმო) ვაჭრობა შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ---------- ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭურჭელი, ელ. ინვენტარი, სათამაშოები). შემოწმების პროცესში შედგა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია, მოთხოვნილი იქნა ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების პროცესში არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დამუშავდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის დაფუძნების დღიდან დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 826 409 ლარს, ხოლო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტებაში გაცხადებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის გათვალიწინებით (207 520 ლარი), შეადგენს 740 114 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს საქონელი შეძენილი აქვს იმპორტის გზით -------- და ---------. დოკუმენტური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია 529 490 ლარი (დღგ-ის გარეშე). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. კერძოდ: შეუძლებელია რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რითაც დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი. შედეგად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც საშუალოდ შეადგენს 50%-ს. შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლის თანხები ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაეზარდა ჩასათვლელი დღგ 366 ლარით (იჯარის ოპერაციის ფაქტურებზე არ ჰქონდა ჩათვლა მიღებული).
ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 161- ე მუხლების თანახმად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობაა (საცალო და საბითუმო) ვაჭრობა შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით. დამუშავდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მიღებული შემოსავლები. გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც საშუალოდ შეადგენს 50%-ს. შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლის თანხები ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაეზარდა ჩასათვლელი დღგ.
ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275(2);