ბრძანება N 11136

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 11136
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11136

19.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“ )

(მის.: „--------“ )

2023 წლის 11, 12 და 13 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) №; № „--------“ და № „--------“საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 თებერვლის №021-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ გადასახადი დარიცხულია საგადასახადო ვალდებულებების იმ ნაწილში, რომელი ნაწილიც უკვე შემოწმებულია. აცხადებს, რომ სადავო საკითხს წარმოადგენდა შემოწმების აქტის შესწავლა M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის და ამის გამო, გადამხდელისათვის დღგ-ის ზედმეტად დარიცხვის ნაწილში. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა ამავდროულად იგივე თანხის დარიცხვა განახორციელა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია 2011-2014 წლების საანგარიშო პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 თებერვლის №021-10 და 2017 წლის 9 თებერვლის №021-31 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სალდირებულად არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 თებერვლის №021-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ :

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 20 ნოემბრის №8903/2/14 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი არის M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა რეგულირებული შიდასაქალაქო გადაყვანის მომსახურების ნებართვის მფლობელი და სანებართვო მოწმობებით განსაზღვრულ ფარგლებში მომსახურებას ახორციელებს ნებართვის მესამე პირზე გადაცემის გარეშე, შესაბამისად, მძღოლის მიერ მგზავრებისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს და საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციას არამართლზომიერად მიეცა სანებართვო უფლების გადაცემის და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კვალიფიკაცია.

საბჭომ მიიჩნია, რომ 20.11.2015 წლის №8903/2/14 გადაწყვეტილებით მძღოლის მიერ მიღებული მგზავრობის ღირებულება ჩაითვალა კომპანიის შემოსავლად, ხოლო სადავო ოპერაცია არ იქნა მიჩნეული სანებართვო უფლების გადაცემად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად უზრუნველყოფილ უნდა იქნას აუდიტის დეპარტამენტის 05.02.2016 წლის №021-10 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება), თანმდევი შედეგებით.

საბჭოს მიაჩნია, რომ 20.11.2015 წლის №8903/2/14 გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად არ განხორციელებულა. ამიტომ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №12337 და 2017 წლის 5 მაისის №12109 ბრძანებები და საჩივრები განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.”

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 1 თებერვლის დასკვნით შესწავლილია გასაჩივრებული საკითხი. ვინაიდან მძღოლის მიერ მგზავრისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს საწარმოს შემოსავალს, შესაბამისად M2 კატეგორიის ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა მომსახურებისას დღგ-ით უნდა დაიბეგროს არა მძღოლის მიერ საზოგადოებისათვის გადახდილი „გეგმიური შენატანი", არამედ თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის მომსახურების ღირებულება სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების საფუძველზე. კერძოდ, გამოკითხულ იქნა M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მათი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯები (ხელფასი), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაზრდა. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა 30 336 ლარით, ასევე შემცირდა მოგების გადასახადი 8 681 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 39 016 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, საწარმოს შემოსავლები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების მიხედვით. კერძოდ, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით, ასევე გაანგარიშდა საწვავის ხარჯი და გეგმიური შენატანის ოდენობა. სხვაობა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ შემოსავალს, საწვავის ხარჯსა და გეგმიურ შენატანს შორის ჩაითვალა საწარმოს მიერ მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა 30 336 ლარით, ასევე შემცირდა მოგების გადასახადი 8 681 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 39 016 ლარით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს

ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არის M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა რეგულირებული შიდასაქალაქო გადაყვანის მომსახურების ნებართვის მფლობელი და სანებართვო მოწმობებით განსაზღვრულ ფარგლებში მომსახურებას ახორციელებს ნებართვის მესამე პირზე გადაცემის გარეშე, შესაბამისად, მძღოლის მიერ მგზავრებისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს და საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციას არამართლზომიერად მიეცა სანებართვო უფლების გადაცემის და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კვალიფიკაცია.

მძღოლის მიერ მიღებული მგზავრობის ღირებულება ჩაითვალა კომპანიის შემოსავლად, ხოლო სადავო ოპერაცია არ იქნა მიჩნეული სანებართვო უფლების გადაცემად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73 (5,9),304-(2'1)