ბრძანება N 18238

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2026
№ დოკუმენტი 18238
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18238

12 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 24 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 71) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 103645/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის N EL321831 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქცია წარმოადგენს უკიდურესად მძიმე და დისპროპორციულ ფინანსურ ტვირთს. მისი მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად. ადგილი ჰქონდა მძიმე შეცდომასა და არასწორ დეკლარირებას, თუმცა ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების ბოროტი განზრახვა არ ქონია. მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედება თავისი შინაარსით უფრო მეტად ექცევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მოქმედების სფეროში, რადგან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის მითითებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ქმედების საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 18 ივლისს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მეშვეობით -----, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით, შემოტანილ იქნა ამანათები ----- რომლის მიმღებს წარმოადგენს ფ/პ ----- (პ/ნ ----- ). საქონლის მიმღების მიერ წარდგენილი N ----- ინვოისების და ზედდებულების - ------ საფუძველზე, საფოსტო გზავნილის გადამზიდავის მიერ შეივსო საბაჟო დეკლარაცია ფორმა N -----/----- 23.07.2026;, რომლითაც დეკლარირებულია ლეპტოპი 1 ცალი (სეს ენ კოდით 8471, საბაჟო ღირებულებით 1658.51 ლარი) და ფლეისთეიშენი 1 ცალი (სეს ენ კოდით 9504, საბაჟო ღირებულებით 1683.83 ლარი). აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

ამანათების დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული 3342.34 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ნაცვლად აღმოჩენილ იქნა: 3 ცალი - ლეპტოპი, 1 ცალი - აიპადი, 1 ცალი - მიკროფონი, ხოლო 1 ცალი ფლეისთეიშენი ამანათში არ იყო. ----- მიერ შემდეგ წარდგენილი ინვოისების ----- თანახმად, საქონლის ღირებულებამ შეადგინა 3066.73 აშშ დოლარი.

ვინაიდან ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 23 ივლისს შედგენილ იქნა N EL321831 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (პ/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6716.06 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

N -----/----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა N 4-ში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 8315.90 ლარი, ხოლო ----- იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 1496.86 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;

საბაჟო დეკლარაციაში იგულისხმება დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიო ჩაწერა);

დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია;

დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ო“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100 არ აღემატება, ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში;

ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ქმედება იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა 167-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, თუ მის მიერ დეკლარირებული საქონლის შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა გამოიწვევდა იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში ამანათში დამატებით განთავსებული იყო არადეკლარირებული საქონელი. ამდენად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და შესაბამისად, მომჩივნის მიერ ჩადენილია საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, ქმედების საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანს, საბაჟო კონტროლის გავლის დროს ამანათებში დეკლარირებულისგან განსხვავებული საქონელი აღმოაჩნდა. ამის გამო პირს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო საქონლის გადაფასების შედეგად დამატებით დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168; 163; 73;.