გადაწყვეტილება №22794/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22794/2/2024
04 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 6.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22794/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16965 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №077-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 მარტის №5836 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 978 269 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 515 032
დღგ - 204 842
საშემოსავლო გადასახადი - 310 190
ჯარიმა - 256 884
საურავი - 206 353
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9708 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა. სმფ-ები არ აღირიცხებოდა არანაირი ფორმით. შესაბამისად, დარღვეული იყო საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 45%-ზე მეტს შეადგენდა. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთებოდა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენდა 7 942 ლარს, უკან დაბრუნებული ჰქონდა 3 015 ლარი. ასევე, კომპანია არ ანაწილებდა მოგებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე- 5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, თითოეული ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე (მთლიანი რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატი - 25%), მიღებული შემოსავლები განაწილდა საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მიღებულ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედგენისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და სალაროს ნაშთები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26058 ბრძანება და №077–27 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 280 773 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 11 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 27.02.2023 წლის №3697 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარდგენილი მტკიცებულებებისა და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3697 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის დასკვნა, 31.05.2023 წლის №12068 ბრძანება და №077-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 13.07.2023 წლის №16965 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16965 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის დასკვნა, 29.12.2023 წლის №33910 ბრძანება და №077-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 369 455 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 978 269 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 მარტის №5836 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ სმფ-ების მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთის შესახებ წლების ჭრილში (2019 წლის საწყისად მითითებულია 131 464 ლარი და საბოლოოდ - 644 000 ლარი) წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. საწარმოს შეუმცირდა გადასახადი და მის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, დარიცხული ჯარიმა-საურავის მოხსნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს ეს საკითხი 2023 წლის 29 ივნისის საჩივარში სადავო გარემოებად არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ არის ასახული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №16965 ბრძანებაში. ამდენად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მხრიდან გაანგარიშებაში დაშვებულია უზუსტობა, მათ შორის, მარჟის ოდენობის გაანგარიშებაში. ამის შედეგად კომპანიას დაერიცხა არარეალური თანხა საშემოსავლო გადასახადში და დღგ-ში. გარდა ამისა, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა-საურავი, რომელიც გადასახადის თანხის დაახლოებით 90%-ს შეადგენს. მომჩივანი ითხოვს გადაიხედოს საბოლოო საგადასახადო მოთხოვნა და გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16965 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშებისთვის გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთის შესახებ წლების ჭრილში. წლების განმავლობაში საბოლოო ნაშთი სტაბილურად მზარდია. მომჩივნის განმარტებით, მზარდი ნაშთი განპირობებულია ბრუნვის ზრდით, რაც ასევე ასახულია დეკლარირებულ მონაცემებში. შედეგად, აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 369 455 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 245 882 ლარი და ჯარიმა - 123 573 ლარი.
მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავის გაუქმებას. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16965 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მხრიდან გაანგარიშებაში დაშვებულია უზუსტობა, თუმცა არ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან/და არგუმენტირებულ დასაბუთებას, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16965 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშებისთვის გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთის შესახებ წლების ჭრილში. წლების განმავლობაში საბოლოო ნაშთი სტაბილურად მზარდია. შედეგად, აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(1გ)