გადაწყვეტილება №21501/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 21501/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21501/2/2023

08 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21501/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №081-133 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28063 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 214 966 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 196

დღგ - (-25 026)

მოგების გადასახადი - 67 184

საშემოსავლო გადასახადი - 68 366

ქონების გადასახადი - (-2 328)

ჯარიმა - 70 091

საურავი - 36 679

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მაისის №12287 ბრძანების საფუძველზე 2022 წლის 17 მაისს საწარმოში ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, სალაროში არსებულმა ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. გადამხდელის საბუღალტრო პროგრამის და დამოწმებული სალაროს ამონაწერის მიხედვით, იმავე თარიღში ბუღალტრულმა ნაშთმა შეადგინა 184 240 ლარი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. 2017 წლამდე მომჩივნის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა სასურსათო საქონლით ვაჭრობა, ხოლო 2017 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდიდან უფიქსირდება საავანსო შემოსავლების მიღება საცხოვრებელი ფართების წინარე ნასყიდობით რეალიზაციის ფარგლებში.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ფიქსირდება საწესდებო კაპიტალი 361 683 ლარი, გაუნაწილებელი მოგება – 140 223 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კი მომჩივანი ამცირებს საწესდებო კაპიტალს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე სალაროდან ნაღდი ფულის გაცემით.

გადასახადის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარდგენილი სხვა მასალების ანალიზით, გაუნაწილებელი მოგების ოდენობა გაიზარდა წარდგენილ საბუღალტრო ნაშთთან შედარებით.

ამდენად, ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი. ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის საწყისი წმინდა მოგების გაანგარიშება, რის მიხედვითაც დადასტურდა შემოწმებით გამოვლენილი რისკების რეალობა (კერძოდ, არადეკლარირებული დივიდენდის სალაროდან გაცემა და არარეზიდენტი მიმწოდებლისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვა დაგვიანებულად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან - კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით და ა.შ.).

კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ კრების ოქმები და ზოგადი ახსნაგანმარტება. გარდა ამისა, აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებ-გვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალი ნულის ტოლია. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საწარმოს აქტივების და ვალდებულებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით კომპანიის მიერ 2019-2021 წლებში დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის მე-8, 130-ე, 154-ე და 981 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. გადამხდელს ასევე, განესაზღვრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე საფუძველზე გამოიცა 8.12.2022 წლის №31014 ბრძანება და №081- 251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №7800 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას, რომლის საფუძველზე წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №081-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28063 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე, სადავო საკითხის, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N9) შესაბამისად შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავოდ დაყენებული თემები და მათი ზოგადი ხასიათი არ გახლდათ სწორი და სადავო, იმიტომ, რომ რამდენადაც შემდეგ კონკრეტულად შეისწავლა ყველა საქმის გარემოება, გაეცნო ყველა განმარტებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც სვამდა კითხვას შემმოწმებელი, მეორეს მხრივ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა და სადავო საკითხი ეფუძნება ერთ კონკრეტულ ქმედებას, რომელიც განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ანგარიშიდან შემოწმებამდე 2 დღით ადრე მოხდა კონკრეტული თანხის გატანა, რომლის რაოდენობაც შეადგენს 27494 ლარს და რომელიც შემდგომში შემმოწმებელმა განიხილა ნაშთად, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს მოცემული საკითხის უფრო დეტალურად გავლასა და შესწავლას, რათა დადგინდეს რეალური გადასახდელი თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულ 5.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა სალაროს ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებით (2023 წლის 3 ივლისამდე მოქმედი) დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნული ბრძანების მე-11 მუხლის თანახმად, ფაქტიური ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლა სხვა განაცემად შეიძლება განხორციელდეს გადამხდელის განმარტების შესაბამისად, გარდა ამ მეთოდური მითითების N10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, კერძოდ: „ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, კვალიფიცირდება, როგორც მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი (სარგებელი).“ აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან, სალაროს დანაკლისი შემოწმებით გამოვლენილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამასა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფაქტობრივად დადგენილ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობით.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს იმის თაობაზე, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულ 5.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა სალაროს ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებით (2023 წლის 3 ივლისამდე მოქმედი) დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნული ბრძანების მე-11 მუხლის თანახმად, ფაქტიური ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლა სხვა განაცემად შეიძლება განხორციელდეს გადამხდელის განმარტების შესაბამისად, გარდა ამ მეთოდური მითითების N10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, კერძოდ: „ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, კვალიფიცირდება, როგორც მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი (სარგებელი).“ აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან, სალაროს დანაკლისი შემოწმებით გამოვლენილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამასა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფაქტობრივად დადგენილ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობით. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს იმის თაობაზე, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.