გადაწყვეტილება №18979/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18979/2/2023
23.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ს“ 27.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18979/2/2023).
დავის საგანი:
ქონებაზე ყადაღის დადება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №036-501 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №956 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 30.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №036-501 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №036-501 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №956 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 30.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----- ---------ის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია №--------------- სისხლის სამართლის საქმე საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების და ქონების მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამჟამად ხსენებულ საგამოძიებო დანაყოფში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ბრალეულ პირთა დასადგენად, ჩატარებულია არაერთი საპროცესო მოქმედება - მოწმეთა გამოკითხვები, აუდიტორული და სარევიზიო შემოწმებები, შესწავლილია არაერთი საბანკო გადარიცხვა, ამონაწერები და სხვა ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდებოდა ყოფილი დირექტორის ------ --------ას კომპანიაში მოღვაწეობის პერიოდში. სწორედ მისი მხრიდან თავისი უფლება-მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების და კომპანიის საწინააღმდეგო მოქმედებების, გაკოტრების მცდელობის და კომპანიისთვის უდიდესი ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტებზე მიმდინარეობს აღნიშნული გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----------- -----------ის საგამოძიებო სამმართველოში.
აღნიშნული პირი 6.06.2022 წელს განთავისუფლებულია დირექტორის თანამდებობიდან და დღეის მდგომარეობით კომპანიის დირექტორია კომპანიის დამფუძნებელი. კომპანიის ყოფილი დირექტორის სავარაუდო დანაშაულებრივი, გამიზნული ქმედებების შედეგად - არამიზნობრივი და კომპანიის გაკოტრებისკენ მიმართული საბანკო სესხების აღების გამო კომპანია უდიდეს დავალიანებებშია.
გამოძიების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის ივნისის თვიდან დღემდე გამოძიების მიერ ამოღებულია არაერთი გასხვისებული ტექნიკა, დაზიანებული და ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, დაბრუნებულია არაერთი გასხვისებული მოძრავი თუ უძრავი ქონება და არცერთი თეთრი კომპანიის ანგარიშზე არ შესულა ხსენებული ქონების რეალიზაციის შედეგად.
უდიდესი რაოდენობის თანხებია კომპანიის ანგარიშებიდან გაფლანგული და მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საგამოძიებო ორგანოების თვალის ახვევის მიზნით სიმბოლური თანხების ჩარიცხვა დაიწყეს დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირებმა კომპანიის ანგარიშზე, რაც არის საგამოძიებო ორგანოსთვის თვალის ახვევის და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობა.
ამჟამად კომპანია საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების დახმარებით ცდილობს, დაიბრუნოს მიტაცებული და გასხვისებული მოძრავი თუ უძრავი ქონება, რათა კომპანიამ შეძლოს ფუნქციონირების დაწყება და მუშამოსამსახურეთა დასაქმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №956 ბრძანება და ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №036-501 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
დადგენილია, რომ მომჩივანს სადავო აქტების გამოცემის მომენტში და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
მომჩივნის არგუმენტი, რომ კომპანიის დავალიანება გამოწვეულია ყოფილი დირექტორის დანაშაულებრივი, გამიზნული ქმედებების შედეგად, რის გამოც უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №956 ბრძანება და ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №036- 501 ბრძანება, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება ვერ დაედება საფუძვლად აღნიშნული აქტების გაუქმებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 30.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება.
ამგვარად, ვინაიდან მომჩივანს 30.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.